27.07.2011

 

 

 

 

 

“ზესტაფონს” მგლები არ ეშვებიან

 

 

 

 

 

 

კიშინიოვში, წინა საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი მგლის ბუნაგიდან გამარჯვებულად გამოსულ მეომარს ჰგავდა. “მხეცმა” რომ უზიანოდ არ გამოუშვა “ზესტაფონი”, ავსტრიელებთან მატჩის განაცხადიდანაც ჩანს. მასში ვერც გაძევებული თემურ ღონღაძე და ვერც სერიოზულად ტრავმირებული გიორგი ხიდეშელი მოხვდა. ასეთი დანაკლისის მიუხედავად, მასპინძლებმა “შტურმს” საკუთარი თამაში კი მოახვიეს თავს, მაგრამ ნახევრადსავსე ეროვნული სტადიონი გამარჯვებულებს რომ დაეტოვებინათ, მცირედი იღბალი დააკლდათ.


სასიამოვნო ტენდენცია შეინიშნება ქართულ ფეხბურთში - მაყურებელმა სტადიონისაკენ გზა გაიხსენა. როცა უეფამ “ზესტაფონს” ავსტრიელთა “დავით აბაშიძეზე” მიღება აუკრძალა, შთაბეჭდილება შეიქნა, თითქოს თბილისში ჩემპიონს მაყურებელი დააკლდებოდა. პრაქტიკულად სავსე აღმოსავლეთი და დასავლეთი ტრიბუნები, კიდევ ერთი იმის დადასტურებაა, რომ იმერლებს მშობლიური მხარიდანაც ბევრი ჩამოჰყვა და არც დედაქალაქელმა ქომაგმა დატოვა უყურადღებოდ. თან, ეს ქომაგი ის აღარაა, ტრიბუნაზე მხოლოდ მზესუმზირის საკნატუნოდ და სკამების სამტვრევად რომ მოდის - იგი გუშინ წამითაც არ გაჩერებულა და საყვარელ გუნდს გულიანად ქომაგობდა.
ზემოთ ნახსენები 2 დანაკლისი, იმერელთა თავკაცმა ალადაშვილითა და კობახიძით “აინაზღაურა”. თუ პირველ მათგანს, საკუთარი გამოცდილების ხარჯზე არ გასჭირვებია ანსამბლში უპრობლემოდ ადაპტაცია, მეორე ჯერ 18 წლისაა და ასეთ საპასუხისმგებლო ორთაბრძოლაში არც მას შეურცხვენია თავი. მეტიც, კობახიძეს, როცა სტანდარტის შესრულებისას ჩაერთო ზესტაფონელთა შეტევაში, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი თავური კოლეგა მეტოქემ კუთხურზე მოიგერია.
ვიდრე საინტერესო მომენტების ქრონოლოგიურ მიმდევრობას გაგაცნობთ, თამაშის სურათზე ვიტყვით რამდენიმე მოსაზრებას. “შტურმი” არ ჩანს ისეთი მეტოქე, “ზესტაფონმა” რომ მისი ძლევა ვერ შეძლოს, მაგრამ ისეც არ უნდა გავიგოთ, სტუმრებმა, თბილისურ შეხვედრაში ნაჩვენები თამაშით, ბოლომდე ამოწურეს თავიანთი პოტენციალი. ბუნებრივია, ფოდას შეგირდები გრაცში მეტად იქნებიან შეტევაზე ორიენტირებული, რამაც დვალი-გელაშვილის შემტევ დუეტს, მეტი გასაქანი უნდა მისცეს. გუშინდელ შეხვედრას რაც შეეხება, აშკარა იყო, ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოში იყვნენ განლაგებული და საკუთარი “კოზირების” (პირველის ტექნიკა, მეორის სისწრაფე) გამოყენების საშუალებაც იმიტომ ეძლეოდათ ასე იშვიათად.
მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო თორნიკე აფციაური. ერთადერთი რაც დისკომფორტს უქმნიდა მასპინძელთა კაპიტანს, მისი “ცალფეხობაა”. მწვრთნელის მიერ მარჯვენა გარემარბად გამწესებულს, მარჯვნიდან მარცხენაზე ბურთის გადატანაში, ძვირფასი წამები ეფლანგებოდა, რაც “ზესტაფონის” შეტევებს სიმწვავეს აკლებდა.
და ერთიც. საკმაოდ ბევრი სტანდარტული სიტუაციიდან (კუთხური, საჯარიმო დარტყმა), გეგუჩაძის გაწვრთნილებმა პრაქტიკულად ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღეს. როცა სიცხე ასე გაწუხებს და ყველას, ჩვეულებრივზე მეტად უჭირს გადაადგილება, კუთხურის გათამაშებაზე ძვირფასი ძალ-ღონის ხარჯვა, ვფიქრობთ, არარაციონალურია.
ახლა კი, მივყვეთ დანაპირებ ქრონოლოგიას.
