14.07.2011

 

 

 

 

 

ჯაბასგან დაჯაბნილები

 

 

 

 

 

 

ჯაბა დვალი. ©www.uefa.com

გუშინ ზესტაფონში პირველად აჟღერდა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი და "ზესტაფონმაც" ჩვენი ქვეყნის ფეხბურთი ღირსეულად წარმოაჩინა. საქართველოს ჩემპიონმა არცთუ სუსტი მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და გულშემატკივრები ლამაზი გამარჯვებით გაახარა.

სამი უპასუხო გოლით ფეროელებმა შემდეგი ეტაპისკენ გვარიანი ნაბიჯი გადადგეს.

 

,,ზესტაფონი" ევროტურნირებზე რამდენიმე წელია, სტაბილურად ასპარეზობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ,,დაჩიას" მსგავსად ისიც დებიუტანტია. სადებიუტო შეხვედრებს კი ყოველთვის ახლავს მღელვარება... თუმცა გუშინ ზესტაფონელებს მღელვარებისა და მეტოქის მიმართ რიდისა არაფერი ეტყობოდათ. პირველივე წუთებიდან თამამად შეუტიეს და მოლდოველებს ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს. ყველაფერი გამოსდიოდათ, თავიანთი კოზირები ბოლომდე გამოიყენეს, ბურთი დაიჭირეს, ლამაზი კომბინაციებით ,,ყვითელ მგლებს" თავბრუ დაახვიეს და ულამაზესი გოლებიც გაიტანეს. განსაკუთრებით საგრძნობი იყო ქართველთა უპირატესობა ტექნიკაში. ყველამ ღირსეულად ითამაშა, თუმცა მაინც უნდა გამოვარჩიოთ ჯაბა დვალი (რომელიც "ზესტაფონში" სწორედ ,,დაჩიადან" გადავიდა) და ნიკოლოზ გელაშვილი, რომლებიც სტუმართა პირველი ამწიოკებლები იყვნენ...

შეხვედრის მიმართ ინტერესი თავიდანვე დიდი იყო. გულშემატკივრები 7, 10 და 20-ლარიანმა ბილეთებმა არ დააფრთხო და სტადიონი ბოლომდე შეივსო. მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე ზესტაფონში კოკისპირულად გაწვიმდა, თუმცა თამაშის დაწყებისას გამოიდარა და მოედანიც ბრწყინვალე მდგომარეობაში დაუხვდა გუნდებს. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დაესწრნენ.

კიშინიოველებს 30-მდე ქომაგი ჩამოჰყვათ, რომლებმაც ჯერ კიდევ კოპიტნარის აეროპორტშივე გვაჩვენეს, თუ როგორი აქტიური ქომაგობა შეუძლიათ, მაგრამ გუშინ თავისიანების საცოდაობის შემხედვარეთ ხმა არ ამოუღიათ და მაშინღა გამოფხიზლდნენ, როცა მეორე ტაიმში მოლდოველებმა მცირედ შემოგვიტიეს.
გუშინდელ მატჩზე მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ ფილატსაც ელოდნენ, მაგრამ ის შეხვედრას არ დასწრებია.

გია გეგუჩაძემ და იგორ დობროვოლსკიმ ერთმანეთს იდენტური სათამაშო სქემა (4-4-2) დაუპირისპირეს. ქართველთა დამრიგებელმა "ზესტაფონი" ასე განალაგა: მარჯვენა მცველად თემურ ღონღაძე იყო გამწესებული, მარცხნივ, ტრადიციულად, ზაალ ელიავა; ორივე ხშირად ერთვებოდა შეტევებში და ძალზე აქტიურებიც იყვნენ. დაცვის ცენტრში გიორგი ონიანისა და გიორგი ხიდეშელის დუეტი მოქმედებდა. პირველ ტაიმში მათ ჩერნოგორიელ სტეფანოვიჩს და რუს ნეჩაევს არ მისცეს გასაქანი, მეორე ნახევარში კი ამ უკანასკნელის ნაცვლად გამოსული დედოვიც დაჯაბნეს. ტრადიციულად საიმედოდ გაისარჯა საყრდენი მურთაზ დაუშვილი, რომლის გვერდით ასევე კარგად მოქმედებდა ირაკლი ძარია. აფციაურმა და გრიგალაშვილმა კი გულშემატკივრები არაერთი უზუსტესი გადაცემითა და ტექნიკური ეპიზოდით ასიამოვნეს.

