25.07.2011

 

 

 

 

 

ფოფხაძე “შტურმის” წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს, ფოდა დადებით შედეგს გეგმავს

 

 

 

 

 

 

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ზესტაფონთან” გასამართი პირველი მატჩის წინ ეროვნულ სტადიონზე ჩატარებულ პრესკონფერენციას, ავსტრიული “შტურმის” მთავარ მწვრთნელ ფრანკო ფოდასთან ერთად, ამავე გუნდის მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე დაესწრო, რომელიც გასულ სეზონში ზესტაფონელთა ღირსებას იცავდა.


ფოდამ მასმედიის წარმომადგენლებს ბოდიში მოუხარა იმის გამო, რომ ავსტრიელთა განრიგში გარკვეული ცვლილებები მოხდა, ხოლო გრაცელთა პრეს-ატაშე პეტერ ზიგმუნდმა, ფოფხაძეს ჰკითხა, თუ რა განცდა აქვს საქართველოში დაბრუნებულს.

გიორგი ფოფხაძე: ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა საქართველოში ვბრუნდები. პირველად მომიწია ქართული გუნდის წინაშე ევროტურნირებში თამაში. ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხალხი და ქვეყანა კიდევ ერთხელ ვნახე.

- გაიარეთ, თუ არა ადაპტაცია “შტურმში” და რა დონის გუნდი ჰყავთ ავსტრიელებს?
- “შტურმში” სულ რაღაც სამი კვირაა გადავედი და ორი თამაში ჩავატარე, პივრელი ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო მეორე კი ავსტრიის ჩემპიონატში “მატერსბურგთან”, რომელიც 2:2 დამთავრდა და წითელი ბარათი მივიღე. ბუნებრივია, კარგი არ არის, როდესაც ჩემპიონატის პირველივე თამაშში წითელ ბარათს მიიღებ. “შტურმი” ძლიერი გუნდია - ისე ავსტრიის ჩემპიონი ვერ გახდებოდა. კარგი იქნებოდა, “ზესტაფონი” არ შეგვხვედროდა, რადგან მე "ზესტაფონს” ვგულშემატკივრობდი და მინდოდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასულიყო, თუმცა ხვალ ყველაფერს გავაკეთებ “შტურმის” წარმატებისთვის.

ამის შემდეგ, ფოფხაძემ საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა და მომავალი მატჩის შესახებ ჟურნალისტებს მხოლოდ ფოდა ესაუბრებოდა.
- რას ელით ამ შეხვედრისგან?

ფრანკო ფოდა: “ზესტაფონი”ტექნიკურად უაღრესად კარგად მომზადებული გუნდია. ცხადია, ჩვენთვის, ხვალინდელ თამაშში მთავარი, დადებითი შედეგის მიღწევაა.

- კონკრეტულად რას მიიჩნევთ დადებით შედეგად - თქვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაგაკლდებათ...
- პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ასეთ საპასუხისმგებლო ტურნირზე ვბრუნდებით და ეს, ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად. ჩვენი თამაში არ იქნება დაცვითი - აქცენტს შეტევაზე გავაკეთებთ.

- რას იტყვით გიორგი ფოფხაძის შესახებ, რომელიც გასულ სეზონში “ზესტაფონში” გამოდიოდა, ავსტრიის ჩემპიონატის წინა ტურში, მან ძირითადში ადგილი იმიტომ მოიპოვა, რომ პიურხერი დაშავდა?
- გიორგი ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ფესბურთელია, დარწმინებული ვარ მის პოტენციალში. ეს ფეხბურთელი კიდევ მოუმატებს და მაღალ დონეზე ითამაშებს, თუნდაც იმავე ავსტრიის ჩემპიონატში. მას შეუძლია დიდი დახმარება გაგვიწიოს, ცხადია თუ ტრავმებმა ხელი არ შეუშალა.

- გაიხსენეთ შარშანდელი მატჩი “დინამოსთან”. მას შემდეგ რა შეიცვალა?
- “დინამოსთან” ხელისშემშლელი ფაქტორი მინდორი იყო. გვიყვარს კარგ მინდორზე თამაში, რადგან უპირატესობას კომბინაციურ ფეხბურთს ვანიჭებ და თავად ყურადღებას ვაქცევ სწრაფ გადაცემებს. იმედია, ამ სიძნელეებს თავს გავართმევთ და ყველაფერი კარგად იქნება.

- გუნდმა ორი ახალი ფეხბურთელი, სერბი დებიჩი და ხორვატი ბოდული დაიმატა...
- მათ კარგად გაიარეს ადაპტაცია და გუნდის სრულუფლებიანი წევრები არიან. ბოდული, ალბათ, ცოტა უკეთეს კონდინციებში იქნება, რადგან “შტურმში”, მოსამზადებელ პერიოდში რამდენიმე თამაშიც ჩაატარა. ამ წუთში, ხვალინდელ მატჩში ბოდულის თამაში ნული პროცენტია, თუმცა, ხვალინდელი თამაში ხვალინდელი თამაშია, შეიძლება, რამე შეიცვალოს და ის შემადგენლობაში გამოჩნდეს.

პრესკონფერენციამდე ფრანკო ფოდამ ვარჯიში ჩაატარა. “შტურმის” მთავარმა მწვრთნელმა, მასმედიის წარმომადგენლებს წვრთნაზე დასწრების საშუალება მხოლოდ 15 წუთით მისცა, შემდეგ კი ვარჯიში დაიხურა.

 

ლაშა თაბაგარი, www.worldsport.ge

   
FC ZESTAFONI © 2005