04.08.2011

 

 

 

 

 

რომანი იმერული გოლის გარეშე

 

 

 

 

 

 

დასანანი მარცხია... დასანანია, როცა მეტოქეს ოთხი სამი ტაიმიდან სამში თამაშით აჯობებ და მაინც ეთიშები ბრძოლას. “ზესტაფონმა” საშინაო 1:1-ის შემდეგ, გრაცში 0:1 წააგო “შტურმთან” და ჩემპიონთა ლიგას ხელი დაუქნია.

 


ფეროელებს ევროთასებზე გამოსვლა არ დაუმთავრებიათ, თუმცა ფიქრი იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართული გუნდი მოხვდებოდა, დასრულდა. წლეულს ეს ვეღარ მოხდება. იმერული კლუბი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს და იქ ერთი ეტაპის გავლაა საჭირო ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.


ახლა გვიანია ნიკა გელაშვილის თბილისში გამოუყენებელ მომენტზე და გიორგი ონიანის შეცდომაზე საუბარი. თავში ოთხი ტაიმი ვახსენეთ და სამწუხაროდ, “ზესტაფონმა” სწორედ ბოლო, გადამწყვეტი 45 წუთი ჩააგდო.


კარგი იყო გრაცული პირველი ნახევარი, რომელსაც მხოლოდ გოლი დააკლდა. ფეროელებმა აქტიურად დაიწყეს, ცენტრში უპირატესობა მოიპოვეს და “შტურმის” მეკარე კრისტიან გრაცეი პირველად მე-12 წუთზე ანერვიულდა, როცა გელაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან თავზე გადაუგდო ბურთი – არაზუსტად. მალევე, ჯაბა დვალმა და გელაშვილმა კომბინაციით დააბნიეს მასპინძელთა დაცვა, თუმცა დარტყმა ვერ მოახერხეს. სხვათა შორის, ამგვარი მომენტი არაერთხელ იყო და იმერლები რატომღაც ერიდებოდნენ საშუალო დისტანციიდან დარტყმას. მე-20 წუთზე აქტიურმა შოთა გრიგალაშვილმა ოდნავ ააცილა და შემდეგ ცოტა ხნით იკლო თამაშის ტემპმა. აქვე, “შტურმის” ქართველ მარცხენა მცველ გიორგი ფოფხაძეზეც ვთქვათ, რომელმაც კვლავ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც – ხშირად ერთვებოდა შეტევებში.


სტუმრები კარგად აკონტროლებდნენ ბურთს, “შტურმის” ფეხბურთელები კი ნერვიულობდნენ და ხშირად უხეშობის ზღვარზე თამაშობდნენ – არც ხრიკებს ერიოდებოდნენ, წვივებში მირტყმას, იდაყვების მალულად მოქნევას...
“შტურმმა” მხოლოდ ორჯერ გაიწია სტუმართა კარისკენ: ერთხელ ანდრეას ჰიოლცლს აუღო როინ კვასხვაძემ, მეორედ კი პატრიკ ვოლფმა ააცილა. ტაიმის ბოლოს ისევ იმერლები უტევდნენ და გრაცაის ერთწუთიან მონაკვეთში ორჯერ მოუხდა ბურთის მოგერიება – ჯერ გელაშვილის, შემდეგ კი გრიგალაშვილის შორეული დარტყმების შემდეგ.


მოსალოდნელი იყო, რომ “ზესტაფონი” მეორე ტაიმში უფრო გაზრდიდა დაწოლას, მაგრამ დაახლოებით 55-ე წუთიდან სურათი რადიკალურად შეიცვალა. ვითომ მურთაზ დაუშვილის შეცვლამ მოშალა სტუმართა თამაში? ძნელი სათქმელია, ფაქტი კი ისაა, რომ ზესტაფონელები სწრაფად ვეღარ გადაადგილდებოდნენ, ტემპში ჩამორჩნენ გრაცელებს და ორთაბრძოლების უმეტესობასაც აგებდნენ.


ეტყობა, ფსიქოლოგიური მომენტიც იყო: კარგად ჩატარებული პირველი ტაიმი გოლში ვერ გარდაისახა. არც გრაცელებს გამოუდვიათ თავი შეტევებით, თუმცა ნელ-ნელა იჭერდნენ თავიანთ თამაშს. 57-ე წუთზე ჰიოლცლი თითქმის პირისპირ დარჩა კვასხვაძესთან და ააცილა – ეს მასპინძელთა პირველი რეალური საგოლე მომენტი იყო. ამას მოჰყვა ისევ ჰიოლცლის “ჩხვლეტა” და კვასხვაძე კარგად გაისარჯა, ხოლო “შტურმის” კარს თორნიკე აფციუარი დაემუქრა, როცა კარგი რეიდის შემდეგ ზემოდან გადააცილა ბურთი კარს.


და გოლი... 68-ე წუთზე რომან კინასტმა იმერელთა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, ონიანი მოძრაობაზე დაიჭირა და გასცდა, რასაც რბილი და ზუსტი დარტყმა მიაყოლა. კვასხვაძე უძლური იყო და 1:0.
ეგებ, გაშვებულ გოლს მაინც გაებრაზებინა “ზესტაფონი”, თუმცა თამაში უკვე გრაცელებისა იყო და ისინი დათმობას აღარ აპირებდნენ. ვერც თორნიკე გორგიაშვილმა, ვერც შოთა ბაბუნაშვილმა და ვერც რატი წინამძღვრიშვილმა შეტევებს ცეცხლი ვერ შემატეს. პირიქით, კინასტსა და ბოდულს მეორე ბურთის გატანა შეეძლოთ, ფეროელებს კი საგოლე შანსი აღარ მისცემიათ.
ბოლოს იყო ქარი, თავსხმა წვიმა და მსაჯის საფინალო სასტვენი. მარცხის მიუხედავად, “ზესტაფონზე” აუგის თქმა ძნელია, ეგაა, როდესაც ტექნიკაში აშკარა უპირატესობას ფლობ და პირველ ნომრადაც თამაშობ, ანგარიშშიც უნდა გარდასახო. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა...

 

ილია ნანობაშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005