პირველი გოლისას გელაშვილს სწორედ აფციაურმა გაუწია ასისტენტობა. ,,ზესტაფონის" თავდასხმის დუეტზე კი უკვე გითხარით - გელაშვილი და დვალი გუშინ შეუჩერებლები იყვნენ და გოლების გარდა ისეთი საოცრებები აკეთეს, მოლდოველებთან ერთად საკუთარი გულშემატკივრებიც სასიამოვნოდ გააოცეს.

მოლდოველთა დაცვის მარჯვენა ფლანგს დიმოვსკი, მარცხენას კი ატანცკოვიჩი ამაგრებდნენ, თუმცა გუშინ ,,დაჩიას" ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ სერბი ლეგიონერი იყო და აკი დობროვოლსკიმ მეორე ტაიმსი მის ნაცვლად ტოგოელი აბდულ ჯაფარ მამა გამოიყვანა, რომელიც თანაგუნდელზე უკეთ გაისარჯა. დაცვის ცენტრში ჩვენებურ დავით გამეზარდაშვილს გუნდის კაპიტანი ლუჩიან დობრე ჰყავდა შეწყვილებული. ნახევარდაცვაში მიხალიოვი, ონიცა, სოიოკარი და ტუმბაშევიჩი ირჯებოდნენ, რომლებიც ქართველი ნახევარმცველებისგან აშკარად დაიჯაბნენ. თავდასხმელთა დუეტის, სტეფანოვიჩისა და ნეჩაევის ანგარიშზე კი ორიოდე სახიფათო დარტყმაა. ,,დაჩიაში" საკმაოდ არიან ლეგიონერები, თუმცა ბევრი ლეგიონერი გუნდის სიძლიერის გარანტი რომ არ არის, ამაში გუშინაც დავრწმუნდით.

ზესტაფონელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. მოკლე პასებითა და გააზრებული კომბინაციებით ცდილობდნენ გიადუჩევიჩის კარისთვის გასაღების მორგებას და საწადელს მალევე მიაღწიეს, თუმცა იქამდე პირველებმა სახიფათოდ სტუმრებმა დაარტყეს. მცველებს მიხალიოვი დაუსხლტა და მისი დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია.

"ზესტაფონმა" ტემპს უმატა და მოუხეშავი მოლდოველები ტექნიკური ქართველების შეჩერებას ვეღარ ახერხებდნენ. მათი მხრიდან იმატა შეცდომებმაც. მე-5 წუთზე ძარიამ დაარტყა სახიფათოდ, თუმცა ოდნავ არაზუსტად. დვალი ორჯერ დაუძვრა მცველებს, მაგრამ ბოლო მომენტში დარტყმა არ დაანებეს, მესამედ კი გელაშვილის შესანიშნავი პასი ვერ დაიმორჩილა, თორემ მეკარესთან ერთი-ერთზე გადიოდა... მე-12 წუთზე გელაშვილის უძლიერეს დარტყმას გამეზარდაშვილი გადაეღობა თავგანწირვით. დვალის ძლიერი დარტყმა კი ხარიხას გადაევლო და ზემოდან დაეცა კარის ბადეს.

