ჩვენი მეტოქე - ბელგიური ”ბრიუგე”
შვეიცარიის ქალაქ ნიონში 5 აგვისტოს გამართულმა კენჭისყრამ უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პლეი-ოფის რაუნდში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეტოქე გამოავლინა. საქართველოს ჩემპიონის მეთოქე ბელგიური ”ბრიუგე” იქნება.
ბრიუგე (ბელგია)
დაარსდა 1891 წელს
სტადიონი: ”იან ბრეიდელი” (29 945 მაყურებელი)
ფერები: შავი, თეთრი
ტიტულები: ბელგიის 13-გზის ჩემპიონი (1919-20, 1972-73, 1975-76, 1976-77, 1977-78, 1979-80, 1987-88, 1989-90, 1991-92, 1995-96, 1997-98, 2002-03, 2004-05), ბელგიის თასის 10-გზის მფლობელი (1967-68, 1969-70, 1976-77, 1985-86, 1990-91, 1994-95, 1995-96, 2001-02, 2003-04, 2006-07), ბელგიის სუპერთასის 13-გზის მფლობელი (1980, 1986, 1988, 1990, 1991, 1992, 1994, 1996, 1998, 2002, 2003, 2004, 2005).
გუნდის თავკაცი ჰოლანდიელი ადრი კოსტერი გახლავთ, რომელსაც სხვადასხვა დროს ”ვილემ ცვეისთან”, ”როდასთან”, ”ექსელსიორთან” და ამსტერდამის ”აიაქსთან” უმუშავია. გუნდის ღირსებას, ბელგიელ ფეხბურთელებთან ერთად, ნორვეგიელი, შვედი, დანიელი, ებრაელი, მაროკოელი, ესპანელი, ნიგერიელი, ჰოლანდიელი და სერბი ლეგიონერები იცავენ.
რაც შეეხება ევროპის ლიგის წლევანდელ გათამაშებას, ბელგიელები ტურნირში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვნენ და აზერბაიჯანულ ”ყარაბახს” დაუპირისდნენ. ბელგიურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ბედი ბრიუგეში გამართულმა პირველმა შეხვედრამ გადაწყვიტა - მასპინძლებმა მეტოქე 4-1 დაამარცხეს. საპასუხო შეხვედრა ”ყარაბახმა” 1-0 მოიგო, თუმცა ევროპის ლიგის საგზური ”ბრიუგემ” დაისაკუთრა.
”ზესტაფონისა” და ”ბრიუგეს” ”დუელის” პირველ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი 18 აგვისტოს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს ”იან ბრეიდელზე” გაიმართება .
|