“ბრიუგე” – ჩემპიონთა თასის ერთადერთი ბელგიური ფინალისტი
ევროპის ლიგის ფლეი ოფში “ზესტაფონის” მეტოქე ბელგიის “ბრიუგე”, ამავე სახელწოდების ქალაქში 1891 წელს ჩამოყალიბდა. გარდა იმისა, რომ თავისი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი კლუბია, “ბრიუგე” ბრიუსელის “ანდერლეხტთან” და “სტანდარდთან” ერთად ბელგიური ფეხბურთის გრანდს მიეკუთვნება. ქალაქი ბრიუგე ბელგიის ფლამანდიური ნაწილის დედაქალაქია.
ბრიუგელებმა ბელგიის ჩემპიონატი პირველად 1920 წელს მოიგეს და მას შემდეგ, შიდა ასპარეზზე ოქროს მედლები კიდევ 12-ჯერ მოიპოვეს. ბოლოს “ბრიუგემ” ბელგიის უპირველესი გუნდის ტიტულს 2005 წელს დაეუფლა. აქვე გეტყვით, რომ ფლამანდრიელებმა ბელგიის თასი 10-ჯერ მოიგეს, ხოლო სუპერთასს 13-ჯერ ფლობდნენ. ბოლოს თასი მათ 2007 წელს აღმართეს, სუპერთასი კი – 2005-ში.
წინა სეზონში “ბრიუგემ” ბელგიის 16-გუნდიან პირველობაზე მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაში ასპარეზობა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ორი მატჩის ჯამში აზერბაიჯანული აგდამის “ყარაბახი” დაამარცხა. ბრიუგელებმა აგდამურ გუნდს, რომლის რიგებშიც გიორგი ადამია ირჯება სახლში 4:1 მოუგეს, ხოლო სტუმრად 0:1 დამარცხდნენ. სხვათა შორის, “ბრიუგესთვის” ყოფილი უეფას და ამჟამინდელი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში უცხო არაა – ბოლო წლებში ბელგიელები ჯგუფში სტაბილურად ხვდებიან. შარშან, მათ ფლეი ოფში მინსკის “დინამო” დაამარცხეს (2:1, 3:2), ხოლო ჯგუფიდან, სადაც მეტოქეებად “ვილიარეალი”, ზაგრების “დინამო” და ბერძნული პაოკ-ი ჰყავდათ, ვერ გავიდნენ.
“ბრიუგე” ერთადერთი ბელგიური გუნდია, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა თასის ფინალში უთამაშია. კლუბს ისტორიაში საუკეთესო ხანა გასული საუკუნის 70-იან წლებში ედგა, როდესაც მთავარი მწვრთნელი ცნობილი ავსტრიელი სპეციალისტი ერნსტ ჰაპელი იყო. მან “ბრიუგეში” 1975-1978 წლებში იმუშავა და გუნდს ბელგიის ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ მოაგებინა. 1976 წელს “ბრიუგე” უეფას თასის ფინალში გავიდა და ორრაუნდიან ბრძოლაში ინგლისის “ლივერპულთან” დამარცხდა. პირველ თამაშს “ბრიუგე” ინგლისში შესვენებამდე 2:0-ს იგებდა, ხოლო მეორე ნახევარში მერსისაიდელებისგან სამი უპასუხო ბურთი მიიღეს – გადამწყვეტი გოლის ავტორი კევინ კიგანი აღმოჩნდა. განმეორებით მატჩში ბელგიელები მეტოქეს 1:0-ს ამარცხებდნენ, მაგრამ კიგანმა ანგარიში გაათანაბრა და ინგლისელებს თასიც მოაპოვებინა. 1978 წელს, ლონდონში, სტადიონ “უემბლიზე” გამართულ ჩემპიონთა თასის ფინალში, იმავე “ლივერპულმა” “ბრიუგე” კენი დალგლიშის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა. მას მერე, “ბრიუგეს” ევროსარბიელზე მსგავსი წარმატებისთვის არ მიუღწევია.
