დუბლიორთა ტურნირის წარმატებული სტარტი
2011 წლის 6 აგვისტოს სტარტი აიღო საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირმა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ქუთაისში ადგილობრივი ”ტორპედოს” მეორე გუნდს ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თ. გრიგალაშვილი, ფერაძე, მნათობიშვილი (ლურსმანაშვილი, 46), გაგოშიძე, კიკნაველიძე, გეწაძე (ფოცხვერაშვილი, 77), ჭანკოტაძე (გაჩეჩილაძე, 64), სარდალიშვილი, ღირდალაძე (შარვაძე, 68), ლომია.
იმერული კლუბების დუბლიორთა შეხვედრა პირველივე წუთებიდან ზესტაფონელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა, ამის მიუხედავად, შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და შეხვედრის 54-ე წუთზე საბა ლომიამ თავისი გუნდი დააწინაურა. ანგარიშში დაწინაურების შემდეგ მარგველები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს ქუთათურთა კართან, მაგრამ ვერცერთი ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენეს და როგორც ეს ფეხბურთში ხშირად ხდება, ამის გამო დაისაჯნენ კიდეც - 63-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ ანგარიში საყაიმო გახადა, ხოლო 73-ეზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გიორგი კუხიანიძემ უკვე ტორპედოელები დააწინაურა.
სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ისინი არ გატეხა და მატჩის დასკვნით ნაწილში მათ ”ტორპედოს” დუბლიორთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს. ”საენდშპილო” აქტიურობამ შედეგი მაინც გამოიღო - 84-ე წუთზე ბერდია შარვაძემ ანგარიში ისევ საყაიმო გახადა, ხოლო 89-ე წუთზე საბა ლომიამ თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ზესტაფონელთა პირველი წარმატება ახალ სეზონში - 3-2.
|