მიმდინარე წლის 9 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგაში დებიუტისათვის ზესტაფონში ემზადება, საკონტროლო მატჩი გამართა. დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა სპარინგ-პარტნიორი წყალტუბოს საფეხბურთო კლუბი ”სამგურალი” გახლდათ.
ორ იმერულ გუნდს შორის ამხანაგური მატჩი დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა. მატჩს 300-მდე ზესტაფონელი და წყალტუბოელი ქომაგი დაესწრო,მასპინძლებმა შეხვედრა გარკვეულწილად ექსპერიმენტალური შემადგენლობით კი ჩაატარეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, პირველიდან უკანასკნელ წუთამდე, დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ.
ანგარიში 38-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძის ზუსტი დარტყმით გაიხსნა, 42-ე წუთზე ზესტაფონელთა კიდევ ერთი საგოლე კომბინაცია რატი წინამძღვრიშვილმა დააგვირგვინა. 48-ე წუთზე საბა ლომიამ ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ სამჯერ დალაშქრეს წყალტუბოელთა კარი - ალექს ბენაშვილმა 59-ე წუთზე, კახაბერ ალადაშვილმა85-ეზე და შოთა გრიგალაშვილმა90-ეზე. შედეგად, ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 6-0.