გია გეგუჩაძე: “ზესტაფონს” მეტის გაკეთება შეუძლია”
“ზესტაფონი”-“შტურმის” ნამატჩევს, მეტოქე გუნდების თავკაცებმა, ჟურნალისტებთან მატჩისწინა შეხვედრების მსგავსად, აქაც დაარღვიეს რიგითობა. პირველი მედიის მსახურთა წინაშე მასპინძელთა თავკაცი გია გეგუჩაძე წარსდგა
გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ვფლობდით უპირატესობას, მაგრამ გატანილი გოლის შემდეგ დასანანი შეცდომა დავუშვით და მეტოქემ ამით ისარგებლა. თუმცა, ვთვლი, რომ ამით არაფერი დასრულებულა – ჩვენი გუნდი ბოლომდე შეეცდება შემდეგ ეტაპზე გასვლისათვის ბრძოლას.
- მაყურებელმა “დაჩიასთან” საშინაო მატჩისაგან სრულიად განსხვავებული თამაში იხილა.
- დავიწყოთ იქიდან, რომ “შტურმი” “დაჩიაზე” ერთი თავით მაღლა დგას. მეორეც, მინდორი არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ “ზესტაფონს” საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოევლინა. და კიდევ, ძალიან ცხელოდა და ფეხბურთელებს მთელი თამაშის განმავლობაში, მაღალი სიჩქარეებით თამაში მოთხოვო, არარეალურია. თუმცა, კიდევ გავიმეორებ – “დაჩიას” ძლევის შემდეგ, ჩვენი გუნდი ერთი საფეხურით მაღლა აიწია და შესაბამისად, მეტოქეც ძლიერი გვყავს.
- რით იყო გამოწვეული ის, რომ “ზესტაფონი” თითქმის ყველა კუთხურს ათამაშებდა?
- არა მგონია, ამას რაიმე გადამწყვეტი გავლენა ჰქონოდა მატჩის შედეგზე. უბრალოდ, საჭირო იყო, მეტი გოლის გატანა და ყველაფერი დალაგდებოდა.
- ბუნებრივია, საპასუხო შეხვედრაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგიწევთ.
- ეჭვი არ შეგეპაროთ, ეს ასე მოხდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გუნდს მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე დღეს ვაჩვენეთ მაყურებელს.
ფრანკო ფოდა (“შტურმის” მთავარი მწვრთნელი): “ზესტაფონის” სახით, ძალიან კარგ გუნდს შევხვდით. პირველივე ტაიმში დაეტყო, რომ მეტოქე, განსაკუთრებულად შუა ხაზში, საკმაოდ ორგანიზებულ თამაშს აჩვენებდა. ჩემს გუნდს შესვენებაზე ერთადერთი შენიშვნა მივეცი, რომ ტემპისთვის მოემატებინათ.
მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში, ჩვენთვის ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. როცა 0:1-ზე ჩვენმა მეკარემ კარი დატოვა და თქვენმა ფორვარდმა ცარიელში ვერ გაგვიტანა, გადავრჩით.
ჩვენთვის 1:1 კარგი შედეგია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გრაცში ძალიან მძიმე ბრძოლა გველის.
- ბუნებრივია, მე-2 გოლი რომ გაგეშვათ, ასეთი კმაყოფილი ვერ იქნებოდით.
- ვთვლი, რომ “შტურმისთვის” არც 0:2 იქნებოდა იმედების დასასრული.
- სახლში “შტურმი” ალბათ სულ სხვა თამაშს აჩვენებს.
- დიახ, ჩვენ ახლა უკეთეს სიტუაციაში ვართ, ვიდრე ამ მატჩამდე, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ არ ვითამაშებთ ამ შედეგის შენარჩუნებაზე. ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო. სწორედ ამიტომაც, შინ “შტურმი” სულ სხვა გუნდი იქნება.
- ფოფხაძის თამაშზე რას იტყვით – კმაყოფილი ხართ?
- ეს არ იყო იოლი თამაში გიორგისთვის. ვთვლი, რომ მან კარგად ითამაშა. თუმცა, ზოგ სიტუაციაში უფრო მოტივირებული იყო, ვიდრე სხვა დროს.
|