“ზესტაფონს” მეტოქის იმერეთში მასპინძლობის შანსი კვლავ აქვს
უეფას შტაბ-ბინაში 15 ივლისს გამართულმა კენჭისყრამ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ს.კ. “ზესტაფონის” სავარაუდო მეტოქეები გამოავლინა. იმერლებს ავსტრიისა და უნგრეთის ჩემპიონებს შორის გამარჯვებული შეეცილება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირისაკენ მიმავალ გზაზე. გრაცის “შტურმმა” “ვიდეოტონი” პირველ მატჩში 2:0 დაამარცხა და ქართველთა მეტოქეობის უფრო რეალური კანდიდატი გახლავთ.
სხვათა შორის, წაგების შემთხვევაში, ზესტაფონური გუნდისთვის მე-3 ეტაპი, წლევანდელი ევროსეზონის ბოლო ბარიერი არ იქნება. უეფას რეგლამენტით, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებულ გუნდს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელ ფლეი ოფში თამაშის უფლება ეძლევა.
ეს კარგი, მაგრამ ზესტაფონელ ქომაგს, ჩემპიონის საშინაო მატჩის “დავით აბაშიძეზე” ხილვა, შესაძლოა მიმდინარე სეზონში უკვე სანატრელი გაუხდეს. მოგეხსენებათ, “დაჩიასთან” ოთხშაბათს მოგებული (3:0) შეხვედრის ბულგარელი დელეგატის მიერ უეფაში ჩატანილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ზესტაფონური არენა მორიგი მასპინძლობისთვის აითვალწუნეს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, თუ უეფას იმერელთა საშინაო მატჩზე უსაფრთხოების გარანტად სახელმწიფო დადგება, შესაძლოა “ზესტაფონს” აპატიონ და კიდევ ერთი შანსი (მოგეხსენებათ, შარშან ლვოვის “კარპატისთან” კარსუკანა უწესრიგობა, კლუბის მესვეურთ გვარიან სანქციად დაუჯდა) მისცენ.
“მსოფლიო სპორტი” მომავალ მეტოქეთა და შესაძლო “ამნისტიის” შესახებ, “ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაეკითხა.
- ბატონო გია, არჩევანში ხართ. რომელს ისურვებდით მომავალ მეტოქედ - “შტურმს” თუ “ვიდეოტონს”?
- არჩევანში ნამდვილად არ ვარ. ჯერ “დაჩიასთან” დუელი გვაქვს მოსაგები.
- მაშინ ორივე სავარაუდო მოწინააღმდეგე ცალ-ცალკე რომ შეაფასოთ. აშკარაა, უკეთესი შანსი ავსტრიელებს აქვთ...
- ჯერჯერობით ყოველგვარი შეფასებისაგან თავს შევიკავებ. გავივლით მოლდოვურ ბარიერს და მერე დიდი სიამოვნებით.
- უეფამ თქვენი კლუბი მაყურებელთა საქციელის გამო დასაჯა...
- ეს ძალიან ცუდი რამაა. გულშემატივრისაც მესმის, იმ ციებ-ცხელებაში, რომელიც საყვარელი გუნდის ქომაგობისას აქვს, იგი ალბათ ვერ გრძნობს, რაღაცას რომ აშავებს. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ზესტაფონში კიდევ უნდა შეხვედრები ჩატარდეს, თავშეკავებულები იყვნენ, გაიზიარონ გუნდთან ერთად ის მოთხოვნები, რასაც უეფა გვიყენებს. ისინი ნამდვილად არ იზღუდებიან, აღნიშნული უსაფრთხოების ზომები მაყურებლისთვის ძალიან იოლი შესასრულებელია.
- თქვენი საუბრიდან ისე ჩანს, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ უეფამ კიდევ ერთხელ აპატიოს ”ზესტაფონს” და გარკვეული გარანტიების მიღების შემდეგ, დართოს გუნდს ”დავით აბაშიძეზე” მორიგი შეხვედრის წელსვე თამაშის უფლება.
- ჩვენ ყველა ამის დიდი სურვილი გვაქვს. როგორც ვიცით, დღეს-ხვალ ყველაფერი გადაწყდება.
- როგორც ვიცით, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ”ზესტაფონს” ისედაც ეროვნულ სტადიონზე მოუწევს შემდეგი მეტოქის მასპინძლობა.
- მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ჯერ ”ზესტაფონი” ”დაჩიას” გასცდეს წარმატებით და მერე ვისაუბროთ სად ვითამაშებთ და რომელ მეტოქესთან უკეთესი იქნება თამაში.
|