”ზესტაფონმა" ზესტაფონში უნდა ითამაშოს!
”ოლიმპის" მკითხველმა უკვე იცის, რომ წესრიგის უზრუნველმყოფი სტრუქტურების მიერ დაშვებული შეცდომების, ქომაგების არაადეკვატური ქცევისა და უეფას ბულგარელი დელეგატის პოზიციის გამო ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვიტა, რომ საფერბურთო კლუბ ”ზესტაფონს" არ ჰქონდა უფლება, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი მშობლიურ ”დავით აბაშიძეზე" ჩაეტარებინა.
რა თქმა უნდა, ეს იყო არასასიამოვნო ინფორმაცია. გუშინ სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა. როგორც ჩანს, ევროპული ფერბურთის მმართველი ორგანო იმერლებს მშობლიურ სტადიონზე თამაშის საშუალებას მისცემს, ოღონდ ამისთვის უეფა სახელმწიფოს გარანტიას ითხოვს, რომ სტადიონზე უკანონოდ შეღწევის მცდელობები აღარ განმეორდება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართული ფეხბურთი ერთიანია. უამრავი გულშემატკივარი ჰპირდებოდა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს", რომ ისინი ეროვნულ სტადიონზე ბოლომდე გაამხნევებდნენ გუნდს, რომელსაც, მოლდოველების ძლევის შემთხვევაში, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესასვლელად კი - ორის.
კლუბის სატკივარი გულთან ახლოს მიიტანეს სახელმწიფო სტრუქტურებმა და ფეხბურთის ფედერაციამ. ასეთი ერთიანობით ნამდვილად მიიღწევა შედეგი. აქვე გამოითქვა მოსაზრება, რომ პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად მიიღებს ”ზესტაფონი" ”შტურმს", რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ქვემოთ შევეცდებით ავხსნათ, თუ რატომ:
1. ”ზესტაფონის" კარგად შეთამაშებული შემადგენლობისთვის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი კარგა ხანია, მშობლიურია. ფეხბურთელებისთვის ცნობილია მისი ყველა კუთხე-კუნჭული.
2. ”დავით აბაშიძე" არის სუფთა საფეხბურთო სტადიონი, სადაც ტრიბუნები მინდორთან ძალიან ახლოსაა. ეს მოწინაანმდეგეს მთელი მატჩის განმავლობაში პრესის ქვეშ ამყოფებს და საქმეს ურთულებს.
3. ზესტაფონის სტადიონზე ადგილობრივ ქომაგს შეუძლია, განუმეორებელი ატმოსფერო შექმნას და ბოლომდე შეავსოს 4 560-იანი სპორტული არენა. ამის გაკეთება კი ”ბორის პაიჭაძეზე", რომელიც 55 000 მაყურებელს იტევს, ძათიან გაჭირდება.
გუშინ კომენტარისთვის მივმართეთ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის" პრეს-სამსარურის ხელმძღვანელს, სერგო ფუტკარაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში შემდეგი განაცრადა:
”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ”დაჩიას” ბარიერის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მშობლიურ ”დავით აბაშიძეზე" ჩავატაროთ. ამ მიზნის მისაღწევად კლუბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ”ზესტაფონი” ევროპულ ასპარეზზე შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული და შინაურ კედლებში თამაში ჩვენს შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო სტრუქტურებს, ფერბურთის ფედერაციას, ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც ამ რთულ წუთებში გუნდის გვერდით დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული დროშის, სპორტისა და ფეხბურთის პრესტიჟი ევროპულ ასპარეზზე ღირსეულად დავიცვათ".
|