04.08.2011

 

 

 

 

 

”ზესტაფონის” მარცხმა იმედი ვერ გაგვიქრო


ერთი წამის ფაქტორი

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ავსტრიულ "შტურმთან" მარცხის შემდეგ ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გადაინაცვლა. გუნდს ჯერ კიდევ აქვს ევროპის რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის რეალურზე რეალური შანსი, თუმცა საწყენია, რომ წავაგეთ გუნდთან, რომელიც პრაქტიკულად არაფრით გვჯობდა, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში კი ორმატჩიანი დუელის ოთხი ტაიმიდან სამში აშკარად ვაჯობეთ.

 


ტელევიზიის საშუალებით, როგორც პირველი, ასევე მეორე შეხვედრა ყველამ ნახა. რა თქმა უნდა, ჩვენს ვრცელ წერილში არ შევუდგებით ყველა სახიფათო მომენტის დაწვრილებით აღწერას, თუმცა ვიტყვით, რომ ”ზესტაფონს” არაერთი გოლი უნდა გაეტანა როგორც პირველ, ასევე მეორე შეხვედრაში.


ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ”ზესტაფონმა” ავსტრიის ჩემპიონთან არ გადაუხვია თავის მრავალნაცად გზას და ითამაშა სუფთა ქართული, შემტევი ფეხბურთი. ცხადია, ამ გუნდს და მის მწვრთნელს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვთ. ჯერ მარტო გრაცში ოთხი აშკარა საგოლე მომენტი შევქმენით. ორჯერ ნიკა გელაშვილს ჰქონდა გრატცეის კარის აღების შანსი, ერთხელ შოთა გრიგალაშვილს მართებდა გატანა, ერთხელაც - ჯაბა დვალს.


ალბათ უპრიანია, აქვე გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი გუნდის ნაკლზე, რის გამოსწორების შემთხვევაში ”ზესტაფონს” თავისუფლად შეუძლია იქცეს ნამდვილი ევროპული კლასის გუნდად. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ გუნდი თამაშობს სუფთა ქართულ ფეხბურთს. ძალიან დიდ პლუსთან ერთად, ეს პატარა მინუსსაც შეიცავს, რომელიც აუცილებლადაა გამოსასწორებელი. ერთი-ორჯერ გუნდს კონცენტრაცია ეკარგება და გარდა ამისა, აკლია ცივსისხლიანობა, რაც სახიფათო მომენტების გოლად გარდასახვის მაჩვენებელზეც აისახება.


ენა როგორ უნდა მოგვიბრუნდეს ზესტაფონელების გასაკრიტიკებლად. ამას არც ვაპირებთ. უბრალოდ, გული გვტკივა, რომ თამაშის მიმდინარეობისას პატარ-პატარა წარუმატებლობები ფეხბურთელებზე ძალიან მკაფიოდ აისახება ხოლმე... ამის გამო ხომ გიორგი ონიანი გამოტოვებს ევროპის ლიგის ფლეი-ოფის ბოლო ეტაპის პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრას.


ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გაშვებულმა გოლმა ”ზესტაფონზე” ძალიან ცუდად იმოქმედა და ამის შემდეგ გუნდმა ვერა და ვერ იპოვა თავისი თამაში. ეს ისევ და ისევ ცალკეული ფეხბურთელების არამდგრადი ფსიქოლოგიური განწყობის ბრალი გვგონია, ვიდრე გია გეგუჩაძის მინუსი. მწვრთნელმა მართლაც ყოველი ღონე იხმარა, რომ ეს მატჩი გადაერჩინა. ბოლოს იმერლები სამი ფორვარდითაც კი უტევდნენ, მაგრამ აქედან ბევრი არაფერი გამოვიდა.


ცხადია, ეს წაგება საწყენია გუნდის თითოეული ქომაგისთვის, კლუბის ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ გულის გატეხვა ნამდვილად არ ღირს. ავსტრიელებმა თუ რამით გვაჯობეს, მხოლოდ იმით, რომ ისინი უკვე კარგა ხანია მიეჩვივნენ ევროპულ ფეხბურთს, მიეჩვივნენ თავიანთი შანსის ცივსისხლიანად გამოყენებას. ჩვენ კი ამას ახლაღა ვსწავლობთ. განა ცივსისხლიანობის მაგალითი არ იყო ავსტრიელთა ფორვარდი რომან კინასტი. მატჩის უკანასკნელ წუთებამდე ”შტურმს” ერთადერთი საგოლე მომენტი ჰქონდა და ავსტრიელებმა ისიც გატანილ ბურთად გარდასახეს. კინასტმა მოხდენილი ”პოდსებიათი” მოატყუა გიორგი ონიანი და აუღელვებლად გადაგზავნა ბურთი როინ კვასხვაძის კარში. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების კანდიდატი, რომელმაც შესანიშნავად ჩაატარა ეს მატჩი, თავისიანების ხსნას ნამდვილად ვერ შეძლებდა.


