14.07.2011

 

 

 

 

 

დიდებული ცეკვა ”მგლებთან”

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” არსებობის ისტორიაში მართლაც რომ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მოლდოვურ ”დაჩიასთან” ნამდვილ დღესასწაულად იქცა პატარა იმერული ქალაქისთვის.

სტადიონი პირთამდე გაივსო. შეხვედრას სრული შემადგენლობით დაესწრო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა. ეროვნული გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ კი ”ზესტაფონის” თამაშით ძალიან გაიხარა.

 

 


უნდა ითქვას, რომ გულშემატკივრობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის, რომ ბიჭები თავიდან ბოლომდე ფრთაშესხმულნი თამაშობდნენ, მათი დამსახურებაცაა. ”ზესტაფონმა” გამოიყენა ყველა ის კოზირი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გია გეგუჩაძის მიერ წლების განმავლობაში აწყობილმა თამაშმა კი შანსი არ დაუტოვა ოლიმპიურ ჩემპიონს, იგორ დობროვოლსკის.


მასპინძლებმა თამაში მათთვის ტრადიციული 4-4-2 სათამაშო სქემით დაიწყეს. გუშინდელი შეხვედრის შემხედვარე ვერ გამოვარჩევთ ვერც ერთ სათამაშო რგოლს. ყველა ფეხბურთელმა უკიდურესი თავგანწირვითა და მონდომებით ითამაშა, მაგრამ სამმა მარგველმა მაინც დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა - შეხვედრის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელმა ჯაბა დვალმა, მისმა მეწყვილემ თავდასხმაში ნიკა გელაშვილმა და ბუბა დაუშვილმა. შესანიშნავი იყო გუნდის დებიუტანტი თეიმურაზ ღონღაძე.
”დაჩიაზე” კი რა უნდა ვთქვათ. მოლდოველებმა ნამდვილად ვერ აუღეს ალღო ზესტაფონელთა მიერ შეთავაზებულ ტექნიკურ ფეხბურთს.


საკმარისია აღინიშნოს, რომ ”დაჩიას” არც ერთი 100-პროცენტიანი საგოლე მომენტი არ შეუქმნია როინ კვასხვაძის კართან. ”ზესტაფონმა”” უზომოდ აქტიურად დაიწყო თამაში. პირველი სახიფათო მომენტი შეხვედრის მე-5 წუთზე შეიქმნა, როდესაც ძარია ცდილობდა მოწინააღმდეგის კარის აღებას. ამას მოჰყვა ჯაბა დვალის უაღრესად სახიფათოდ დარტყმული. ბურთი კარს ზემოდან გადასცდა. მე-14 წუთზე კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის პირთამდე შევსებული ტრიბუნები პირველად აფეთქდა. თორნიკე აფციაურმა დიდებული გადაცემით სტუმართა მთელი დაცვა მოჭრა და ნიკა გელაშვილი ხელსაყრელ სიტუაციაში დატოვა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გამოზომილი დარტყმით აიღო ”მგლების” (”დაჩიას” მეტსახელია) კარი. მე-18 წუთზე თემურ ღონღაძის უაღრესად სახიფათოდ დარტყმული ასცდა მოწინააღმდეგის კარს. 23-ე წუთზე კი ჯაბა დვალმა ნიკოლოზ გელაშვილის დიდებული გადაცემის შემდეგ სამ მცველს დაახვია თავბრუ და 9-იანში გაუტანა მოლდოვას ჩემპიონის კარის დარაჯს არტიომ გაიდუკევიჩს.


მიუხედავად იმისა, რომ ”ზესტაფონს” უკვე სოლიდური ფორა ჰქონდა, მარგველები უკანმოუხედავად უტევდნენ მოწინააღმდეგის კარს. 29-ე წუთზე დვალმა სტუმართა მთელი დაცვა მოჭრა და გელაშვილი მეკარეს პირისპირ შეატოვა. ფორვარდი გოლკიპერს აშკარად დაასწრებდა, მეკარეს საჯარიმოს მოშორებით ხელით რომ არ ეთამაშა. სამწუხაროდ, თურქმა არბიტრმა ეს ვერ შენიშნა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შეცდომა ამ ახალგაზრდა არბიტრისა. 32-ე წუთზე დვალის ეშმაკურად დარტყმული ბურთი გაიდუკევიჩმა ძლივს მოიგერია. სულ მალე კი ნამდვილი შედევრი ვიხილეთ. 40-ე წუთზე დვალმა მეტოქის სამი მცველი მოატყუა და მართლაც ულამაზესი ბურთი გაიტანა მოწინააღმდეგის კარში.


მეორე ტაიმში ”ზესტაფონის” შეტევების ტემპი ოდნავ შენელდა, მაგრამ ამას თავისი ახსნა ჰქონდა. მოპოვებული კომფორტული უპირატესობის პირობებში გოლის გაშვება მართლაც არ იქნებოდა სასიამოვნო. უნდა აღინიშნოს, რომ თვით ასეთ თამაშშიც კი ”ზესტაფონმა” რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა მეტოქის კართან. 53-ე წუთზე თემურ ღონღაძემ ორი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და გელაშვილს გადააწოდა ბურთი. მის მიერ დარტყმული კი მოლდოველთა კარის დარაჯმა აიღო. გოლის გატანის შესანიშნავი შანსები ჰქონდათ ჯაბა დვალს, თორნიკე გრიგალაშვილსა და ნიკა გელაშვილს, მაგრამ ”დაჩიას” კარის აღება ვეღარ მოხერხდა.


სტუმრებმა ყველაზე სახიფათო მომენტი შეხვედრის მე-80 წუთზე შექმნეს. შეტევაში ჩართულმა დავით გამეზარდაშვილმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთის კარში გადაგზავნასაც შეეცადა, მაგრამ მცველებმა იყოჩაღეს და სიტუაცია განმუხტეს. ცხადია, ერთი კვირის თავზე ”ზესტაფონს” ურთულესი ბრძოლა ელის მოლდოვაში, მაგრამ არსებობს გარანტია, რომ ფეხბურთელები არამც და არამც არ მოდუნდებიან. ამის შესახებ მათ თავად აღნიშნეს ჩვენთან საუბარში.


იგორ დობროვოლსკი (”დაჩიას” მთავარი მწვრთნელი):

”მეტოქემ გვაჯობა, დამსახურებულად გაიმარჯვა. მასპინძელთა უპირატესობა განსაკუთრებით დიდი იყო შეხვედრის პირველ ნახევარში. არ ვთვლი, რომ ”დაჩია” განწირულია. თუ ”ზესტაფონმა” გაგვიტანა სამი გოლი, ჩვენც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ მოლდოვაში”.


გია გეგუჩაძე (”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი):

”მინდა ყველას მივულოცო ეს გამარჯვება. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა დაიმსახურა ასეთი ანგარიშით მოგება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგედ სუსტი გუნდი გვყავდა. ამ წყვილში ჯერ ბრძოლა არ დამთავრებულა. დღეს დილით, როდესაც ბიჭები ვნახე, მათ თვალებში უზომო მოტივაცია ამოვიკითხე. მინდა თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო”

.
თემურ ქეცბაია (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
”მთელ საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც პირველ ტაიმში ”ზესტაფონის” მიერ ნაჩვენებ ფეხბურთს ვუყურებდი. ეს გამარჯვება გუნდმა აშკარად დაიმსახურა”.

 


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი”

   
FC ZESTAFONI © 2005