მოლდოვური გამოცდა საჭირო იყო!
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მოლდოვადან გაორებული განწყობით დაბრუნდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, თუმცა ამ სიხარულს დიდი ჩრდილიც ახლავს - ჯერ ერთი, მოლდოვურმა ”დაჩიამ” უკადრებელი იკადრა და თავისი მწვრთნელის, იგორ დობროვოლსკის თამადობით სამუდამოდ მოიჭრა თავი ქართველ გულშემატკივრებში. და მეორეც, იმერული კლუბი ახლა უფრო ლაზარეთს ჰგავს, ვიდრე საფეხბურთო გუნდს. და ეს ყველაფერი ”დაჩიას” ფეხბურთელების ზღვარგადასული უხეშობის გამო.
შევეცდებით, ქვემოთ მიახლოებით მაინც გადმოგცეთ მოლდოვური შთაბეჭდილებები. ვფიქრობთ, კიშინიოვში საინტერესო მივლინება გამოგვივიდა...
უზრდელი დობროვოლსკი
იგორ დობროვოლსკის თამაში კარგად არ მახსოვს. მისი გარჯა უფრო ფრაგმენტებადაა ჩაბეჭდილი ჩემს მეხსიერებაში. როგორც ამბობენ, ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კაცი კი არ ყოფილა და აი, რატომ.
ნებისმიერი მწვრთნელი იმითაც ფასდება, თუ როგორ იღებს მარცხს. თუ ფეხბურთში ხარ, მოგების გარდა წაგების გათავისებაც უნდა იცოდე, რადგან ეს ორი ცნება ზოგადად სპორტში და კონკრეტულად ფეხბურთში უბრალოდ განუყოფელია.
დობროვოლსკიმ კი ჯერ თამაშამდე შეურაცხყო ”ზესტაფონი”. მერე სპეციალურად არ მოარწვევინა მინდორი. მთელი მატჩის განმავლობაში სასტიკი წნეხის ქვეშ ჰყავდა მსაჯთა ბრიგადა, სათადარიგოთა სკამზე მყოფი, უშვერი სიტყვებით იგინებოდა. ბოლოს კი რაც ჩაიდინა, ეს ყველამ იცის.
ძალიან ცუდია, რომ მწვრთნელმა ერთი კონკრეტული რამისთვის გააკეთა ეს ყველაფერი - ”ზესტაფონთან” მარცხი ვიღაცას უნდა დაბრალებოდა და მას არ სურდა, რომ ეს ვიღაც თვითონ ყოფილიყო.
ეს აუცილებელი იყო!
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მართლაც ურთულესი მატჩი გადაიტანა. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი ჩემპიონი ”დაჩიაზე” უკეთესი გუნდია, მაგრამ ბოლო წუთებში მართლაც ძალიან ვინერვიულეთ და ჩვენი გუნდის თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი დატვირთვა დააწვა.
”ზესტაფონის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბიჭებმა ამ წნეხს ღირსეულად გაუძლეს. რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო, რომ არბიტრის ბედოვლათობის და ჩვენი არცთუ კარგი თამაშის გამო ლამის მოგებული ორმატჩიანი დუელი სანერვიულო გაგვიხდა, მაგრამ მეორე მხრივ გუნდისთვის ეს აუცილებელია - კომუნისტური გამოთქმა რომ მოვიშველითო, სწორედ ასე ”იწრთობა ფოლადი”.
”ზიმბრუ” ”ზესტაფონის” ბანაკში
სამი ქართველი ჟურნალისტი ”ზიმბრუს” სტადიონიდან მასალების საქართველოში გამოგზავნას რომ მოვრჩით, კიშინიოვში გვიანი ღამე იყო. სტადიონის ალაყაფი იკეტებოდა და დაცვამ ზრდილობიანად მიგვითითა, იქნებ შინ წახვიდეთო. გზაზე ტაქსს ვაჩერებდით, როცა ოთხი მოლდოველი გულშემატკივარი გამოგველაპარაკა. ისინი ”ზიმბრუს” ფანები აღმოჩნდნენ და გვითხრეს, რომ საშინლად ვერ იტანენ ”დაჩიას” და ყველაფერ იმას, რაც ამ გუნდთან არის დაკავშირებული.
მას შემდეგ, რაც ფეხბურთზე შეყვარებულ მოლდოველებს ”ზესტაფონის” ქუდები, კაშნები და დროშები ვაჩუქეთ, დაგვპირდნენ, საქართველოში აუცილებლად ჩამოვალთ და ერთ-ერთი მატჩის დროს თქვენს გუნდსაც გავამხნევებთო. ისიც თქვეს, რომ ”ზიმბრუში” ახლა დიდი ფული იდება და გუნდი მალე კვლავ დაიბრუნებს ჰეგემონიას მოლდოვურ ფეხბურთშიო.
ნახვამდის, მოლდოვა!
მართალია, კიშინიოვში გვარიანად გვატკინეს გული, მაგრამ ძველი საბჭოური წარსულის სითბონარევი გადმონაშთი მაინც წამოვიღეთ. 80-იოდე წლის მოხუცი კიშინიოვის ცენტრალურ ქუჩაზე სუვენირებს ყიდდა. გვითხრა, საქართველოში ვმსახურობდი ჯარში, ნაწილი მებარა. ჩემთან ქართველი ბიჭები მსახურობდნენ - ლიპარტელიანი, სანაია და ძნელაძეო. სამწუხაროდ, იმ კაცმა მეგობრების სახელები ვეღარ გაიხსენა, მაგრამ ვუსრულებთ თხოვნას და მათ მოკითხვას ვუთვლით ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან.
მეორე ჭარმაგმა მოლდოველმა კი გვითხრა, საქართველოსთან დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს, ქუთაისის ავტოქარხანაში ვმუშაობდი და ნეტავ, ისევ მძლავრად მუშაობს თუ არაო. ასე რომ, თუ საფეხბურთო (უფრო ზუსტად, არასაფეხბურთო) იმედგაცრუებას არ ჩავთვლით, მოლდოვადან გვარიანად კმაყოფილნი დავბრუნდით.
იბეჭდება შემოკლებით ...
|