იგორ დობროვოლსკი: “ყველაფერი მინდორზე გამოჩნდება”
ზესტაფონში მატჩისწინა ვარჯიშისთვის ქუთაისიდან ჩამოსულმა, მოლდოვის ჩემპიონის, კიშინიოვის “დაჩიას” მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ, ქართველი და მოლდოველი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია მოაწყო...
- როგორია მატჩისწინა განწყობა და როგორ აფასებთ გუნდების შანსებს?
- საკმაოდ სტუმართმოყვრულად დაგვხვდნენ, რაც განწყობის პრობლემას თავისთავად ხსნის. საფეხბურთო შანსებს რაც შეეხება, ჩემპიონთა ლიგაში სუსტი მეტოქეები არ არიან. ამდენად, ვფიქრობ, 50-50-ზეა.
- საერთო ქართული ატმოსფერო როგორ მოგწონთ – ამინდი, საფეხბურთო მინდორი.
- დღეს, სუფთა საფეხბურთო ამინდია, ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით – ამინდის პროგნოზი არ მინახავს. მინდორი შესახედავად ძალიან კარგად გამოიყურება, აი, საქმეში როგორი იქნება, ამისათვის უნდა გავიდეთ მასზე და მერე ვთქვათ, “ნელია” თუ “სწრაფი”.
- კლუბის საიტზე გამოქვეყნებულ პროგრამაში ეწერა, რომ გუნდს ქართული სამზარეულო უნდა დაეჭაშნიკებინა. თქვენთვის იგი უცხო არ უნდა ყოფილიყო – პირველად არ ხართ საქართველოში. გუნდმა როგორ მიიღო ყველაფერი?
- თუ ეს სადმე ეწერა, დიდი შეცდომა დაუშვიათ. ჩვენ ხომ ტურისტები არ ვართ. უკვე ბრძანეთ, რომ ჩემთვის მისი გასინჯვა უცხო არაა - ბოლოს, წლინახევრის წინ ვიყავი საქართველოში და მაშინაც სიამოვნებით მივირთვი. ბიჭები კი, აქ სათამაშოდ ჩამოვიდნენ და მერწმუნეთ, “ზესტაფონის” ფეხბურთელების მენიუც კი, გაცილებით სპორტული იქნება, ვიდრე ქართული.
- საქართველოში თქვენი ბოლო ჩამოსვლა წარმატებული იყო. მოლდოვას ნაკრებს “ჯვაროსნებთან” 2:1 მოაგებინეთ. ახლა თუ გაქვთ ასეთი შედეგის იმედი?
- ყველაფერი საფეხბურთო მინდორზე გამოჩნდება. სიტყვებით ჯერ არავის მოუგია.
- უკვე ჩამოყალიბებული ხართ, ხვალ ვის გაიყვანთ მინდორზე სათამაშოდ?
- მხოლოდ 90 პროცენტით.
- თქვენმა ფეხბურთელებმა, საქართველოში გამომგზავრებამდე თქვეს, რომ შედეგიანი ფრე “დაჩიასთვის” კარგი შედეგი იქნებოდა.
- ვერ გეტყვით, ვინ რა გითხრათ. მე მათთან ამ თემაზე არ მისაუბრია.
- და მაინც, რაზე იქნებოდით ყაბულს – ფრეზე, თუ “მცირე” წაგებაზე?
- სპორტში მხოლოდ მოგებისთვის უნდა ითამაშო. გამონაკლისი არც “დაჩია” იქნება.
- თქვენი ქართველებიდან, რომელიმეს ხვალ თამაშის შანსი, არის?
- სამწუხაროდ, “ჩვენი” აღარ ითქმის, რადგან ლევან კორღალიძე ტრავმირებულია და მას, ალბათ, კიდევ 2 კვირა მოუწევს უქმობა. რაც შეეხება გამეზარდაშვილს, ვფიქრობ, იგი უკვე იმითაა კმაყოფილი, რომ შინაა და მისიანები მოინახულა.
