19.07.2011

 

 

 

 

 

ზესტაფონელები კიშინიოვში დაბანაკდნენ

 

 

 

 

 

 

19 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მოლდოვაში გაემგზავრა. დილის 11:00 საათზე, ჩარტერული რეისით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 2 საათში ქართული გუნდი კიშინიოვის აეროპორტში ჩაფრინდა.

 

კიშინიოვის აეროპორტიდან ავტობუსით ათწუთიანი მგზავრობის შემდეგ, ქართველები ქალაქგარეთ მდებარე სასტუმრო ”პრეზიდენტში” დაბინავდნენ.

უნდა ითქვას, რომ ზემოიმერლები მოლდოვაში შეთხელებული შემადგენლობით გაემგზავრნენ. როგორც მოგეხსენებათ, გუნდმა ჯერ ალექს ბენაშვილი მოისაკლისა. გუშინ საღამოს კი შოთა ბაბუნაშვილს ტემპერატურამ აუწია და გუნდის სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ, გია გეგუჩაძის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ბესარაბიაში 18 ფეხბურთელით გამგზავრების შესახებ.

დღეს საღამოს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მოლდოვაში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. ვარჯიში კიშინიოვის ”ზიმბრუს” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005