06.08.2011

 

 

 

 

 

დღეს საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი იწყება

 

 

 

 

 

 

 

ახალი საფეხბურთო სეზონი ოთხი ქართული გუნდისათვის ("ზესტაფონი", "დინამო", "მეტალურგი", "გაგრა") უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე დანარჩენებისათვის; და აი, დღეიდან კი უმაღლესი ლიგის 12-ვე გუნდი "ათთვიან მარათონში" ჩაებმება - მცხეთის განახლებულ "არმაზის" სტადიონზე "ვიტ ჯორჯიასა" და "ბაიას" შეხვედრით საქართველოს XXIII ჩემპიონატი დაიწყება!



ნებისმიერი ახალი სეზონის დაწყებას ახალი იმედით ვხვდებით: მუდამ იმას ვნატრობთ, რომ ახალი ჩემპიონატი წინაზე უკეთესი იყოს, გათამაშება საინტერესოდ წარიმართოს, საეჭვო თამაშების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირებულიყოს, ახალ-ახალი "სახეები" გამოჩენილიყოს, ტრიბუნებზე (განსაკუთრებით - თბილისში) ქომაგების სიმრავლე ყოფილიყოს და ასე შემდეგ. მოკლედ, მოლოდინი არის და ახლა ჯერი უკვე ფეხბურთელებზეა; მით უფრო, რომ XXIII ჩემპიონატი ახლებური სისტემით ტარდება და გათამაშების ფორმატის შეცვლამ, წესითა და რიგით, პირველობა ბევრად საინტერესო (გნებავთ, დამაინტრიგებელი) უნდა გახადოს. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ვთქვათ, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზარდა - ათის ნაცვლად 12 კლუბი იასპარეზებს.

12-გუნდიანი ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორ წრედ ჩატარდება და გაზაფხულზე, 4 მარტს დასრულდება. აი, ამის მერე კი მართლაც საინტერესოზე-საინტერესო "ამბები" გველოდება: პირველი ეტაპის მიხედვით 8 საუკეთესო გუნდი მედლებისათვის ბრძოლას "ცალკე" გააგრძელებს! თანაც, ამ რვა გუნდს მეორე ეტაპზე მხოლოდ ის ქულები გადაჰყვებათ, პირველ ეტაპზე ერთმანეთში რომ მოიპოვებენ; აი, რაც შეეხება დარჩენილ ოთხ გუნდს (ანუ, პირველ ეტაპზე IX, X, XI და XII ადგილებს რომ დაიკავებენ), ამათთვისაც "ცალკე" ტურნირი იწყება, ოღონდ ამ ოთხეულს პირველი ლიგის საუკეთესო ოთხი გუნდი დაემატება. "ზედა რვიანისა" არ იყოს, "ქვედა რვიანის" გუნდებიც მეორე ეტაპზე ორ წრედ ითამაშებენ, ოღონდ არსებითი განსხვავება მაინც იქნება: არც უმაღლესი და არც პირველი ლიგის გუნდებს პირველ ეტაპზე მოგროვილი ქულები აღარ გადმოჰყვება და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ტურნირსაც ეს რვავე გუნდი ნული ქულით დაიწყებს.

მოკლედ, პირველ ეტაპს ყველა განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მიუდგეს; განსაკუთრებით კი ეს "საშუალო კატეგორიის" გუნდებს ეხება - "ქვედა რვიანში" აღმოჩენა ერთობ სახიფათო იმითაც იქნება, რომ უმაღლესი ლიგიდან ოთხი გუნდი ვარდება!

აი, ასეთი საინტერესო ჩემპიონატი გველოდება წინ და ახლა კი უმაღლესი ლიგის თითოეული გუნდის შანსებზეც ვისაუბროთ.

ზესტაფონი


წინა სეზონის ტრიუმფატორი ამ ჩემპიონატშიც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ; "ზესტაფონმა", როგორც ყოველთვის, საკმაოდ ნაყოფიერი უცხოური შეკრება გაიარა და ავსტრიაში ყოფნის დროს ერთი-მეორეზე ძლიერ სპარინგ-პარტნიორებსაც ეთამაშა. სხვანაირად ვერც იქნებოდა: გია გეგუჩაძის გუნდს ხომ ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ელოდა და იმის მიუხედავად, რომ "ზესტაფონი" ამ პრესტიჟულ გათამაშებაში ამჟამად აღარ მონაწილეობს, იმერულ გუნდზე ენა არავის უნდა მოუბრუნდეს. ბოლოს და ბოლოს, მართლაც არა ვართ განებივრებული ისეთი მაგალითებით, როცა ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს.

რა თქმა უნდა, სასურველი იყო, რომ "შტურმის" ბარიერიც დაგვეძლია, მაგრამ "ზესტაფონისათვის" ევროტურნირები ხომ კვლავაც გრძელდება და ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი ამჯერად ევროპის ლიგის პლეი-ოფში იასპარეზებს.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, გუნდს რეალურად ხელეწიფება ტიტული შეინარჩუნოს - გია გეგუჩაძემ საჩემპიონო შემადგენლობა ხომ, ფაქტობრივად, 100 პროცენტით შეინარჩუნა, პლუს სწრაფი და ენერგიული მარჯვენა მცველი თემურ ღონღაძეც დაიმატა. ამას გარდა, "ზესტაფონს" სერიოზულად გააძლიერებენ უაღრესად გამოცდილი ფეხბურთელები ზურაბ მენთეშაშვილი და ედიკ საჯაია, რომლებიც გუნდის სხვა ლიდერებთან (როინ კვასხვაძე, გიორგი ონიანი, შოთა გრიგალაშვილი, ბუბა დაუშვილი, თორნიკე აფციაური, ჯაბა დვალი, ნიკა გელაშვილი) ერთად მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ირძოლებენ ...

 

იბეჭდება შემოკლებით ...


გია ტუხაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

   
FC ZESTAFONI © 2005