09.07.2011

 

 

 

 

 

“ზესტაფონის” მეტოქემ სუპერთასი უქართველებოდ მოიგო

 

 

 

 

 

 

ქვეყნის სუპერთასის მოგებით დაიწყო სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ზესტაფონის” მეტოქემ. კიშინიოვის “დაჩიამ”, გუშინ სპორტკომპლექს “შერიფის” საფეხბურთო არენაზე, მოლდოვას თასის მფლობელს, რიბნიცას “ისკრა-სტალს” 1:0 მოუგო. მატჩის გადამწყვეტი გოლი, მე-12 წუთზე გავიდა, როცა მეტალურგთა კიპერმა ჩებოტარმა, კიშინიოველთა 29 წლის კაპიტნის გენადი ორბუს (იგი მატჩის დღეს იუბილარი იყო) დარტყმული ვერ დაიმორჩილა და “დაჩიას” რუსმა ლეგიონერმა ვასილი პავლოვმა, ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. სულ მოლდოვას სუპერთასი მეოთხედ გათამაშდა და წინა ჯერზე მხოლოდ ტირასპოლის “შერიფი” იმარჯვებდა.

 

ამ მატჩში, ქართველებისთვის საინტერესო ის გახლდათ, რომ ჩემპიონის თავკაცმა იგორ დობროვოლსკიმ, პრაქტიკულად ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა. უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სუპერთასისთვის პაექრობას, ტრიბუნიდან უცქერდა “დაჩიას” ძირითადი ბირთვის 5 მოთამაშე - ალექსანდრ ონიკე, დავით გამეზარდაშვილი, ლევან კორღალიძე, ალექსანდრ დედოვი და ევგენი გორჩაკი.

სხვათა შორის, ეს ამ გუნდების ამწლევანდელი მე-3 მატჩი იყო და წინა ორიც “დაჩიამ” მოიგო. “ისკრა-სტალთან” 20 თებერვალს მოგებულ (2:1) შეხვედრაში ერთი გოლი ლევან კორღალიძემ გაიტანა, 6 აპრილს კი, კიშინიოველებმა სულაც დავით გამეზარდაშვილის ზუსტი დარტყმით იმარჯვეს (1:0).

მოლდოვას სუპერთასს მინდორზე უქართველოდ მაინც არ ჩაუვლია. რიბნიცელთა ძირითადში ითამაშა და მწვრთნელმა შესვენებაზე შეცვალა, 20 წლის სანდრო შუღლაძე. იგი ამპლუით ნახევარმცველია და საქართველოში, კერძოდ კი თერჯოლაშია დაბადებული. “ისკრა-სტალამდე”, უკრაინის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელი, “სევასტოპოლში” თამაშობდა.  

ახლახან, რუსეთის პრემიერლიგის “კრილია სოვეტოვიდან” “დაჩიაში” გადასულმა 21 წლის ფორვარდმა ვასილი პავლოვმა, ნამატჩევს ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “ძალიან მინდოდა პირველსავე ოფიციალურ მატჩში გამომეჩინა თავი. მადლობა მწვრთნელს, რომ მენდო და ძირითადში დამაყენა. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ, რადგან სიტუაციას მეტწილად ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, მეტოქეს კი, მხოლოდ რამდენიმე ნახევარ-მომენტი ჰქონდა”.

ზესტაფონელთა მეტოქის სასუპერთასო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მოშნიაგა, ატანაცკოვიჩი, ილესკუ, დ. პოპოვიჩი, პავლოვი (ნეჩაევი, 76), ორბუ, ალომეროვიჩი (მიხალევი, 68), გროშევი, მოლა, ბურსუკი, კრკოტიჩი (ა. კოჟოკარი, 73).

ეს ზესტაფონელთა მომავალ მეტოქეზე. თავად საქართველოს ჩემპიონს რაც შეეხება, მას უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ადგილი, როგორც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 10-დან ერთ-ერთ დებიუტანტს დაუთმო:

“ზესტაფონი” თანამოსახელე ქალაქს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ცნობილი სამრეწველო ცენტრია. 2004 წელს დაარსებული გუნდი, მუდმივად ხვდება ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში, ბოლო 4 სეზონი კი, ევროტურნირების რეგულარული მონაწილეა. “ზესტაფონის” ანგარიშზეა ინტერტოტოსა და უეფას თასებზე, წინა 2 სეზონი კი ევროპის ლიგაზე ასპარეზობა. ამჟამად ეს გუნდი პირველად ცდის ძალებს ევროპის უპრესტიჟულეს გათამაშებაში”.

“კლუბის ხელმძღვანელობას, მიზნად არ დაუსახავს ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, მაგრამ ამის დიდი სურვილი გვაქვს. ჩვენი პროგრამა-მინიმუმი - ევროპის ლიგის ჯგუფურ სტადიაზე გასვლაა”, - მოჰყავს ზესტაფონელთა თავკაცის გია გეგუჩაძის სიტყვები uefa.com-ს.

 

ფრიდონ კერვალიშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005