ამხანაგური მატჩი ხარაგაულელებთან
მიმდინარე წლის 30 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ავსტრიულ ”შტურმთან” განმეორებითი საჩემპიონთალიგო მატჩისათვის ზესტაფონში ემზადება, საკონტროლო მატჩი გამართა. დღევანდელ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონთა სპარინგ-პარტნიორი ხარაგაულის საფეხბურთო კლუბი ”ჩხერიმელა” გახლდათ.
მარგვეთის ისტორიული მხარის წარმომადგენელი ორი გუნდის ამხანაგური მატჩი ზესტაფონელთა ბაზაზე გაიმართა. მასპინძლებმა შეხვედრა ექსპერიმენტალური შემადგენლობით ჩაატარეს - გია გეგუჩაძემ მოედანზე ძირითადად რეზერვისტები გაიყვანა, თუმცა, ამის მიუხედავად, პირველიდან უკანასკნელ წუთამდე, ზესტაფონელები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ.
მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით - 2-1 მოიგეს. ზესტაფონელთაგან გოლები საბა ლომიამ და რატი წინამღძვრიშვილმა გაიტანეს, ხარაგაულელთაგან კი თავი უბერებელმა გიორგი თურმანიძემ გამოიჩინა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში ბრძოლა აღარ შედგა - ”ზესტაფონმა” კიდევ ექვსი გოლით დაამწუხრა სტუმრები (გოლები - ოთარ კვერნაძე-2, როსტომ გეწაძე, ზურა ღირდალაძე, ბერდია შარვაძე და ნიკა მნათობიშვილი), რასაც ”ჩხერიმელამ” მხოლოდ ერთი საგოლე ”გასროლით” უპასუხა. შედეგად, ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 8-2.
|