+
 
 
 
 

 

 

 

10.12.2006
ინტერვიუ შალვა ღონღაძესთან ...

ქართველ მცველს ზესტაფონში დარჩენა სურს

 

”ზესტაფონ”-მა მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ცოტა - სამი ბურთი გაუშვა და ისიც ერთადერთ მატჩში ”ვიტ-ჯორჯია”-სთან. დანარჩნენ 12 შეხვედრაში ფეროელებმა საკუთარი კარი მშრალად შეინახეს, რაც მეკარესთან ერთად მათი მცველების კარგ თამაშზეც მიუთითებს. ზესტაფონელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი შალვა ღონღაძეა, რომელიც ჩვენი გაზეთის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

- შალვა, გილოცავ ”სპორტის” რჩეულთა შორის მოხვედრას, რამდენად ელოდი ამ აღიარებას?

- ქართულ სპორტულ პრესას სისტემატურად ვადევნებ თვალს. ხშირად ვხვდებოდი ტურის სიმბოლურ ნაკრებში და აქედან გამომდინარე, იმედი მქონდა, რომ მთელი სეზონის შედეგების შეჯამების დროსაც არ დავრჩებოდი უყურადღებოდ. ჟურნალისტების მიმართ მადლობის მეტი რა მეთქმის. ”სპორტმა”, ”ოლიმპმა” და ”სარბიელმა” პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დამასახელეს, რაც ჩემთვის სტიმულის მომცემია. მიხარია, რომ შრომა დამიფასდა.

- თავად როგორ შეაფასებდი შენს ასპარეზობას?

- ურიგოდ არ გამოვიყურებოდი, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ვარ. შემეძლო, გადამწყვეტ მომენტებში უფრო უკეთაც მეთამაშა. მაგალითად ბათუმში მშვენიერი საგოლე მომენტი მქონდა და ვერ გამოვიყენე. რომ გამეტანა, გუნდი სამ ქულას მოიპოვებდა და შესაძლებელი იყო პირველი წრე ლიდერის რანგშიც დაგვესრულებინა.

- თვითკრიტიკული ყოფილხარ...

- უბრალოდ, მგონია, რომ გუნდისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლო. თუმცა საწუწუნოც არაფერი მაქვს, მატჩების უმეტესობა ნორმანულად ჩავატარე და ცენტრალური მცველის კვალობაზე გოლებიც მრავლად გავიტანე, სამი ჩემპიონატში და ერთიც თასზე.

- საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ხარ და ალბათ, ნაკრებში დაბრუნების ამბიციაც გექნება?

- თუ კარგად ვითამაშებ და ნაკრებში მოხვედრას დავიმსახურებ, იმედია უყურადღებოდ არ დავრჩები. ჩემზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, დანარჩენი კი მწვრთნელების გადასაწყვეტია.

- პირველ წრეში ”ზესტაფონი”-ს მიერ ნაჩვენები თამაშით და შედეგით თუ ხარ კმაყოფილი?

- თავდაპირველად თამაში არ წაგვივიდა. როგორც ჩანს, ჩემპიონატს სათანადოდ მომზადებული ვერ შევხვდით. ”ვიტ-ჯორჯია”-სთან 0:3 წავაგეთ და ეს იყო ჩვენი ერთადერთი მარცხი მიმდინარე ჩემპიონატში. იქამდე საკუთარ კედლებში ”ოლიმპი”-ს დამარცხებაც ვერ შევძელით. დებიუტშივე უშუალო კონკურენტებთან ძვირფასი ქულები დავკარგეთ, თორემ ახლა პირველ ადგილზე ვიქნებოდით.

- მას შემდეგ რაც ”ზესტაფონი” თემურ მახარაძემ ჩაიბარა გუნდმა მნიშვნელოვნად მოუმატა...

- თემურ მახარაძემ თავდაჯერება და ამბიცია შეგვმატა. რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაგვემატა და უკეთ ავთამაშდით. დასანანი მხოლოდ ის იყო, რომ საკუთარ კედლებში ”ამერი”-ს დამარცხება ვერ მოვახერხეთ. არადა, ეს შეხვედრა ძალიან კარგად ჩავატარეთ და ფორტუნას რომ არ ექცია ზურგი, აუცილებლად გავიმარჯვებდით. ახლა ლიდერ ”ოლიმპ”-ს ორი ქულით ჩამოვრჩებით. ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ გუნდის პოტენციალიდან გამომდინარე მეტი ქულის დაგროვებაც შეგვეძლო.

- ცნობილია, რომ გუნდის ხელძღვანელობა ჩემპიონობას გისახავთ მიზნად, რამდენად არის მზად დღევანდელი ”ზესტაფონი” ოქროს მედლებისათვის?

- ჩვენს გუნდში კარგი კონტიგენტია თავმოყრილი. თუ სამიოდე ძლიერ ფეხბურთელს კიდევ დავიმატებთ, ჩემპიონატსა და თასზე წარმატების მიღწევა სავსებით შესაძლებელი იქნება. მეორე წრეში უშუალო კონკურენტებს გასვლაზე ვხვდებით, რთული ბრძოლები გველის, მაგრამ თუ კარგად მოვემზადებით, შეუძლებელი არაფელია.