მე-5 წუთი - ჯაბა დვალის ინდივიდუალიზმის ხარჯზე, “შტურმის” საჯარიმოში პირველი სერიოზული ხიფათი შეიქმნა. შემტევმა, დარტყმას პასის გაკეთება ამჯობინა, მეტოქემ იოლად მოიგერია, მაგრამ მურთაზ დაუშვილმა საჯარიმოს გარედან მაინც მოახერხა დარტყმა – უზუსტოდ;
მე-12 წუთი – მარჯვენა ფლანგიდან ალადაშვილის ჩაწოდებულ სტანდარტს, ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფმა ონიანმა, შუბლის ნაცვლად “კინკრიხო” დაარტყა და საკმაო მანძილით ააცილა მიზანს;
მე-16 წუთი – ონიანმა, დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმო დარტყმის შესრულება ითავა – ბურთი ზემოდან გადაცდა კარს;
მე-19 წუთი – პატრიკ ვოლფი მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს მარჯვნიდან შეჰყვა, ბურთს ძირს დაშვება არ აცალა და ისე დაჰკრა – უზუსტოდ;
მე-40 წუთი – შესრულდა კარის ჩარჩოში განხორციელებული პირველი დარტყმა. გელაშვილმა ვოლფი “მოძრაობაში დაიჭირა” და უმალ დაჰკრა – კრისტიან გრაცაი ბურთს დაეფლა;
41-ე წუთი – შოთა გრიგალაშვილმა, დაახლოებით 30 მეტრიდან გაგზავნა ბურთი ავსტრიელთა კარისაკენ. კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია;
47-ე წუთი – აფციაური შეტევის მარჯვენა ფრთიდან, ბურთიანად ცენტრისაკენ გადაადგილდა, ბურთი მარცხენაზე მოირგო და მისი დარტყმული კარს ზემოდან გადაევლო;
49-ე წუთი – მანუელ ვებერის ძლიერად დარტყმულს მურთაზ დაუშვილი გადაეღობა, ბურთმა მცირედით დაკარგა დარტყმის ძალა და როინ კვასხვაძე დაეუფლა;
55-ე წუთი – ირაკლი ძარია ურტყამს აფციაურის დატოვებულ ბურთს – საკმაოდ უზუსტოდ;
მე-60 წუთი – დვალმა გორგიაშვილს გაუთამაშა “კედელი”, ამ უკანასკნელის დარტყმული ბურთი ზემოდან გადაცდა კარის ჩარჩოს;
63-ე წუთი – დვალი ოციოდე მეტრიდან გზავნის ბურთს გრაცაის კარისკენ – კიპერი ადგილზე ხვდება ბურთს;
65-ე წუთი – აფციაურის ჩაწოდებულ კუთხურს თავს კობახიძე ურტყამს – კარში მიმავალ ბურთს ავსტრიელი მცველი იგერიებს;
67-ე წუთი – გრიგალაშვილის მიერ დაახლოებით 22 მეტრიდან დარტყმული ბურთი ძელს ხვდება;
70-ე წუთი – ავსტრიელთა მიერ ჩაწოდებული იშვიათი კუთხურის შემდეგ, ბურგშტალერი იგებს საჰაერო ბრძოლას და მცირედით უზუსტოდ ასრულებს დარტყმას;
74-ე წუთი – ალადაშვილი ბურთიანად მოედნის ცენტრში აღმოჩნდა, საიდანაც გადაცემა, მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოსკენ დაძრულ გელაშვილს გაუკეთა. პასის ჩაჭრას “შტურმის” მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე უშედეგოდ შეეცადა და კიპერთან პირისპირ დარჩენილმა გელაშვილმა ანგარიში გახსნა – 1:0;
76-ე წუთი – აფციაურის მიერ მარცხენა ფლანგზე გაკეთებულ ზუსტ პასზე გელაშვილი გავიდა. ამასობაში გრაცაიმ კარი დატოვა და ქართველი ფორვარდი მასაც გასცდა. გელაშვილი, მეტოქის საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან ცარიელ კარში გზავნიდა ბურთს, მაგრამ მიზანს ააცილა;
78-ე წუთი – მოედნის ცენტრთან ახლოს, დასანან შეცდომას უშვებს ონიანი, ბურთი პატრიკ ვოლფმა ჩაჭრა და კვასხვაძესთან პირისპირ გასულმა, ზემოდან გადაუგდო ბურთი – 1:1;
79-ე წუთი – კვასხვაძემ რომამ კინასტის სახიფათოდ დარტყმული ბურთი აიღო;
88-ე წუთი – ვოლფის დარტყმული ბურთი მცირედით ცდება მიზანს;
89-ე წუთი – ბენაშვილის მიერ მარჯვენა ფლანგიდან უცნაური ტრაექტორიით გაგზავნილი ბურთი ავსტრიელთა კიპერმა აიღო;
90-ე წუთი – გრაცაი აფციაურის მიერ დარტყმულ ბურთსაც დაეუფლა.

 

ბადრი კეთილაძის ფოტო

ფრიდონ კერვალიშვილი, www.worldsport.ge

   
FC ZESTAFONI © 2005