ადრი კოსტერი: “ზესტაფონი” “ყარაბაღზე” ძლიერი იქნება”
ბელგიური “ბრიუგეს” ჰოლანდიელმა თავკაცმა ადრი კოსტერმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ზესტაფონს” არ იცნობს, თუმცა შედეგებიდან გამომდინარე, “ყარაბაღზე” ძლიერ გუნდად მიიჩნევს. გეცოდინებათ, “ზესტაფონი”-“ბრიუგე” ევროპის ლიგის ფლეი ოფში შეხვდებიან ერთმანეთს, მანამდე კი ბელგიელებმა გიორგი ადამიას “ყარაბაღი” გამოთიშეს – შინ 4:1 იმარჯვეს, სტუმრად 0:1 წააგეს.
- “ბრიუგეს” კიდევ ერთი შორეული მოგზაურობა ელის...
- დიახ. მართალია, საქართველო შედარებით ახლოსაა, ვიდრე აზერბაიჯანი, მაგრამ მაინც. მგზავრობა ერთია და პლუს, უცნობი მეტოქე შეგვხვდა. “ზესტაფონს” კვირას საქართველოს ჩემპიონატის მატჩი აქვს (ქუთაისში “ტორპედოსთან” – რედ.) და იქ ჩვენს წარმომადგენელს გავაგზავნით დასაკვირვებლად. “ყარაბაღმა” აზერბაიჯანში სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, “ზესტაფონი” კი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი, ამიტომაც, მომავალ მეტოქეს აზერბაიჯანელებზე ძლიერად მივიჩნევ. “ზესტაფონმა” თითქმის თანაბრად ითამაშა ავსტრიის ჩემპიონ “შტურმთან” და ესეც რაღაცას ნიშნავს. ყველა შემთხვევაში, ქართველთა რეალურ ძალაზე ჯერ წარმოდგენა არ მაქვს.
- შეიძლებოდა, გაცილებით უარესი ვარიანტი ყოფილიყო კენჭისყრისას...
- რა თქმა უნდა. ბოლოს ისე იყო, ან “ჰანოვერი” უნდა შეგვხვედროდა, ან “ზესტაფონი”. გერმანელებთან გაცილებით რთული ბრძოლა იქნებოდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროპული ფეხბურთი შემოდგომა-ზამთარშიც გაგვიგრძელდეს. მჯერა, ასეც მოხდება. თანაც, მოგზაურობა ძალიან მიყვარს.
უფრო ვრცლად ადრი კოსტერზე: 56 წლისაა და ფეხბურთელობისას “როდასა” (1977-1979) და პსვ-შიც (1979-1983) უთამაშია, პლუს 1978 წელს 3 მატჩი ჩაატარა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში, ოღონდ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
კოსტერმა მწვრთნელობა 1985 წელს დაიწყო პსვ-ს თავკაცის ასისტენტად, შემდეგ იყო “ვილემ II”-ში, “როდაში”, “ჰელმონდში”, “ტოპ ოსში”, “ექსელსიორში”, “ვენლოში”, “ვალვაიკში”, ‘აიაქსის” დუბლებსა და ახალგაზრდულ გუნდში, ხოლო “ბრიუგეს” 2009 წლიდან წვრთნის.
შეხსენებისთვის, “ბრიუგე” გასულ სეზონში მე-4 ადგილზე გავიდა ჩემპიონატში. “შავ-ლურჯებმა” ბოლოს 2005 წელს იჩემპიონეს და საერთოდაც, ეს ის “ბრიუგე” აღარაა, 90-იან წლების ბოლოს და 2000-2005 წლებში რომ იყო – ამიტომაც, ზედმეტი შიში და ვაი-ვიში არაა საჭირო.
|