ჯერ კიდევ მატჩის დებიუტი იყო, მაგრამ გოლი უკვე მომწიფებული ჩანდა და მალე გავიდა კიდეც: მე-14 წუთზე აფციაურმა შესანიშნავად გადააწოდა გელაშვილს, რომელმაც მეურვეებსა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა და ტრიბუნები ააგუგუნა -1:0

მე-16 წუთზე ონიცას სახიფათო საჯარიმოს დარტყმის საშუალება მიეცა, მაგრამ უხეიროდ გაისარჯა. მე-19 წუთზე ღონღაძე ჩაერთო შეტევაში და მისი უძლიერესი დარტმა მცირედით ასცდა მიზანს. ზესტაფონელების გარჯას მალე კიდევ ერთი გოლი მოჰყვა: 23-ე წუთზე გელაშვილმა იაქტიურა, მცველები დაიბნენ და ბურთი დვალთან აღმოჩნდა, რომელმაც ორ მცველს გვერდი აუარა და საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაიდუჩევიჩის კარის ცხრიანში გაიტანა - 2:0

დვალისა და გელაშვილის დუეტი ამის შემდეგაც არ აძლევდა სტუმრებს ამოსუნთქვის საშუალებას. 29-ე წუთზე ჯაბამ გელაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, გაიდუჩევიჩი კარიდან დროზე გამოვიდა, მაგრამ საჯარიმოს გარეთ ბურთს ხელით შეახო, თუმცა ეს თურქ არბიტრს შეუმჩნეველი დარჩა. 39-ე წუთზე დვალმა პატარა სასწაული შემოგვთავაზა: გელაშვილის გადაცემის შემდეგ სამ მცველს თავზე გადაუგდო ბურთი, თავად მათ შორის გაძვრა და ახლო მანძილიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მოკლედ, ზესტაფონელებმა ტაიმი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს. მეტოქე იმდენად დემორალიზებული ჩანდა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ მათ კარში გოლებს კიდევ ვიხილავდით, მაგრამ მეორე ტაიმი პირველივით უხვგოლიანი არ გამოდგა. თუმცაღა დასამახსოვრებელი და ლამაზი ეპიზოდები მეორე 45 წუთშიც მრავლად იყო და ისევ ზესტაფონელთა გარჯით. თამაშის განახლებისას მოლდოველებმა შემოგვიტიეს. ტუმბაშევიჩის გადაცემის შემდეგ მიხალიოვი ცდილობდა დასწრებაზე თამაშს, მაგრამ მცველებმა განმუხტეს სიტუაცია. შეცვლაზე შესული დედოვიც ბევრს აქტიურობდა, მაგრამ ზესტაფონელმა მცველებმა მასაც არ მისცეს ბევრის უფლება.

53-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა ღონღაძემ, ზუსტი გადაცემით გელაშვილი მოძებნა, ნიკას ძლიერი დარტყმული კი მეკარემ ნახტომით მოიგერია. გატანის შანსი ჰქონდათ დვალს, დაუშვილსა და ელიავას. 64-ე წუთზე ორი მეტრის რადიუსში დვალმა ოთხი მეტოქე გააბითურა, მაგრამ მეხუთემ დარტყმა არ დაანება.

78-ე წუთზე ონიანის სახიფათო საჯარიმოს შემდეგ ბურთი ზემოდან მოხვდა ბადეს. 82-ე წუთზე კი გრიგალაშვილმა გააპამპულავა სტუმრები და დვალს გადააწოდა, რომელმაც კარში დარტყმა დააყოვნა და ბურთი მცველებმა აართვეს. რაც შეეხებათ მოლდოველებს, მათ ორიოდე ნახევარმომენტი შექმნეს. მიხალიოვის დარტყმის მოგერიება კვასხვაძეს არ გასჭირვებია, მე-80 წუთზე კი კუთხურს ზესტაფონელთა კართან არეულობა მოჰყვა და გამეზარდაშვილის დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს.

მალე საფინალო სატვენიც გაისმა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა გუნდი ოვაციით ააცილეს. ,,ზესტაფონმა" ბრწინვალე გამარჯვება მოიპოვა და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეაბიჯა.

 

დავით კოხრეიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

   
FC ZESTAFONI © 2005