17.07.2011

 

 

 

 

 

”დაჩია”-”ზესტაფონს” სლოვენიელები მოემსახურებიან

მოლდავურ-ქართული დუელის განმეორებით მატჩს მატეი იუგი განსჯის

 

 

 

 

უეფას ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის კიშინიოვში 20 ივლისს გასამართ ”დაჩია”-”ზესტაფონის” წყვილის განმეორებით შეხვედრას სლოვენიელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

 

მოლდოვის დედაქალაქის ”ზიმბრუს” სტადიონზე 20 ივლისს გასამართი ქართულ-მოლდავური დუელის განმეორებით მატჩს სლოვენიელი არბიტრი მატეი იუგი განსჯის.

უნდა ითქვას, რომ ამ წყვილის პირველი მატჩის ახალბედა თურქი არბიტრისაგან განსხვავებით, 30 წლის სლოვენიელ რეფერის ევროპაში მუშაობის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა - მთავარი არბიტრის რანგში მატეი იუგს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებზეც უმუშავია, უეფას ევროპის ლიგისა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩებზეც. ერთხელ სლოვენიელი საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრასაც მომსახურებია - სწორედ მატეი იუგი გახლდათ 2008 წლის 20 აგვისტოს გამართული უელსი-საქართველოს მატჩის არბიტრი. მაშინ ექტორ რაულ კუპერის მიერ დამოძღვრილმა ქართველებმა მასპინძელი ბრიტანელები იმ პერიოდში ”ზესტაფონში” მოასპარეზე ბექა გოცირიძის მიერ შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით 2-1 დაამარცხეს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005