გია გეგუჩაძე: “ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში მოხვედრაა”
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიული გრაცის “შტურმთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, “ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, რომ ყველა კითხვას პასუხს მომავალი მატჩი გასცემს.
“ყველა კითხვას პასუხი უშუალოდ თამაშისას გაეცემა. რასაც ვხედავ, ფეხბურთელები მოწადინებულები არიან. სამწუხაროდ, დანაკლისი გვაქვს. მოგეხსენებათ, ხიდეშელი ტრავმირებულია, ხოლო ჭანკოტაძეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და საქართველოში დავტოვეთ. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია და სათამაშოდ ემზადება. პირველყოვლისა, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში მოხვედრაა. ამიტომ, ორი მატჩის ჯამში, შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა”, – ციტირებს გეგუჩაძის სიტყვებს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდი.
“ზესტაფონის” ცენტრალური მცველის, გიორგი ონიანის თქმით, მის გუნდს შეუძლია, “შტურმის” წინააღმდეგ შემტევი ფეხბურთი ითამაშოს.
“შეგვიძლია, “შტურმს” შემტევი და კომბინაციური ფეხბურთი დავუპირისპიროთ. უნდა ვეცადოთ, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. მეეჭვება, “შტურმმა” თავისი სათამაშო სტილი რადიკალურად შეცვალოს. უბრალოდ, 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალური კონცენტრაცია, მობილიზება და თითოეული მეტრისთვის ბრძოლა იქნება საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში შეხვედრა 1:1 დასრულდა, გვჯერა, რომ საპასუხო თამაშის მოგება რეალურია და ამისთვის მზად ვართ, ყველაფერი გავიღოთ”, – თქვა ონიანმა.
თორნიკე აფციაური: “მოედანი თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია. მოსაგებად ვართ განწყობილნი და თამაშს ველით”.
ირაკლი ძარია: “მოედანი ხელს გვიწყობს, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და ბურთი ვაკონტროლოთ. მაქსიმალურად შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ამისთვის თავს დავდებთ”.
|