19.07.2011

 

 

 

 

 

იგორ დობროვოლსკი: “წელიწადში ერთხელ ჯოხიც ისვრის”

 

 

 

 

 

 

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, კიშინიოვში “ზესტაფონთან” ჩასატარებელი განმეორებითი შეხვედრის წინ, “დაჩიას” მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ, მოლდოველი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირველ მატჩში 0:3 მარცხი შემთხვევითობა იყო.

 


იგორ დობროვოლსკი: “სტუმრად ჩატარებული მატჩის შემდეგ, უკან დაბრუნებულებმა გარკვეული დასკვნები გავაკეთეთ. სრულფასოვნად ვემზადებით და ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის. გუნდში არანაირი პანიკა არ არის. ყველაფერი ნორმალურად მიდის. ვფიქრობ, ხვალ ცოტა განსხვავებული გუნდით წარვდგებით. ის, რაც “დაჩიას” პირველ თამაშში დაემართა, შემთხვევითობა იყო და ფეხბურთელებს რაღაც საკუთარი ძალების რწმენა დააკლდათ”.


ანდრეი კოჟოკარი (“დაჩიას” ფეხბურთელი): “დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნოთ. ბიჭები საბრძოლველად იწევენ და სურთ დაამტკიცონ, რომ პირველი თამაშის წაგება შემთხვევითობა იყო”.


- გულწრფელად გჯერათ, რომ “დაჩიას” სამბურთიანი სხვაობით მოგების და მატჩის დამატებით დროში გადაყვანის მცირე შანსი მაინც აქვს? თუნდაც თეორიული.
- თუნდაც თეორიული? მაშინ, ჩვენ აქ არ ვიჯდებოდით და ერთმანეთს არ შევხვდებოდით. რატომ? უბრალოდ, მოედანზე არ გავიდოდით და 0:3 წაგებას ჩაგვიწერდნენ. რადგან ამ მატჩისთვის ვემზადებით... იმედი ყოველთვის ბოლოს კვდება. მათ შორის ნამუსი, პატივი და ღირსება ფეხბურთელისთვის. თუ არის მცირე შანსი, თუნდაც ერთი პროცენტი, მაშინ მის გამოყენებას შევეცდებით.


- ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია?

- აბსოლუტურად ყველა ჯანმრთელია.


- პირველ მატჩთან შედარებით, რაიმე ცვლილებები იქნება?
- შესაძლოა. კორექტივები შესატანი გვაქვს.


- მართლია, რომ “ზესტაფონთან” მატჩის შემდეგ, დობრე და გამეზარდაშვილი წავიდნენ?
- ეს სადმე არაოფიციალურ წყაროში წაიკითხეთ?


- არა თავად დობრემ გვითხრა...
წავიდნენ? გუნდიდან თავად წავიდნენ? ამჟამად, ისინი გუნდში არიან. რაც შეეხება გუნდს, ყველაფერი მის შიგნით გაირკვევა.


- მატჩისთვის ემზადებიან, თუ, უბრალოდ, გუნდში არიან?

- გუნდი მთელი შემადგენლობით ემზადება.


- რა არ გეყოთ განვლილ თამაშში? მაშინაც ამბობდით, რომ მონდომებულნი ხართ და ზესტაფონში მოსაგებად ჩახვედით.


კოჟოკარი: ჩემი აზრით, შეტევაში აგრესია და თავდაჯერება არ გვეყო. პირველ წუთებში ბიჭები შეტევაში წავიდნენ, მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა და იგრძნობოდა, რომ ზოგიერთს წინ წასვლის შიში ჰქონდა. თამაში საკმაოდ თავდაჯერებულებმა დავიწყეთ და გოლის გატანაც შეგვეძლო. ასე რომ მომხდარიყო, მატჩი სულ სხვა შედეგით დამთავრდებოდა.


- ოსტატობა საკმარისი გაქვთ?

