14.07.2011

 

 

 

 

 

გია გეგუჩაძე: “სწორი თამაშისთვის დავსაჩუქრდით”

 

 

 

 

 

 

“ზესტაფონი”-“დაჩიას” ნამატჩევს, მეტოქე გუნდების თავკაცები, ტრადიციული თანმიმდევრობით გაესაუბრნენ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილ მოლდოველ და ქართველ ჟურნალისტებს.

 


იგორ დობროვოლსკი (“დაჩიას” მთავარი მწვრთნელი):
რაც ჩვენს გუნდს პირველ ტაიმში დაემართა, ნერვოზზე მეტად, რამდენიმე ფეხბურთელის საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება იყო. ჩემი აზრით, “ზესტაფონმა” საკმაოდ მაღალი დონის, კარგი ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებლადაც მოიგო.


- თქვენ “მეორე ნომრად” თამაშს არ აპირებდით, სინამდვილეში კი ასე გამოვიდა...
- ყველა ისე თამაშობს, რის საშუალებასაც მეტოქე აძლევს. “ზესტაფონმა” გვაიძულა საკუთარ კარს მივჯაჭვოდით, რაც ვთვლი, რომ ჩვენი გუნდის მიუტევებელი შეცდომა იყო.


- შანსები ისევ 50-50-ზეა, თუ საბოლოო შედეგის მიღწევაში, რამე შეიცვალა?
- თუ “ზესტაფონმა” აქ ჩვენთვის 3 გოლის გატანა შეძლო, კიშინიოვში ცვლილებებს მოვახდენთ და მის წინააღმდეგ სხვა “დაჩია” ითამაშებს. ასე რომ, შანსები უცვლელია - 50-50-ზე.


გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი):
სასიამოვნოა, როცა იგებ და ასეთი მარაგით ხვდები საპასუხო მატჩს. არც ის მინდა, გუნდი ეიფორიას მიეცეს. გვესმის, რომ ძალიან მძიმე მატჩი გველის კიშინიოვში და გუნდი ჩვეულად გააგრძელებს მზადებას. კმაყოფილი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბევრი რამ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს.


- “დაჩია” იყო ასე სუსტი, თუ თქვენი გუნდია ასეთი ძლიერი?
- მოდით, ასე ნუ დავსვამთ საკითხს. ხდება ისე, რომ არ უმართლებს გუნდს. დარწმუნებული ვარ, რომ “დაჩია” სუსტი მოწინააღმდეგე არაა. იგი ღირსეული მეტოქეა და მასთან საპასუხო მატჩი გვაქვს სათამაშო. სადღაც გაგვიმართლა, სადღაც ბიჭებმა გაიღეს ყველაფერი მოსაგებად.


- ანგარიში თამაშიდან გამომდინარეა?

- ვფიქრობ, რომ კი.


- რის ხარჯზე მივიღეთ ასეთი შედეგი?
- ეს მთლიანად ბიჭების დამსახურებაა. უკვე მოთელვაზე შევატყვე გუნდს, რომ ძალიან სერიოზული განწყობა იყო ფეხბურთელებში. ვერ ვიტყვი, რომ მათ ყველაფერი გამოსდიოდათ, მაგრამ დღეს მათ მიერ თამაშში ჩადებული სული და გული დავინახე და ეს ძალიან დასაფასებელია.
სასიამოვნოა, რომ სტადიონი გაივსო და მაყურებელი მხურვალედ გვიჭერდა მხარს. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია ჩვენი დღევანდელი გამარჯვების.


- ალბათ, იგრძენით, რომ პირველი გოლის შემდეგ მეტოქე დაიბნა, იმდენად სწრაფი ტემპი შესთავაზეთ “დაჩიას” ამის შემდეგ.

- ჩვენ ხშირად გვქონია ისეთი შეცდომები, როცა გოლს გავიტანდით, ვეშვებოდით და ვისჯებოდით. ამაზე არაერთხელ მისაუბრია ბიჭებთან და ალბათ, სწორედ თამაშის მნიშვნელობიდან არ მოხდა ის, რისიც გვეშინია ხოლმე. ასეთი თავდადებისა და სწორი თამაშისთვის, დასაჩუქრდნენ კიდეც ჩვენი ფეხბურთელები - საკმაოდ კარგი ფორით მოვიგეთ.

 

ფრიდონ კერვალიშვილი ზესტაფონიდან, www.worldsport.ge

   
FC ZESTAFONI © 2005