23.07.2011

 

 

 

 

 

ჩვენი მეტოქე - ავსტრიული ”შტურმი”

 

 

 

 

 

 

ქართული კლუბები მიმდინარე ევროტურნირებზე ღირსეულად ასპარეზობენ. სასიხარულოა, რომ ჩვენთვის ევროსეზონი ნაადრევად არ სრულდება. საერთაშორისო საკლუბო ფეხბურთი აგვისტოში უკვე გარანტირებული გვაქვს და, ვინძლო, ამით შემოდგომაზეც ვისიამოვნოთ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში "ზესტაფონი" ავსტრიულ "შტურმს" დაუპირისპირდება, ხოლო ევროპის ლიგის ამავე ეტაპზე "დინამო" ისლანდიურ "რეიკიავიკს" შეხვდება, "მეტალურგი" კი - ფრანგულ "რენს".

 

შტურმი (ავსტრია)
დაარსდა 1909 წელს
სტადიონი: UPC-არენა (15 400 მაყურებელი)
პრეზიდენტი: გერალდ შტოკენჰუბერი
ფერები: შავი, თეთრი
ტიტულები: ავსტრიის 3-გზის ჩემპიონი (1998, 1999, 2011), ავსტრიის თასის 4-გზის მფლობელი (1996, 1997, 1999, 2010), ავსტრიის სუპერთასის 3-გზის მფლობელი (1996, 1998, 1999)

ქართულ ფეხბურთს "შტურმთან" საერთო საკმაოდ ბევრი აქვს. დავიწყოთ იმით, რომ გრაცელთა ღირსება თავის დროზე დავით მუჯირსა და ილია კანდელაკს დაუცავთ, დღეს კი ფრანკო ფოდას გუნდის წევრი გიორგი ფოფხაძეა.

"შტურმს" საუკუნეზე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნამდე საშუალო დონის გუნდი იყო, ხსენებული პერიოდი კი მისთვის ნამდვილი ოქროს ხანაა. "შტურმი" ზედიზედ ორჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირსაც გაუგო გემო, სადაც ხელწამოსაკრავი არავისთვის ყოფილა.

როცა "შტურმში" მუჯირი გადავიდა, გრაცელები ძველებურად ვეღარ ბრწყინავდნენ, ვეღარც ჩემპიონობა შეძლეს და ევროპაშიც ვეღარ გამოირჩეოდნენ, თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც ავსტრიაში თავდამსხმელად უფრო ათამაშებდნენ, "შტურმში" წარმატებული წლები გაატარა. მოგვიანებით მეორე პლანზე არც კანდელაკი ყოფილა.

ბოლო წლებში ავსტრიულ ფეხბურთში "ზალცბურგი" და დედაქალაქური კლუბები, "აუსტრია" და "რაპიდი" დომინირებდნენ, თუმცა გასული სეზონი "შტურმმა" მძლავრად ჩაატარა და ამ სამეულის ჰეგემონია დაამხო. ბუნდესლიგა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, "შტურმმა" "ზალცბურგს" სამი, ხოლო "აუსტრიას" ხუთი ქულით გაუსწრო.

რა მოხდა შარშანდელი სეზონის დასაწყისში, ესეც კარგად უნდა გახსოვდეთ - "შტურმი" ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე თბილისის "დინამოს" გადაეყარა და, მართალია, დამაჯერებლად (2:0 შინ და 1:1 სტუმრად) აჯობა, თბილისური მატჩზე მისული ქომაგი დაგვეთანხმება, რომ ავსტრიელებმა ბევრით ვერაფრით გვაჯობეს და რომ არა არაობიექტური მსაჯობა, "დინამოს" ამ ბარიერის გადალახვის შანსი აუცილებლად ექნებოდა.

შეგახსენებთ, 1:0-ზე საეჭვო ვითარებაში არბიტრმა გიორგი კახელიშვილი გააძევა და მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა. "შტურმმა" ანგარიში გაათანაბრა და ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედიც იქვე გადაწყვიტა.

"შტურმის" შემადგენლობა შარშანდელს აქეთ დიდად არ შეცვლილა. ავსტრიის ჩემპიონის განაცხადში მრავლად აღმოაჩენთ ცნობილ ფეხბურთელებს, რომელთაგანაც ვეტერანები მარიო ჰაასი, სამირ მურატოვიჩი და იმრე შაბიჩი უნდა გამოვარჩიოთ. "შტურმში" ავსტრიის ეროვნული ნაკრების არაერთი წევრიც თამაშობს.

სიმპათიებს იმსახურებს გუნდის გერმანელი თავკაცი ფრანკო ფოდა, რომელიც შემტევი სტილის მიმდევარია. "შტურმი" თავადაც თამაშობს და არც მეტოქეს "ახრჩობს", რაც "ზესტაფონის" ყაიდის გუნდისთვის ურიგო ამბავი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ფოფხაძეს, მან "შტურმს" სწორედ "ზესტაფონიდან" მიაშურა და ახალი გუნდის ძირითადში დამკვიდრების კარგი შანსი აქვს. ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდში გიორგიმ უნგრულ "ვიდეოტონთან" პირველი მატჩი (შინ 2:0) სათადარიგოთა სკამზე გაატარა, განმეორებითში კი (2:3) მოედანზე შესვენების შემდეგ გავიდა. მისი უშუალო კონკურენტი დომინიკ პიურხერი ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო 26 ივლისს თბილისურ შეხვედრას გამოტოვებს და მოსალოდნელია, რომ "ზესტაფონთან" "შტურმის" დაცვის მარცხენა ფრთაზე სწორედ ფოფხაძე ვიხილოთ.

 

მეკარეები
1. კრისტიან გრატცაი
22. სილვიე კავლინა (ხორვატია)
34. ალექსანდერ შახნერი
მცველები
2. გიორგი ფოფხაძე (საქართველო)
4. დომინიკ პიურხერი
5. ფერდინანდ ფელდჰოფერი
13. თომას ბურგშტალერი
16. ფლორიან ნოიჰოლდი
17. მარტინ ერენრაიხი
18. იოახიმ შტანდფესტი
23. შტეფან შტანგლი
ნახევარმცველები
6. მანუელ ვებერი
8. ანდრეას ჰიოლცლი
9. ჰარის ბუკვა

10. სამირ მურატოვიჩი (ბოსნია)
14. ფლორიან კაინცი
20. მათიას კოხი
21. დეიან მარიჩი
27. კრისტიან კლემი
29. სანდრო ფოდა (გერმანია)
33. პატრიკ ვოლფი
თავდამსხმელები
7. მარიო ჰაასი
11. იმრე შაბიჩი (უნგრეთი)
24. რომან კინასტი
26. მარვინ ვაინბერგერი

მთავარი მწვრთნელი
ფრანკო ფოდა (გერმანია)

იბეჭდება შემოკლებით ...


ლევან ჯანეზაშვილი, გაზეთი ”ლელო”

   
FC ZESTAFONI © 2005