კოჟოკარი: ოსტატობა გვყოფნის და “ზესტაფონს” არაფერში ჩამოვრჩებით. მეტოქეს შეთამაშებული გუნდი ჰყავს. სამი წელია ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშობენ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დაუმარცხებელი გუნდია. საკუთარი ტრიბუნების თვალწინ “ზესტაფონის” ფეხბურთელები ყველა ბურთისთვის იბრძოდნენ. ჩვენც არ ვიდექით, მაგრამ იმ დღეს იღბალი მათ მხარეს იყო. მათ ისიც კი გამოსდიოდათ, რის გაკეთებაც არ უნდოდათ, რადგან საკუთარი კედლები ეხმარებოდათ. ასე რომ, შესაძლოა, ხვალ თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს. თუ ტრიბუნებზე საგრძნობი მხარდაჭერა იქნება, ბიჭები წალეკავენ ამ “ზესტაფონს” და დაივიწყებენ რა არის ზესტაფონი და ქუთაისი.


- არ გეშინიათ, რომ პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი არ მოვა?
კოჟოკარი: არ გვეშინია. არც ერთი გულშემატკივარი რომ არ მოვიდეს, ჩვენ გავალთ და ვითამაშებთ. ნათესავები ნამდვილად მოვლენ და ღირსება ყველაზე მთავარია.


- ჯაბა დვალისგან ასეთ ფეერიულ თამაშს ელოდით? იცით ის “დაჩიაში” როგორ ირჯებოდა, მაგრამ ახლა, უბრალოდ, საუცხოოდ ითამაშა. “ზესტაფონმა” თავისი თამაშით გაგაოცათ?
დობროვოლსკი: წელიწადში ერთხელ ჯოხიც ისვრის. ელოდით მადრიდის “რეალისგან” “ბარსელონასთან” ასეთ ფეერიულ თამაშს? შედეგი – 0:5. ეს ისე შეგახსენეთ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ჩავარდნები ყველას აქვს – დიდ გუნდებს, საშუალოებს, ცუდებს და ადამიანებსაც. არა მგონი, თქვენ ყოველდღე ერთი და იგივე ხასიათზე იღვიძებდეთ.


- ქართული სამზარეულო გასინჯეთ? ღვინო?
დობროვოლსკი: რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ იქ დასავენებლად წავედით როგორც ტურისტები. სინამდვილეში იქ საჭმელად და ღვინის სასმელად ვიყავით, რის შემდეგ, სტადიონზე შევიარეთ, მაგრამ წარუმატებლად – 0:3 წავაგეთ...


- შემტევ შემადგენლობას დააყენებთ?

- პროინციპში, იქაც შემტევი შემადგენლობა დავაყენე. შედეგი არაა დამოკიდებული იმაზე, შემტევ ფეხბურთს თამაშობ თუ დაცვითს. მოედანზე ყველაფერს ადამიანები აკეთებენ.


- გუნდმა უსახურად რომ ითამაშა, ვისი ბრალია? ფეხბურთელების? ისინი ხომ ევროტურნირებში გამოუცდელნი არიან.
- ვფიქრობ, ყველას ბრალია. ვერ გეტყვით, რომ ფეხბურთელები სათანადოდ განწყობილნი არ იყვნენ. სულ სხვა საქმეა, რომ არ გამოუვიდათ. ცალკე განხილვის თემაა, რომ ისეთი შეცდომები დაუშვეს, რაც არ უნდა დაეშვათ. ეს ნერვიულობის ბრალია. გუნდის უმეტესი ფეხბურთელების მიმართ პრეტენზია არ მაქვს, რადგან თავი არ დაუზოგავთ.


- კიშინიოვში თამაშის გაძლიერებას რის ხარჯზე აპირებთ? თუ, ამას მოგებული მატჩის მერე გავიგებთ?
- შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. იმ ადამიანის ნაცვლად, რომელიც საკუთარ თავს ვერ გაუმკლავდა და მოედანზე რაც საჭირო იყო ვერ გააკეთა, სხვა გამოვა, რომელიც იმას გააკეთებს, რაც გასაკეთებელია.

 


მოამზადა ლაშა თაბაგარმა, www.worldsport.ge

   
FC ZESTAFONI © 2005