სასწაულად ეფექტურები და სასწაულად მიზანდასახულნი
მოლდოვურ “დაჩიასთან” “ზესტაფონის” ბრწყინვალე სტილში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონის მადიდებელი სიტყვები, როგორც ქომაგთა, ისე სპეციალისტთა მხრიდანაც მრავლად ისმოდა – დამსახურებულადაც.
ქვემოთ ქართველთათვის განსაკუთრებული სპეციალისტისა და ზესტაფონელთა გამარჯვებაში უშუალო წვლილის შემტანი ფეხბურთელების კომენტარებს გთავაზობთ:
თემურ ქეცბაია (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ ზესტაფონელებს ამ ლამაზ საფეხბურთო გარემოს და ღირსეულ გამარჯვებას. ეს, არა მარტო ამ ქალაქის, მთელი საქართველოს გამარჯვებაა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს მასპინძლებმა აშკარად დაიმსახურეს მოგება, პირველი ტაიმის ხილვა კი, მართლა ერთ რამედ ღირდა. “ზესტაფონმა” მართლა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა და სასწაულად ეფექტური გოლებიც გაიტანა”.
ჯაბა დვალი (“ზესტაფონის” ფეხბურთელი): “ძალიან გახარებული ვარ. სასწაულად მიზანდასახულნი ვიყავით და შედეგი სწორედ ამან მოიტანა. 3 ლამაზი გოლი გავიტანეთ და შემდეგი ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ წინ კიდევ ერთი შეხვედრაა და ეს უპირატესობა იქაც უნდა შევინარჩუნოთ”.
გიორგი ონიანი (“ზესტაფონის” ფეხბურთელი): “მშვენიერი ფორა მოვიპოვეთ და ვეცდებით, მოლდოვაშიც შევინარჩუნოთ. მთავარი ამოცანა დღეისათვის, საკუთარ კარში გოლის არგაშვება იყო, ჩვენ კი დავალება მართლა უმაღლეს დონეზე შევასრულეთ. ვულოცავ ყველას, ვისაც ამ გამარჯვებაში წვლილი მიუძღვის და მადლობა ზესტაფონელ გულშემატკივარს”.
შოთა გრიგალაშვილი (“ზესტაფონის” ფეხბურთელი): “წინ მეორე თამაშია, რომელსაც ძალიან დიდი უპირატესობით შევხვდებით. დღევანდელმა ანგარიშმა თითქმის ყველაფერი გადაწყვიტა, მაგრამ თავში არ უნდა აგვივარდეს და კიშინოვში ჩასატარებელ თამაშს სრული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ”.
ფოტო საიტიდან www.worldsport.ge |