არც რომან კინასტი და არც იმრე შაბიჩი არ არიან ექსტრაკლასის ფორვარდები. მეტიც, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისინი არც არაფრით სჯობიან ნიკოლოზ გელაშვილსა და ჯაბა დვალს. უბრალოდ, ისინი უკვე წლებია, ევროპულ ფეხბურთში იწრთობიან და ამან ორმატჩიან დუელში გარკვეული როლი ითამაშა. ყველაზე მთავარი კი მაინც ის იყო, რომ ”ზესტაფონი” როგორც თბილისში, ისე გრაცში ფეხმსუბუქმა საფეხბურთო ფორტუნამ გაწირა.


ადრე ”ზესტაფონს” ნამდვილ ევროპულ ფეხბურთამდე უფრო მეტი მანძილი აშორებდა, ვიდრე ახლა. გრაცში გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ეპიზოდში ერთი წამით ვაგვიანებთ. გვაგვიანდება დარტყმა, პასი, ზონების გადაკეტვა და ბურთის ამოტანა. თუმცა ეს ერთი წამი ტრაგედია არ არის და ვფიქრობთ, უმოკლეს ხანში აღმოიფხვრება კიდეც.


გია გეგუჩაძის 4-4-2 ტაქტიკური სქემა კი ამ მატჩშიც ძალიან მოუხდა ”ზესტაფონს”. აბა როგორ დაგვავიწყდება პირველ ტაიმში შექმნილი არაერთი ვირტუოზული ეპიზოდი. თუნდაც თორნიკე აფციაურის დიდებული სოლო-რეიდი ავიღოთ, გნებავთ, ნიკოლოზ გელაშვილის ორი დარტყმა, ან შოთა გრიგალაშვილის მართლაც დიდოსტატური თამაში. ავსტრიელთა თავკაცმა ფრანკო ფოდამ იმდენი ინერვიულა, რომ ალბათ მთელი კარიერის განმავლობაში ეყოფა. ახლა უკვე ცხადია, რომ ”ზესტაფონი” ნამდვილად გავიდოდა შემდეგ ეტაპზე, თბილისური შეხვედრა ჩვენთვის სასწაულად უიღბლოდ რომ არ განვითარებულიყო. ”ზესტაფონი” ამ შოკიდან აუცილებლად გამოვა. გუნდის ისტორიაში ყოფილა ამაზე გაცილებით მძიმე ეპიზოდები. ახლა გია გეგუჩაძის გუნდი სრული სერიოზულობით უნდა მოემზადოს ევროპის ლიგის მატჩებისთვის. ედიკ საჯაიას თავისუფლად შეუძლია გიორგი ხიდეშელის შეცვლა, მამუკა კობახიძე კი გიორგი ონიანის მაგივრად ითამაშებს. აი, კვალიფიციური ფორვარდი კი მარგველებს ნამდვილად მოსაძიებელი ჰყავთ, რადგან თანამედროვე ”ზესტაფონში” უბრალოდ არ გვეგულება ნიკა გელაშვილის სრულფასოვანი შემცვლელი.


”შტურმთან” მარცხი კი ზესტაფონში არსებულ საფეხბურთო გუნდს ნამდვილად ვერ შეაჩერებს. სწრაფი ტემპებით შენდება ბაზა, ეყრება საფუძველი საბავშვო აკადემიას და იგეგმება სტადიონის რეკონსტრუქცია - მოკლედ, ”ზესტაფონი” დიდ სატურნირო ამოცანებთან ერთად ინფრასტრუქტურულ ბარიერებსაც წარმატებით ეჭიდება და არ შეიძლება, ეს არ გახარებდეს, თუ ქართული ფეხბურთის ქომაგი ხარ. საქართველოს ჩემპიონი კი მოუთმენლად ელის 5 აგვისტოს შვეიცარიულ ნიონში გასამართ ევროპის ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრას, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე გამოირკვევა. დიახ, შეიძლება მეტოქე ძლიერი იყოს, მაგრამ ზესტაფონელები მას ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლას ჰპირდებიან.

 


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი”

   
FC ZESTAFONI © 2005