22.07.2011

 

 

 

 

 

”ზესტაფონი”-”შტურმს” ბერძნები მოემსახურებიან

იმერელთა შეხვედრას ძველი ნაცნობი განსჯის

 

 

 

 

 

უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 წლის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის 26 ივლისს თბილისში გასამართ ”ზესტაფონისა” და გრაცის ”შტურმის” წყვილის პირველ შეხვედრას ბერძენ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 26 ივლისს გასამართი ქართულ-ავსტრიული დუელის პირველ შეხვედრას ბერძენი არბიტრი ანასტასიოს კაკოსი განსჯის.

40 წლის ელადელ რეფერის ევროარენაზე მუშაობის საკმაო გამოცდილება გააჩნია - მთავარი არბიტრის რანგში ანასტასიოს კაკოსს უეფას ჩემპიონთა და ევროპის ლიგის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპის მატჩებზე უმუშავია. ყველაზე საინტერესო დეტალი კი ის გახლავთ, რომ თავის საერთაშორისო კარიერის სადებიუტო შეხვედრა ბერძენმა რეფერიმ 2008 წლის 31 ივლისს ზესტაფონში იმსაჯა. ანასტასიოს კაკოსის ევროდებიუტი იმერული ქალაქის იმხანად ცენტრალურ სტადიონზე შედგა - მან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და უნგრულ ”დიორი ეტოს” შორის გამართული იმჟამინდელი უეფას თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩზე უნგრელთა მინიმალური ანგარიშით გამარჯვება და შემდგომ ეტაპზე გასვლა დააფიქსირა..

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005