04.08.2011

 

 

 

 

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გეგუჩაძე იმედგაცრუებულია, ფოდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფზე ფიქრობს

 

 

 

 

 

 

ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გრაცის “შტურმთან” 0:1 მარცხის შემდეგ, “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.


“ჩვენთვის რთული მატჩი აღმოჩნდა. “შტურმი” უკეთესად გამოიყურებოდა და ამ გუნდს ყოველივე კარგს ვუსურვებ. იმედგაცრუებული ვარ, რადგან კარგი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ და ზოგიერთ ეპიზოდში საკმარისად გააზრებულად არ ვმოქმედებდით. შესაძლოა, სათანადო გამოცდილება არ გვეყო ამ ეტაპის გადასალახავად” – იუწყება მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გეგუჩაძის მიერ ნათქვამს “შტურმის” ოფიციალური ვებგვერდი.


ოპონენტისგან განსხვავებით, გახარებული იყო “შტურმის” მთავარი მწვრთნელი ფრანკო ფოდა:
“მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელიც პირველი წუთიდან მონდომებით თამაშობდა. ჩვენ ვცდილობდით, მეტოქე ზეწოლის ქვეშ გვყოლოდა. ბოლოო დღეებში კარგი წინათგრძნობა მქონდა. გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის აგრესიულად მოქმედებდა, მაგრამ ჯერ შორს ვართ იმ სათამაშო ფორმისგან, რომელშიც უნდა ვიყოთ. კლუბისთვის მომდევნო ეტაპზე გასვლა მნიშვნელოვანი იყო. ახლა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციის გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ და ამ საკითხს უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ. ფლეი-ოფი ორი შეხვედრისგან შედგება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა გვსურს, რათა დიდი გუნდების წინააღმდეგ ვითამაშოთ”.


მატჩის მერე, ავსტრიელთა მეკარემ კრისტიან გრაცეიმ განაცხადა, რომ “შტურმი” მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა:
“პირველ ტაიმში ჩვენთვის თამაში იოლი არ იყო და მეორეში უკეთ გამოვიყურებოდით. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ახლა გვსურს, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ”.
“ზესტაფონელთა” კარში გოლის გამტანმა რომან კინასტმა აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, მისი გუნდი მხოლოდ წინ იყურება:
“პირველ ტაიმში გოლის გატანის ცოტა შანსი გვქონდა, ხოლო მეორე ტაიმში მეტი საგოლე მომენტი შევქმენით. ჩემს მიერ გატანილი გოლის შემდეგ, ჩვენს კარზე ზეწოლა შემცირდა. ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და ამდენი კრიტიკის მერე, ეს თავდაჯერებას შეგვმატებს. ახლა მხოლოდ წინ ვიყურებით”.

 


ლაშა თაბაგარი, www.worldsport.ge

   
FC ZESTAFONI © 2005