ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან
ჩემპიონთა ლიგა ყველამ ერთად ვირწმუნეთ
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნდა. მარგველებმა შუა ევროპაში ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს. 13 ივლისს გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი მოლდოვურ ”დაჩიას” საკუთარ კედლებში დაუხვდება. გუშინ ”ოლიმპი” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა. როგორც ყოველთვის, ბატონი გია სიამოვნებით დაგვთანხმდა საუბარზე,
- ბატონო გია, უპირველეს ყოვლისა, შევაფასოთ ავსტრიული შეკრება.
- კარგი შეკრება გამოგვივიდა, სამუშაო ვითარება იყო,
შესანიშნავ პირობებში ვემზადებოდით. გვქონდა სპარინგები,
საშუალება მოგვეცა, ევროპულ გუნდებთან მოგვესინჯა ჩვენი ძალა.
მთლიანობაში შეკრებით კმაყოფილი ვარ.
- საკონტროლო მატჩების შედეგები ბევრმა მტკივნეულად აღიქვა. არადა, ალბათ შედეგი ამ დროს მეორეხარისხოვანია.
- დიახ, ამ დროს შედეგი მართლაც მეორეხარისხოვანია და აქცენტი სხვადასხვა ტაქტიკური სქემების დახვეწაზეა გადატანილი. ხშირად იცვლებოდა შემადგენლობა. მინდა გითხრათ, რომ თუნდაც
”ბაზელთან” დიდი ანგარიშით წაგებულ მატჩში იყო დადებითი მომენტები, როდესაც მეტოქის კართან არაერთი სახიფათო სიტუაცია შეიქმნა.
- 13 ივლისს ”ზესტაფონი” გამარჯვებისთვის მზად იქნება?
- მე მწამს, რომ კი. ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა და ცხადია, პირველიდან ბოლო წუთამდე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.
- რას იტყვით მოლდოვურ ”დაჩიაზე”. სიმართლე გითხრათ, ინფორმაციის საშინელ ნაკლებობას ვუჩივით, რადგან მოლდოვური კლუბის მზადება გასაიდუმლოებულია...
- სიმართლე გითხრათ, მოლდოველთა შესახებ ბევრი ინფორმაცია არც მე მაქვს, მაგრამ ყოველნაირად შევეცდებით, ეს ვაკუუმი შევავსოთ პირველ მატჩამდე. ფაქტია, ”დაჩია” ძლიერი გუნდია. ჩვენ კარგად ვიცით მოლდოვის არაერთიგზის ჩემპიონის, ”შერიფის” ძალა, რომელმაც არაერთხელ ითამაშა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ”დაჩიამ” ”შერიფს” გაასწრო. ასე რომ, დასკვნების გამოტანა შესაძლებელია.
- ”ზესტაფონის” რიგებში პირველი მატჩები ჩაატარა ახალწვეულმა თემურ ღონღაძემ. გარდა ამისა, თქვენი მეცადინეობით არაერთი ახალგაზრდა დაწინაურდა პირველ გუნდში. როგორ შეეწყვნენ ისინი ”ზესტაფონს”?
- მათ გზას დავულოცავ და დიდ წარმატებას ვუსურვებ. ადაპტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობდა. ავსტრიული შეკრება ამიტომაც იყო სასარგებლო.
- ჩვენი ერთ-ერთი საუბრისას აღნიშნეთ, რომ მაინცდამაინც სასურველი არ იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნის ჩემპიონთან შეხვედრა. ახლა, როცა კენჭისყრის შემდეგ კარგა ხანი გავიდა, რას იტყვით, როგორი ვარიანტია ”დაჩია”?
- როგორი იყო კენჭისყრა, ეს უშუალოდ მატჩის მიმდინაეობისას გამოჩნდება. ერთ რამეს კი გეტყვით, ძალიან, ძალიან მინდა, რომ ”ზესტაფონმა” ეს ბარიერი გაიაროს. ამის გაკეთება ჩვენს ძალებს ნამდვილად არ აღემატება.
- ცხადია, გუნდის პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. თქვენ ამის გჯერათ. თუ დაიჯერეს ეს ბოლომდე ფეხბურთელებმა?
- ფეხბურთელებთან ამ თემაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. მათ ეს სავსებით შესაძლებლად მიაჩნიათ. ”ზესტაფონი” ყველა მატჩში ბოლომდე დაიხარჯება გამარჯვებისთვის და ეცდება, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი გაახაროს.
|