- რამდენიმე წამყვანი ფეღბურთელის მსგავსად ”ზესტაფონ”-თან კონტრაქტი შენც დაგიმთავრდა, აპირებ ხელშეკრულების გაგრძელებას?

- რამდენიმე დღეში გუნდის კრებაა დანიშნული და ყველაფერი იქ გადაწყდება.

- ალბათ, სხვა ვარიანტებიც გექნება?

- კი, რამდენიმე კლუბის ვარიანტი მაქვს, მათ შორის უცხოეთიდანაც. კონკრეტულად მათ ვინაობას ვერ დავასახელებ, მხოლოდ გეტყვით, რომ ბელარუსისა და აზერბაიჯანის წამყვანი კლუბები მიწვევენ. თუმცა, ”ზესტაფონ” - ში თავს კარგად ვგრძნობ და თუ პირობებზე შევთანხმდებით, კარიერას აქ გავაგრძელებ. როგორც ვიცი, ”ზესტაფონი” - ს პრეზიდენტი ილია კოკაია გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილია და სურვილი აქვს, რომ ყველა ფეხბურთელი შეინარჩუნოს. პლიუს ამას გაძლიერებაზეც ფიქრობს და ალბათ, რამდენიმე ძლიერი შემსრულებელიც შემოგვიერთება.

- ვინ მიგაჩნია დღევანდელი ”ზესტაფონი”-ს ლიდერად?

- გამოკვეთილი ლიდერი არ გვყავს. ”ზესტაფონი” ერთ მუშტად შეკრული გუნდია. ძირითადის მოთამაშეებს დამატებული სათადარიგოთა სკამის წევრები. ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ.

- როგორც ამბობენ, ”ზესტაფონი”-ს სტადიონზე მალე სარემონტო სამუშაოები განახლდება. ამის თაობაზე თუ ქსმენია რამე?

- დიდი შანსი გვაქვს, რომ ევროთასების საგზური მოვიპოვოთ. ასეთ შემთხვევაში ისეთი სტადიონი დაგვჭირდება, რომელიც უეფას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. როგორც ვიცი, სტადიონზე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება დაიწყება. ასევე იგეგმება ბაზის გაკეთება. ”ზესტაფონი”-ში რაც აქამდე ითქვა, ყველაფერი რეალურად განხორციელდა და ალბათ, ახლაც ასე იქნება.

- ”ზესტაფონი”-ს ბრაზილიელებზე რას იტყვით?

- ვიეირა და სანტოსი მეგობრული ბიჭები არიან. ჩვენც ისე ვეპყრობით, როგორც საკუთარ ძმებს. ამბობენ კიდეც, აქ ისეთი სითბო ვიგრძენი, ბრაზილიაშიც არ გვიგვრძნიაო.

- არადა, ბევრის აზრით, ვიეირას თანაგუნდელები პასებსაც არ აძლევენ...

- ასეთი ხმები ჩვენამდეც მოვიდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს შეგნებულად ნამდვილად არ ხდება. ზოგჯერ კარგად გაიქცევა ხოლმე, მაგრამ მცველი კეტავს და პასის მიცემას აზრი აღარ აქვს. სხვა მხრივ, ვიეირას საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს? პირიქით, შესანიშნავი ფეხბურთელია და გუნდსაც გამოადგა. გარწმუნებთ, რომ ”ზესტაფონ”-ში სრული ერთგულებაა.

- მიმდინარე ჩემპიონატზე რა აზრის ხართ?

- საკმაოდ დაძაბული პირველობაა, ჩემპიონობისთვის 4-5 გუნდი იბრძვის და მატჩების სანახაობრივმა მხარემაც იმატა. ვფიქრობ, ორ-სამ წელიწადში საქართველოს ჩემპიონატი გაცილებით მაღალი დონის იქნება. მთავარია, გუნდების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

- როგორ ფიქრობ, რომელი გუნდები გაინაწილებენ პირველ სამ ადგილს?

- წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ მჩვევია, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ”ზესტაფონ”-ს დავაყენებდი, მეორე - მესამეზე კი, შესაბამისად, ”ოლიმპ”-სა და ”ამერ”-ს. მეორე წრისთვის სერიოზულად ვაპირებთ მომზადებას. კვიპროსში ან ანტალიაში უცხოურ შეკრებას გავივლით და ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. პირადად ძალიან მინდა, რომ თასზე გავიმარჯვოთ. აქამდე სამჯერ ვითამაშე თასის ფინალში, ერთხელ ”სამგურალი”-ს შემადგენლობაში, ორჯერ ”ზესტაფონ”-თან ერთად და სამივეჯერ დამარცხებულმა დავტოვე მოედანი. იმედია, წლეულს მაინც გამიმართლებს...

 

 

გაზეთი ”სპორტი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005