19 ივლისს, საღამოს 21:00 საათზე, "დაჩიასთან" ხვალ გასამართი შეხვედრის წინ, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიშინიოვის მთავარ არენაზე - სტადიონ "ზიმბრუზე" მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშმა ქართული და ადგილობრივი მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.
იმერელთა წვრთნამ ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გასტანა, ფეხბურთელებმა ნაყოფიერად იმუშავეს ბურთით და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებიც დახვეწეს. სასიხარულოა, რომ ამ უპრინციპულესი მატჩის წინ მოლდოვაში ჩასული თვრამეტივე ჩვენი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.
როგორც მოგახსენეთ, ვარჯიშს ქართული და მოლდოვური მედიის წარმომადგენლები მრავლად დაესწრნენ და წვრთნის პროცესის დაწყებამდე გამართულ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე იმერთა მთავარ მწვრთნელ გიორგი გეგუჩაძეს შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვეს (იხილეთ ვიდეო)
შეგახსენებთ, რომ ”დაჩია” - ”ზესტაფონის” ხვალინდელი შეხვედრა ადგილობრივი დროით 20:00, ხოლო თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.