“ბრიუგეს”, რომლის მეტსახელია “ლურჯ-შავები” 56 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ადრი კოსტერი წვრთნის – ეს უკანასკნელი 2007-2008 წლების სეზონში ამსტერდამის “აიაქსის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ის ფლამანდრიელებს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. “ბრიუგეს” საშინაო შეხვედრებს “ჟან ბრედლის სტადიონზე” ატარებს, რომელიც 29042 გულშემატკივარს იტევს და 1974 წელს არის აგებული, ხოლო 1998 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. “ბრიუგეს” ისტორიაში ყველაზე ცნობილ ფეხბურთელად ბელგიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი იან კულემანსი უნდა ჩაითვალოს, რომელიც გუნდის ღირსებას 1978-1992 წლებში იცავდა, ხოლო 1986-1991 წლებში მისი კაპიტანი იყო. ფლამანდრიელთა რიგებში მან 407 შეხვედრა ჩაატარა და 191 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, 2005-2006 წლების სეზონში კულემანსი გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.
ქართული და ბელგიური კლუბების გზები ევროტურნირებზე პირველად 1982 წელს თასების თასის ნახევარფინალში გადაიყარა. მაშინ, თბილისის “დინამომ” ლიეჟის “სტანდარდმა” ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 0:1 წააგო და წინა სეზონის ტრიუმფატორი ქართული გუნდი ფინალს მიღმა დარჩა. 1998-1999 წლების სეზონში ინტერტოტოს თასის მეორე ეტაპზე ქუთაისის “ტორპედო” “ლომელს” დაუპირისპირდა. პირველი მატჩი ქუთაისელებმა სტუმრად 1:0 მოიგეს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. 2000-2001 წლების სეზონში, ინტერტოტოს თასის პირველ ეტაპზე თბილისის “დინამო” ლიეჟის “სტანდარდს” შეხვდა. თბილისელებმა გასვლაზე 1:1 ითამაშეს, ხოლო შინ 2:2 და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ. 2002-2003 წლების სეზონში, ინტერტოტოს თასის პირველ რაუნდში თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” სტუმრად “ლოკერენთან” 1:3 წააგო, სახლში კი, 3:2 მოიგო და მომდევნო ეტაპს ვერ უწია.
მიმდინარე სეზონში “ბრიუგემ” ბელგიის ჩემპიონატის სტარტზე “ვესტერლო” 5:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: ვლადან კუიოვიჩი, კოლინ კუუსემანსი, სვენ დოსტი.
მცველები: ტომ ჰოგლი, მიქაელ ოლმიბეკი, კარლ ჰოფკინსი (კ), ფრედრიკ სტენმანი, რაიან დონკი, პიეტრო პერდიჩიზი, მარკოშ კამოზატო, ჯიმი დე იონგი, დაან ვან გიესეჰემი, იან ვენსტიინკისტე.
ნახევარმცველები: ნიკი ზიმლინგი, ლიორ რაფაელოვი, ნაბილ დირარი, ჯონათან ბლონდელი, ტომას მიუნიერი, ტიბაუტ ვან აკერი, ფრის დიშლიდერი, ვადის ოჯიჯა-ოფოე.
თავდამსხმელები: ვიქტორ ვასკესი, ჟოზეფ აკპალა, მაქსიმ ლისტინი, ბიორნ ვლემინგსი, ზინო განო, ნიკ ვან ბილი.
“ბრიუგეში” 11 ლეგიონერი ირიცხება – კუიოვიჩი (სერბეთი), ჰოგლი (ნორვეგია), ოლმიბეკი, სტინმანი (ორივე შვედეთი), დონკი (ჰოლანდია), კამოზატო (ბრაზილია), ზიმლინგი (შვეიცარია), რაფაელოვი (ისრაელი), დირარი (მაროკო), ვასკესი (ესპანეთი), აკპალა (ნიგერია).
|