ინტერვიუ გიორგი ჭელიძესთან...
”ზესტაფონი”-ს დუბლი რეალურია.
მიმზიდველად თამაშობსო, რომ იტყვიან ხოლმე, ”ზესტაფონი”-ს ნახევარმცველი გიორგი ჭელიძე სწორედ ისეთი მანერის ფეხბურთელია. 22 წლის ნახევარმცველი პირველად ”თბილის”-ში გამოჩნდა, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჩაატარა რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი. შემდეგ გიორგის ჩავარდნა ჰქონდა, თბილისის ”დინამო”-ს ძირითადში ვერ ხვდებოდა, ახლა კი ”ზესტაფონ”-შია და ჩვენც პირველი წრის შეფასება ვთხოვეთ...
- პირველ წრეში შენი თამაშით კმაყოფილი ხარ?
- მთლიანობაში კი. თვითონ ”ზესტაფონი” - სთვის იყო კარგი პირველი წრე, მხოლოდ ერთი მატჩი ჩავაგდეთ, როცა ”ვიტ - ჯორჯია”- სთან 0-3 წავაგეთ. ამ თამაშის გარდა გოლი არ გაგვიშვია, თან ტურიდან ტურამდე ვუმატებდით.
- ”ზესტაფონი” იმ ხუთ გუნდს შორისაა, ჩემპიონობისთვის რომ იბრძვიან. ყველაზე მეტ ხიფათს რომელი გუნდისგან ელი ?
- ”ოლიმპ”-ს გამოვარჩევ. ყველაზე მეტად ამ გუნდთან გაგვიჭირდა. ისე კი, ცხადია, ”ზესტაფონ”-ს უმაღლესი მიზნები აქვს. არა მარტო ჩემპიონობა, თასის მოპოვებაც გვინდა და ვფიქრობ, ეს რეალურია.
- ნახევარდაცვაში ყველა ადგილზე გითამაშია და არ გიჭირს ხოლმე გადაწყობა?
- შეჩვეული ვარ. ”ზესტაფონ”-ში ხან შუაში ვარ, ხან მარჯვნივ, რამდენჯერმე მარცხნივაც ვითამაშე.
- გუნდი როდის იკრიბება?
- 20 დეკემბერს, ხოლო ნაახალწლევს ან კვიპროსზე წავალთ, ან ანტალიაში. ჯერ ზუსტად არ ვიცი...
- ბრაზილიელებმა, ვიეირამ და სანტოსმა შესამჩნევად გააძლიერეს ”ზესტაფონი” ?
- კი, კარგი ფეხბურთელებიც არიან და კარგი პიროვნებებიც. ქართულადაც ვასწავლეთ რაღაც სიტყვები... ისე, საფეხბურთო ენა ხომ ყველამ იცის, იოლად ითვისებენ ყველაფერს.
- გიორგი ჭელიძე გიორგი დევდარიანის დროინდელ ”თბილის”-ში და ახლა - როგორ ფიქრობ, მაშინდელთან შედარებით მოუმატე?
- მგონი, ცოტა მოვუმატე, თუმცა ჩემი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. მიჭირს შედარება...
- ორი - სამი წლის წინ ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყავი, ამ შემოდგომაზე კი ლიტვასთან და სერბეთთან მატჩებისთვის არ გამოგიძახეს ...
- რას ვიზამ, ეს ხომ მწვრთნელის გადასაწყვეტია. უბრალო მომენტია - შეიძლება, მწვრთნელს არ მოსწომდე და მორჩა ...
- ლამის ყველა ქართველ ფეხბურთელს უცხოეთისკენ მიუწევს გული. რაიმე წინადადება ხომ არ გააქვს ?
-
რეალური არაფერი. კარგი ტრანსფერისთვის მარტო კარგი ფეხბურთელობა არ კმარა, ყისმათიც საჭიროა. ისე კი, ”ზესტაფონ”-შიც კმაყოფილი ვარ ...
|