21.07.2011

 

 

 

 

 

ორი ზ-ს სადღეგრძელო

 

 

 

 

 

 

“მსაჯები დაჩიელები არიან” – ეს მესიჯი ტელეფონზე ერთმა ნაცნობმა მოლდოველმა სპორტულმა ჟურნალისტმა “დაჩია”–“ზესტაფონის” კიშინიოვური მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ გამომიგზავნა. ცოტა მოგვიანებით ჩემთან საუბრისას კიდევ რამდენიმე კოლეგამ გამოთქვა ეჭვი, რომ არბიტრებმა წარმოუდგენლად ცალმხრივად უსტვინეს. უსიამოვნო მოსაზრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სავსებით შესაძლებელია “დაჩიას” მთავარი მწვრთნელის, იგორ დობროვოლსკისა და სპორტულ კორესპონდენტთა არც თუ ტკბილი დამოკიდებულება იყოს. თუმც ეჭვი ამ უთანხმოების გარეშეც რომ გაჩნდებოდა, ვინც თამაშს უყურა, ყველა დამეთანხმება.

 


პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, “დაჩიას” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას არავინ ელოდა, კლუბის სამოცდაათკაციანი ფანკლუბის წევრების გარდა. შეიძლება იმედი არც მათ უმრავლესობას ჰქონდა, მაგრამ აბა ამას ხმამაღლა როგორ იტყოდნენ.


თამაშის წინა საღამოს, კიშინიოვის ცენტრალურ პარკში ერთმანეთთან მჭიდროდ მდგომი ოცამდე გოგონა შევნიშნეთ. ერთხმად სკანდირებდნენ და დროდადრო ყვიროდნენ. მოწოდებებში მოულოდნელად სიტყვა “დაჩია” გავიგონე და უმალ მათ ერთ-ერთ ლიდერს მივადექი. “ოთხი ჩვენთაგანი “დაჩიას” ფან-კლუბის წევრია, დანარჩენები კი უბრალოდ მოხალისეები. ხვალ დიდი სიხარულის დღე გვაქვს და გადავწყვიტეთ წავივარჯიშოთ” – მითხრა მიჰაელამ.


კლუბის ფერებში შემოსილი, საყვირებით და დოლით შეიარაღებული ფანკლუბელები სტადიონ “ზიმბრუს” ტრიბუნებზე მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გამოჩნდნენ და უმალ ომახიან ქომაგობას შეუდგნენ. იშვიათად ხალხსაც აიყოლიებდნენ ხოლმე. ცნობისთვის, ერთი კვირის წინანდელი მატჩისას, ავადსახსენებელმა ბულგარელმა დამკვირვებელმა ზესტაფონელ გულშემატკივრებს საყვირის და დოლის გამოყენება სასტიკად აუკრძალა. კიშინიოვში კი მსგავსი შეზღუდვა არავის დაუწესებია. ზოგადად, დასწრების მხრივ საქმე მასპინძელთათვის სახარბიელოდ ნამდვილად არ იყო და სტუმართა დასათრგუნად ამ რანგის თამაშებისთვის შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღეს – ადგილობრივი დიქტორი ლამის ყოველ ორ წუთში მოკროფონში ყვიროდა თავისი კლუბის სახელს და დამსწრეთ მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. სტადიონის აკუსტიკისა და არანორმალურად ბევრი და ძლიერი დინამიკების გამო დიქტორის შეძახილი საოცრად შთამბეჭდავი იყო.


ფან-კლუბელ მიჰაელას ერთხელაც გამოველაპარაკე. მის საბრძოლო განწყობაზე აღარაფერს ვიტყვი, ისედაც ნათელია. გამაღიზიანა ჩემი რესპოდენტის გვერდით მდგომი ასევე ფანის სიტყვებმა – გამეზარდაშვილი მოღალატეა. მან გუნდს ზესტაფონში წააგებინაო. რახან ქართველი ვიყავი, იმიტომაც “შემიქო”.
დაბრალებაზე ერთსაც მოგახსენებთ: თამაშის დაწყებამდე ჟურნალისტთა სექტორის წინ “დაჩიასა” და მოლდოვას საფეხბურთო ჩემპიონატის ქართველი ლიდერი ლევან კორღალიძე მოვიდა და ცოტა ხნით ჩვენს გვერდით დაჯდა, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი თანმხლებს უთხრა, იქეთ გადავჯდეთ, მერე მეც რამე არ დამაბრალონო.


რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “ზესტაფონის” თავკაცმა გია გეგუჩაძემ სასტარტო განაცხადში ზუსტად ის 11 ფეხბურთელი შეიყვანა, რომლებიც კვირის წინ იმერული დაპირისპირეაბისას დააყენა ძირითად შემადგენლობაში. “დაჩიას” თავკაცმა იგორ დობროვოლსკიმ კი სასტარტოში ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელა.
პირველივე წუთებიდანვე ნათელი გახდა, რომ მასპინძლები ძირითად აქცენტს ფლანგურ შეტევებდა და საჯარიმოში ბურთის ჩაკიდებაზე გააკეთებდნენ. ტაქტიკამ გაამართლა. განსაკუთრებით დიდი დაწოლა ზაალ ელიავას ფლანგზე მოდიოდა. რომ არა გიორგი ხიდეშელისა და გიორგი ონიანის ბრწყინვალედ თამაში, ანგარიში მესამე წუთზე გაიხსნებოდა. აქვე ერთი საინტერესო დეტალიც – კიშინიოვური კლუბის წარმომადგენლები გია გეგუჩაძეს თამაშის დაწყების წინ მინდვრის მორწყვას დაჰპირდნენ, მაგრამ პირობა არ შეასრულეს.


პირველი ტაიმი მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. შესვენებაზე ისინი ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. გოლი მეოცე წუთზე, ქართველთა საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან გვერდითი არბიტრის მიერ დანიშნულ საეჭვო ჯარიმას მოჰყვა. თავი დუმიტრუ პოპოვიჩმა გამოიჩინა. მისგან დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძის კარის ძელს მოხვდა და შემდეგ კარის ხაზზე მდგომი მეკარისკენ გადავარდა. კვასხვაძემ მოიგერია, მაგრამ მსაჯმა გადაწყვიტა, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა. ამის გარდა “დაჩიას” არაერთი საგოლე მომენტი მიეცა, მაგრამ ხან სიზუსტე აღალატებდათ, ხან მეკარე იდგა თავის სიმაღლეზე და ყველაზე ხშირად სიტუაციას ზესტაფონელი მცველები მუხტავდნენ. სტუმრების წინახაზელთაგან გამოსარჩევი შოთა გრიგალაშვილი იყო, რომელმაც სამჯერ სცადა შორიდან გატანა.


შესვენების შემდეგ გეგუჩაძის გუნდი მინდორზე გაცილებით მობილიზებული გავიდა და ეს თამაშსაც უმალ დაეტყო. “ზესტაფონმა” ბურთი დაიჭირა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. აქ კი უკვე “დაჩიას” საქმე ისევ მატეი იუგმა გააკეთა. შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე თემურ ღონღაძე წითელი ბარათით დასაჯა და უმეტესობაში დარჩენილი კიშინიოველებიც ისევ გააქტიურდნენ. მალე მინდვრის დატოვება ხიდეშელსაც მოუხდა, მუხლის ტრავმის გამო. მატჩის პირველ დამატებით წუთზე კი ონიანს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და გენადი ორბუმ თერთმეტმეტრიანით ანგარიში 2:0 გახადა. ფინალურ სასტვენამდე დარჩენილ ორიოდ წუთში ერთი სახიფათო მომენტიც შეიქმნა, ოღონდ არა “ზესტაფონის” არამედ “დაჩიას” კართან. გრიგალაშვილმა ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა.


თამაშის დასრულებას წაგებით გაცოფებული იგორ დობროვოლსკის არასპორტული საქციელი და გუნდური დაპირისპირება მოჰყვა. შემდეგ კი, ორი ერთმანეთზე საინტერესო პრესკონფერენცია, რომლებზეც გუშინვე მოგახსენეთ.
“ზიმბრუს სტადიონი ქართველმა ჟურნალისტებმა მატჩის დამთავრებიდან დაახლოებით ორ საათში დავტოვეთ. უკვე ბნელოდა. ფეხბურთზე ნამყოფი სამი შეზარხოშებული ახალგაზრდა მოგვადგა. შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გასვლა მოგვილოცეს – თქვენთან “ზესტაფონს” და ჩვენთან “ზიმბრუს” გაუმარჯოსო...

 


ოთარ მაღლაკელიძე, კიშინიოვი - თბილისი, www.worldsport.ge

   
FC ZESTAFONI © 2005