მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი გადალახულია
20 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” 2011-2012 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდის განმეორებითი შეხვედრა გამართა. განმეორებითი მატჩი პირველივით წარმატებული ვერ გამოდგა - შეხვედრა მოლდოველთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა, თუმცა მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საგზური მაინც მოიპოვა.
გთავაზობთ გაზეთ ”ლელოს” ჟურნალისტის ლევან ჯანეზაშვილის პუბლიკაციას, რომელიც კიშინიოვში გუშინ გამართული შეხვედრის პერიპეტიებს ეძღვნება ...
გასაკვირი არ იყო, რომ კიშინიოვური მატჩი ზესტაფონურისგან კარდინალურად განსხვავებული გამოვიდა. ვერაფერს იტყვი, “დაჩიამ”, რომელსაც ურთულესი ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი, ბევრი იბრძოლა და კონკრეტული შეხვედრა დამსახურებულადაც მოიგო, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ მასპინძლები მთელი დღე საზიზღრად იქცეოდნენ, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს და ქართველებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. საბედნიეროდ, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მაინც “ზესტაფონი” გავიდა, რომელმაც საკუთარ სტადიონზე დაამტკიცა, რომ “დაჩიაზე” უკეთესი გუნდია.
ჩხუბის პერიპეტიებზე უფრო დაწვრილებით “ლელოს” ხვალინდელ ნომერში გიამბობთ, ვიდეოჩანაწერის ნახვამდე კი გია გეგუჩაძის სიტყვებს უნდა დავეყრდნოთ – “დაჩიას” თავკაცმა იგორ დობროვოლსკიმ თორნიკე აფციაურს დაარტყა, რაც გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა. უსიამოვნო სიურპრიზი ზესტაფონელებს სტადიონზე მისვლისთანავე ელოდათ. დახვდათ – მასპინძლებმა პირი უტეხეს და მოედნის მორწყვის დაპირება არ შეუსრულეს. მოლდოველთა ჩანაფიქრი გასაგები იყო – მშრალი მინდორი ფლანგური ჩაწოდებების მიმდევარი “დაჩიასთვის” უფრო ხელსაყრელი გახლდათ, ვიდრე “პირველ სართულზე” უკეთ მოთამაშე “ზესტაფონისთვის”.
როგორც ჩანს, პირველ მატჩში წაგება მხოლოდ დავით გამეზარდაშვილისა და ლუჩიან დობრესთვის არ დაუბრალებიათ. დობროვოლსკიმ მხოლოდ ცენტრალურ მცველთა წყვილი კი არ შეცვალა, ზესტაფონურ შეხვედრასთან შედარებით “დაჩიას” ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ხუთი ახალი ფეხბურთელი გაამწესა.
პირველი ტაიმი მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. აშკარა იყო, რომ დობროვოლსკიმ თავის ფეხბურთელებს მიზნად სწრაფი გოლის გატანა დაუსახა და მართალია, მოლდოვის ჩემპიონებს დაწინაურება ცოტა დაუგვიანდათ, მაგრამ გასახდელში 1:0-ით დამსახურებულად გავიდნენ. სხვა საქმეა, რომ გოლი ცოტა არ იყოს, საეჭვო ვითარებაში გაიტანეს. დმიტრი პოპოვიჩის მიერ დარტყმული ჯარიმა “ზესტაფონის” კარის ძელს მოხვდა, რის შემდეგაც როინ კვასხვაძემ თითქოს მდგომარეობა განმუხტა, მაგრამ...
გაზეთის ოპერატიულობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მატჩის სატელევიზიო რეპორტაჟი არ გვინახავს, ამ მომენტის ვიდეოგამეორების ნახვა დროულად ვერ შევძელით და როცა ეპიზოდს ჟურნალისტებიცა და ქომაგებიც დეტალურად გავარჩევთ, დასკვნებიც მერე გამოვიტანოთ.
“ზესტაფონი” საწყის 45 წუთში გოლს კიდევ რამდენიმეჯერ გადაურჩა. ყურადღების ცენტრში ყველაზე ხშირად “დაჩიას” ცენტრფორვარდი სლავენ სტეპანოვიჩი იყო, რომელმაც მიზანს ორჯერ მცირედით ააცილა, ერთხელ კი კვასხვაძეს ვერ აჯობა.
საქართველოს ჩემპიონები ტაიმის ბოლოს გამოცოცხლდნენ, თუმცა მასპინძელთა საჯარიმოში ვერ შეაღწიეს. ყველაზე ინიციატივიანი შოთა გრიგალაშვილი იყო, რომელმაც ორჯერ შორეული დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ ორივეჯერ არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმი “ზესტაფონმა” მძლავრად დაიწყო, კომბინაციურად ათამაშდა და შეტევაშიც სცადა ბედი. მართალია, თორნიკე აფციაურის არაზუსტი დარტყმის გარდა, სხვას ვერაფერს გამოვრჩით, მაგრამ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურს აუღელვებლად მოიპოვებდა.
თუმცა ასე არ მოხდა – 65-ე წუთზე სლოვენიელმა არბიტრმა მატეი იუგმა თემურ ღონღაძეს წითელი ბარათი უჩვენა. თურმე, ჯერ სად ვიყავით – იუგმა ნამუსზე სულ მთლად აიღო ხელი და “დაჩიას” სასარგებლოდ არაერთი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. მასპინძელთა გაუთავებელ ჩაწოდებებს რამდენიმეჯერ მოჰყვა შემტევთა აშკარა სიმულაცია და ერთ-ერთი ასეთი თაღლითობის დროს მსაჯმა “ზესტაფონის” კარში პენალტი დანიშნა.
მეორე გოლი დამატებულ დროში მივიღეთ, მაგრამ მღელვარების მიზეზი მაინც გვქონდა – კაცმა არ იცოდა, კიდევ რა მოუვიდოდა იუგს თავში. საბედნიეროდ, საამისო მომენტის პოვნა მან ვეღარ მოასწრო და არცთუ საუკეთესო მატჩის ჩამტარებელმა, მაგრამ გვარიანად ნაბრძოლ-ნაგვემმა “ზესტაფონმა” მოლდოვური ბარიერი გადალახა.
ბოლო წუთებში ყურადღების ცენტრში ორჯერ მოექცა ნიკა გელაშვილი. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა 88-ე წუთზე მეურვე ჩამოიცილა და ეფექტურადაც დაარტყა, მაგრამ კარი გაიდუჩევიჩმა იხსნა, 2:0-ზე კი კონტრშეტევისას გრიგალაშვილი მოძებნა, რომელმაც მიზანს ააცილა.
მუხლი დაიშავა და თამაშის ჩამთავრება ვერ შეძლო გიორგი ხიდეშელმა. შესაძლოა, დაზიანება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდეს.
არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ “ზესტაფონმა” კიშინიონში ნამდვილ ჯოჯოხეთს გაუძლო. “დაჩია” ჩვენთვის ისტორიაა, წინ “შტურმია”, ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა გრძელდება!
|