გია გეგუჩაძე: “ერთგული ქომაგის ფაქტორი ხვალაც დაგვეხმარება”
დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
- ხვალინდელ თამაშში “ზესტაფონის” დებიუტი შედგება ჩემპიონთა ლიგაში. როგორი განწყობით ხვდება გუნდი ამ მატჩს?
- რთული თამაში გველის. ჩვენი მეტოქე “დაჩია” საგრძნობლად გაძლიერდა. მართალია, შესათამაშებლად ახალ ფეხბურთელებს დრო საკმარისი არ ქონდათ, თუმცა ინდივიდუალურად ძლიერები არიან და ალბათ მათ წინააღმდეგ თამაში ძნელი იქნება. იმ ფაქტორს, რომ “დაჩიას” რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ჰყავს, “ზესტაფონისთვის” ის მინუსიც აქვს, რომ ახალ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი ეძლევა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მთავარ მწვრთნელს თავიანთი სიძლიერე დაუმტკიცონ.
- კონკრეტულად “დაჩიას” ფეხბურთელების თამაშზე რას იტყვით?
- რისი ნახვის საშუალებაც გვქონდა, ვთვლი, რომ საკმარისია მეტოქე ფეხბურთელების შესაფასებლად. ჩემი აზრით, “დაჩიას” განსაკუთრებით ძლიერი შუა და წინა ხაზი აქვს.
- რა მდგომარეობაა “ზესტაფონში” ტრავმების მხრივ?
- მიკროტრავმები არის, მაგრამ ვფიქრობ, ვინც განაცხადშია, ყველა მზად იქნება ხვალ სათამაშოდ. თუმცა, დღევანდელ ვარჯიშზე ბევრი რამე უკეთ გამოჩნდება.
- რას ისახავთ მიზნად “დაჩიასთან” ხვალინდელ მატჩში?
- ხვალიდნელი თამაშისთვის რაიმე კონკრეტული მიზანი არ გვაქვს, ჩვენთვის მთავარი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
- ალბათ, მაყურებლის მხარდაჭერასაც დიდი მნიშვნელობა ექნება...
- რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისთვის მაყურებლის ფაქტორი ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესი იყო. გუნდი რომ გაჩემპიონდა, ამაში მაყურებლის დიდი წვლილიცაა. იმედი მაქვს, ქომაგის მხარდაჭერა გუნდს ხვალინდელ თამაშშიც დიდად წაადგება.
|