28.07.2011

 

 

 

 

 

საგა კიპერისა და კლუბის შესახებ სასამართლომ დაასრულა

 

 

 

 

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონთან” გუნდის ყოფილი კიპერის, გრიგოლ ჭანტურიას დავა პირველის სასარგებლოდ დასრულდა. უფრო სწორად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა კი არ მიმდინარეობდა, არამედ იმერელთა მოთხოვნით, პროცედურული ხასიათის მოქმედება განხორციელდა.

 

“მსოფლიო სპორტი” ერთხელაც შეგახსენებთ ერთობ გაჭიანურებული საფეხბურთო დავის წარსულში მომხდარ პერიპეტიებს. მოგეხსენებათ, ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ს/კ “ზესტაფონს” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტას ედავება (ჭანტურიამ ბოლო მატჩი ამ გუნდის მაისურით 2008 წლის 28 ოქტომბერს ითამაშა - “ბორჯომთან” 1:1). თავის დროზე, ეს საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელების სტატუსის და ტრანსფერების კომისიამ შეისწავლა და კლუბს ფეხბურთელის სასარგებლოდ 29 ათასი ლარის (რაც კონტრაქტის ამოწურვამდე უნდა მიეღო) გადახდა დააკისრა.
კლუბმა ეს გადაწყვეტილება სფფ-ის აღმასკომში გაასაჩივრა, რომელმაც 2009 წლის 12 ივნისს ჭანტურიას სასარგებლოდ მხოლოდ 7000-ლარიანი ვერდიქტი გამოიტანა. “ზესტაფონი” თანახმა იყო, აღნიშნული გადაწყვეტილება აღესრულებინა, ოღონდ თავად ფეხბურთელსაც ჰქონდა კლუბის მიმართ დარჩენილი ვალდებულებები (დისციპლინის დარღვევისთვის კლუბის მიერ დაკისრებული ჯარიმა, დაუბრუნებელი საკლუბო ეკიპირება და სხვა).
ფეხბურთელმა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით არ ისარგებლა და სფფ-სთან არსებული საფეხბურთო დავების არბიტრაჟის (დირექტორი ჯიმშერ ტყებუჩავა) დაფუძნებას დაელოდა. სპორტულმა არბიტრაჟმა მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების გარეშე იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და 2011 წლის 15 აპრილს “ზესტაფონი” 29 ათასი ლარის გადახდით დაავალდებულა.
არადა, ჭანტურიასა და კლუბს შორის გაფორმებულ და სფფ-ის მიერ დამოწმებულ კონტრაქტში რომ ეწეროს “მხარეთა დავა შესაძლოა სპორტულ არბიტრაჟში გადაწყდეს”, “ზესტაფონს” საქალაქო სასამართლოში მიმართვის არანაირი საფუძველი არ ექნებოდა. ვინაიდან ასეთი შეთანხმება არ იყო, ს/კ “ზესტაფონმა” წლეულს აპრილში ფედერაციის სპორტულ არბიტრაჟში გამოტანილი გადაწყვეტილების გამო, კანონით მინიჭებულ ვადებში აპელაციით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
“ჩვენ ვაღიარებთ ფიფას წესდებას, რომელიც საფეხბურთო დავის სამოქალაქო სასამართლოში განხილვას კრძალავს. თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღმასკომზე დამტკიცებულ სპორტული არბიტრაჟის დებულების მე-18 თავში წერია: “მხარეს უფლება აქვს, გაასაჩივროს არბიტრაჟის გადაწყვეტილება “არბიტრაჟის შესახებ” კანონის შესაბამისად”.
ამის მიუხედავად, კლუბმა სააპელაციო სასამართლოს არბიტრაჟის გადაწყვეტილების არსებითად გასაჩივრების მიზნით კი არ მიმართა, საქმე ეხებოდა მხოლოდ არბიტრაჟის მხრიდან პროცედურული ხასიათის დარღვევის აღმოფხვრას. ვინაიდან საკითხი არბიტრაჟმა საპროცესო ნორმების დარღვევით (არ არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმება) განიხილა, სასამართლო უფლებამოსილი იყო, გაეუქმებინა მისი გადაწყვეტილება. რაც 26 ივლისის სხდომაზე მოხდა კიდეც”, - განუცხადა “მსოფლიო სპორტს” ს/კ “ზესტაფონის” იურისტმა ოთარ გზირიშვილმა.
ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საფეხბურთო დავების არბიტრაჟს, გრიგოლ ჭანტურიასა და ს/კ “ზესტაფონის” დავის განხილვა 2 მიზეზის გამო არ შეეძლო: 1. არ არსებობდა მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმება, 2. იურიდიული თვალსაზრისით, დავა უკვე ამოწურული იყო სფფ-ის აღმასკომის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
აღნიშნული პროცედურული დარღვევების გამო, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სპორტული არბიტრაჟის მიერ 2011 წლის 15 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს ამ ვერდიქტის გასაჩივრების შესაძლებლობას.
ცნობილია, რომ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით, სფფ-დან ფიფაში წერილი გაიგზავნა, რაზეც 2011 წლის 14 ივლისს საკითხთან მიმართებაში ასეთი პასუხი მოვიდა - კლუბს უფლება არ ჰქონდა, საფეხბურთო დავის განსახილველად სამოქალაქო სასამართლოსთვის მიემართა.
ამის გამო კლუბში ამბობენ: “სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისთვის არ მიგვიმართავს. ასე რომ, ფიფას წესდების არცერთი პუნქტი არ დაგვირღვევია”.
მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ფეხბურთელისა და კლუბის დავა საქართველოში დასრულდა. “ზესტაფონი” თანახმა იყო, ჭანტურიასთვის 7000 ლარი გადაეხადა, თუმცა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, იგი ვერც ამ თანხას მიიღებს.
 

ფრიდონ კერვალიშვილი, www.worldsport.ge

   
FC ZESTAFONI © 2005