07.08.2011

 

 

 

 

 

ჩემპიონის შესაფერისი სტარტი

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა გამართა. ქვეყნის ჩემპიონმა ქუთაისში გამართულ იმერულ დერბიში პრინციპული მეტოქე ადგილობრივი ”ტორპედო” დამსახურებულად დაამარცხა.

 

ორი იმერული კლუბის შეხვედრის დაწყებამდე გუნდების კაპიტნებმა სევასტი თოდუამ და ზურაბ მამალაძემ ქვეყანაში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების აღსანიშნავად, ეროვნული ჰიმნის ჰანგების თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს. ამის შემდეგ კი ქუთაისის ცენტრალურ არენაზე წუთიერმა დუმილმა დაისადგურა - სტადიონზე მყოფმა საზოგადოებამ პატივი სამი წლის წინ გარეშე მტრის შემოსევის შედეგად დაღუპულ გმირთა სულებს მიაგო.

თავად იმერული დერბი, იმის მიუხედავად, რომ სტუმრებს ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზის გამო აკლდათ, პირველივე წუთებიდან ზესტაფონელთა აშკარა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. იგრძნობოდა, რომ სეზონის დასაწყისს გუნდები სხვადასხვა სათამაშო კონდიციებში ხვდებიან და შეხვედრის უკვე 15-ე წუთზე რატი წინამძღვრიშვილმა თავისი გუნდის ეს უპირატესობა გატანილ გოლშიც ასახა. მარგველები ანგარიშში დაწინაურების შემდეგაც აქტიურობდნენ და ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს მასპინძელთა კართან, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოახერხეს - 40-ე წუთზე მიზანს ზაალ ელიავას შორეულმა გასროლამ მიაღწია. აქვე უნდა ითქვას, რომ მეორე გოლის ეპიზოდში ზესტაფონელებმა ქუთათურთა მცველისაგან ასხლეტილი რიკოშეტით იხეირეს.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა - მარგველები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ მასპინძელთა კართან და ამ მომენტებს გასაოცარი ”სტაბილურობით” ანიავებდნენ. სტუმართა ასეთმა ”ხელგაშლილობამ” მატჩის დასკნითი ნაწილი დაძაბა - 78-ე წუთზე ზესტაფონელთა მცველის საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად გიორგი მეგრელაძემ აქცია, რასაც მალევე მსაჯთან კამათისათვის ჯაბა დვალის გაძევება დაემატა და დიდი უპირატესობით მატჩის მოგებისა და საქმის ბოლომდე მშვიდად მიყვანის ნაცვლად, ზესტაფონელებს მატჩის ”ეპილოგში” სასურველი ანგარიშის შესანარჩუნებლად გვარიანი ”ოფლისღვრა” დასჭირდათ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრებმა საქმე საერთო წარმატებამდე მაინც მიიყვანეს - ზესტაფონელთა პირველი წარმატება ახალ სეზონში - 2-1.

 

07.08.2011. ”ტორპედო” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” - 1-2

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005