10.01.2007
კოკაია ბრუნდება ...

კანკავა ”ზესტაფონი”-ს წინააღმდეგ .

 

”ზესტაფონი” მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ! იმერული ქალაქის უპირველესი გუნდის გულშემატკივართა გულები ამ რამდენიმე დღის წინ იმედით აივსო... არა, ”ზესტაფონ”-ს არც აქამდე უჭირდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფეროშენადნობთა ქარხანა ბრიტანულმა ”სტემკორ ლიმიტედმა” შეიძინა, ზესტაფონელთა ამბიციები კიდევ უფრო გაიზარდა.

ცნობისთვის, ამ ბრიტანულმა კომპანიამ ფეროშენადნობთა ქარხნის გარდა ”ჭიათურმანგანუმისა” და ”ვარციხეჰესის” შეძენაც მოახერხა.

დასავლეთ საქართველოში მიიჩნევენ, რომ ინგლისური კომპანიის გამოჩენა მკვეთრად გააუმჯობესებს საწარმოთა მუშაობის ხარისხს. ”სტემკორმა” უკვე გადარიცხა საქართველოს ბიუჯეტში 112 მილიონი დოლარი (შენ. : ავტორი-ალეკო კაკაურიძე, ”ოლიმპი”).

ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქციის მოცულობა მალე გაორმაგდება. რა თქმა უნდა, ქარხნის ახალი მეპატრონე საგანგებო ყურადღებას მიაქცევს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ს , რომელიც ქართული ოქროს მოპოვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება.

კლუბის რამდენიმე მოთამაშეს ”ზესტაფონ”-თან კონტრაქტი უკვე დაუსრულდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ თადარიგი უკვე დაიჭირა და ახალი, გაუმჯობესებული ხელშეკრულებები შესთავაზა გუნდის რამდენიმე ლიდერს, რასაც სავარაუდოდ დაჰყაბულდებიან ქართული მასშტაბებით ბევრისშემძლე მოთამაშეები.

”ზესტაფონ”-თან ერთად ვარჯიშობს რუსთავის ”ოლიმპი”-ს ყოფილი უნივერსალი როინ ონიანი, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ გამოცდილი ფეხბურთელი მომავალ სეზონში ”ზესტაფონი”-ს ღირსებას დაიცავს.

კლუბის მთავარ მწვრთნელს თემურ მახარაძეს კიდევ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის გადაბირება სურს, მაგრამ ჯერჯერობით გუნდში მხოლოდ ორიოდე უცნობი ახალგაზრდა ვარჯიშობს.

ზესტაფონელები მომავალი სეზონისათვის პირველს შეკრებას ბაკურიანში გაივლიან, მერე კი თურქულ ანტალიასაც მიაშურებენ, სადაც იმერლები რამდენიმე საკონტროლო ამხანაგური მატჩის ჩატარებასაც გეგმავენ.

”ზესტაფონი”-ს მეტოქეთა ვინაობა უახლოეს მომავალში გაირკვევა. მანამდე კი შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ იმერლები აუცილებლად გაეჯიბრებიან უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დნეპროპეტროვსკის ”დნიპროს”.

სხვებთან ერთად თემურ მახარაძის გუნდს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავაც დაუპირისპირდება, რომლის გადაბირებაც ამ ცოტა ხნის წინ უკრაინული გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო.

თუ ზესტაფონში მოარულ ხმებს ვენდობით, გუნდს უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს გაბონის ნაკრების ჯერაც ინკოგნიტო ფორვარდი, რომელიც სისტემატიურად ხვდება ქვეყნის უპირველესი გუნდის შემადგენლობაში.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ ხანგრძლივი განშორების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება გუნდისპრეზიდენტი ილია კოკაია, რაც ”ზესტაფონი”-სთვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს.

გაზეთი ”ოლიმპი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005