- გუნდს ჩამოყოლილ 20-მდე გულშემატკივარს შეუძლია ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომ “დაჩია” აიყოლიონ?
- ვფიქრობ, შეუძლიათ. ხანდახან ერთი კაცი ქმნის ტრიბუნაზე ატმოსფეროს და როცა ასეთი ოცია, მგონი უკეთესია.
- ქართულ და მოლდოვურ ფეხბურთს თუ შეადარებთ, თუნდაც ჩემპიონატების მიხედვით?
- როგორ? ჯერ ერთი, საქართველოს ჩემპიონატისთვის არ მიყურებია - მას ჩვენში არ აჩვენებენ. მეორეც, მრავალი წელია კარგად ვიცნობ ქართველი ფეხბურთელების თამაშის სტილს. არ მგონია, წლების გასვლასთან ერთად, ქართველებს დაეკარგათ ის ტექნიკა, ოსტატობა და აკადემიურობა, რითაც განთქმული იყვნენ.
ასეთი შედარების გაკეთება იგივეა, რაც შეადარო მოლდოვისა და რუსეთის ჩემპიონატები. “შერიფმა” მოსკოვის “სპარტაკი” გამოაგდო - და რა, ჩვენ უკეთესი ჩემპიონატი გვაქვს? ან კიდევ, “დაჩიამ” შეკრებაზე მოსკოვის “დინამოს” მოუგო.
- “ზესტაფონის” შესაძლებლობებს თუ იცნობთ?
- ჩვენ მოგვეპოვება რამდენიმე კასეტა და ისიც მხოლოდ ძველი ჩემპიონატიდან. თავს ვიიმედებ, რომ შემადგენლობა იგივეა და მთავარი მწვრთნელიც.
- რომელმა უფრო უკეთ დამალა საკუთარი რეალური ძალა – “დაჩიამ”, თუ “ზესტაფონმა”? თქვენი კლუბის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოგოელი მამახი გუნდიდან დაითხოვეს, ის კი განაცხადშია.
- ჩვენ ის განათხოვრებული გვყავდა და ისევ დავიბრუნეთ უკან. აზრი არ ჰქონდა რამე დაგვემალა. ჩვენ მშვიდად ვემზადებოდით თამაშებისთვის და აქამდე მოვედით. ჩვენგან ვის რა შეუძლია, მინდორზე გამოჩნდება – რაც არ უნდა დამალო, მაინც 2 მატჩი გვაქვს სათამაშო.
- კითხვა კაპიტანსაც. როგორი შანსი აქვს “დაჩიას” “ზესტაფონთან” დუელში?
- კარგად მოვემზადეთ და დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს.
- გენადი, თქვენ ერთადერთი ფეხბურთელი ხართ “დაჩიაში”, რომელსაც მხოლოდ ამ გუნდში გაქვთ პროფესიული ფეხბურთი ნათამაშები. უბრალოდ, კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტი არ გქონდათ, თუ კლუბის ერთგული ხართ?
- ნამდვილად არ ვნანობ, რომ 10 წელი “დაჩიაში” ვთამაშობ. აქ თავს კარგად ვგრძნობ და სხვაგან წასვლაზეც იმიტომ არ მიფიქრია. მინდა, აქვე დავამთავრო აქტიური საფეხბურთო კარიერა.
- იგორ ივანოვიჩ, ხვალ, ალბათ, თავიდანვე უპირატესობას დაუთმობთ მეტოქეს და მეორე ნომრად თამაშს ამჯობინებთ.
- ჩემს გუნდებს როდისმე მეორე ნომრად უთამაშია? ხვალაც შევეცდებით ისე თამაშს, როგორც გვჩვევია. ვინც ფიქრობს, რომ “დაჩია” საკუთარ საჯარიმოს მიეჯაჭვება და მოგერიებაზე ითამაშებს, ახლავე ცდება. მე ასეთი ფეხბურთი არ მესმის.
|