16.07.2011

 

 

 

 

 

კახა ცხადაძე: "ზესტაფონმა" გამაოცა!

 

 

 

 

 

 

ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ფეხბურთელები ორიოდე დღით დაასვენა, თავად კი საქართველოში ჩამოვიდა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონისა" და კიშინიოვის "დაჩიას" მატჩს დაესწრო.



"ბედნიერი ვარ, რადგან ქართული გუნდის შესრულებით ძალიან სერიოზული დონის ფეხბურთი ვიხილე. საერთოდ, ბოლო დროს პოსტსაბჭოურ სივრცეში გამოიკვეთა ასეთი ტენდენცია: თითქმის ყევლა ქვეყანაშია გუნდი, რომელიც სხვებისგან განსხვავებულია და მაყურებლის ინტერესს იწვევს.

დღეს საქართველოში ასეთი "ზესტაფონია", რომელიც აჩვენებს განსხვავებულ ფეხბურთს, აქვს გამორჩეული ინფრასტრუქტურა, პირობები, ძალიან კარგი სასელექციო პოლიტიკა და, რაც მთავარია, ნიჭიერი ახალგაზრდების გაზრდაზეა ორიენტირებული, რაც ჩვენი ფეხბურთისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

გეგუჩაძე განათლებული და ნიჭიერი მწვრთნელი რომ არის, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ვფიქრობ, მისმა არაერთი წლის საქმიანობამ ნაყოფი გამოიღო. ვუყურებდი "ზესტაფონის" თამაშს და მსიამოვნებდა, ყველა ფეხბურთელმა იცოდა თავისი ადგილი, უსიტყვოდ გრძნობდნენ ერთმანეთს, რაც მთავარია, მომეწონა თამაშის ოგანიზაცია და მინდა, გიას მივულოცო ის, რომ ძალიან სიმპათიური და ლამაზი გუნდი ჩამოაყალიბა.

"ზესტაფონი" ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც გულშემატკივარს უყვარს. გუნდი ყველა რგოლში დაბალანსებულია, ჰყავს საიმედო მეკარე. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ორივე ცენტრალურმა მცველმა, ონიანს კარგად ვიცნობ და მის შესაძლებლობებში ეჭვი არც მეპარებოდა. ძალიან გაზრდილა გიორგი ხიდეშელი, ზუსტი და საიმედოდ იყო. სასარგებლოდ ერთვებოდნენ იერიშებში ფლანგის მცველები.

კარგი იყო ნახევარდაცვა, რომელიც აქტიურობითა და ეფექტური თამაშით მოლდოველებს გასაქანს არ აძლევდა და ბევრ მწვავე მომენტს ქმნიდა - გამოცდილი აფციაური კარგად აკონტროლებდა ბურთს და თამაშს. საყრდენებმაც მშვენივრად ითამაშეს. მე თუ მკითხავთ, "ზესტაფონის" გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა.

მომეწონა აგრესიული და მწვავე თავდამსხმა, ასეთი ფორვარდები ნებისმიერ დაცვას შეუქმნიან პრობლემებს, დვალმა და გელაშვილმა "დაჩია" ააწიოკეს და გამუდმებით ქმნიდნენ დაძაბულობას.

მოკლედ, "ზესტაფონი" ძალიან მომეწონა, მინდა გუნდს და მის გულშემატკივარს გამარჯვება მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. იმედია, ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მოახერხებენ", - თქვა ცხადაძემ.

 


მერაბ მამულაშვილი, გაზეთი ”ლელო”

   
FC ZESTAFONI © 2005