05.07.2011

 

 

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

წარმატებაც და წარუმატებლობაც ჩვენი დამსახურება იქნება

 

 

 

 

 

 

”ზესტაფონმა” სეზონისწინა მზადების პროგრამით უცხოური შეკრება დაასრულა. ქვეყნის ჩემპიონმა ავსტრიულ შეკრებაზე 4 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 1 მოიგო (კლუჟის ”უნივერსიტატიასთან” 3:2), 1 ფრედ ითამაშა (ლვოვის ”კარპატისთან” 0:0) და 2 წააგო (ბუქარესტის ”სტიაუასთან” 0:1, ”ბაზელთან” 0:4). ”მსოფლიო სპორტი” ზესტაფონელთა მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს ავსტრიიდან საქართველოში გამომგზავრების წინ დაუკავშირდა და განვლილი შეკრების შეფასება სთხოვა.

 


გია გეგუჩაძე:
შეკრებას მთლიანობაში დადებითად შევაფასებ. შესანიშნავ პირობებში ვემზადებოდით, საკმაოდ კარგი სპარინგები ვითამაშეთ, რომლებშიც თამაშიდან თამაშამდე ხარისხს ვაუმჯობესებდით.


- გასაგებია, რომ სპარინგებში შედეგზე აქცენტს არ აკეთებდით, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შეკრების მოგებით დასრულება გუნდისთვის სასარგებლო უნდა იყოს...
- ამ შემთხვევაში შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. წინა პლანზე გუნდის მზადების სხვა, უფრო გადამწყვეტ ასპექტებს ვაყენებდით. თუმცა, ყოველთვის უკეთესია, როცა შეკრებას დადებითი შედეგით ასრულებ.


- კი მართალია, დღევანდელი გადასახედიდან, საქართველოს ჩემპიონს შვეიცარიის ჩემპიონის აუცილებლად დამარცხებას ვერ დაავალდებულებ, მაგრამ ”ბაზელთან” 0:4 მაინც მოულოდნელ შედეგად გამოიყურება...
- ”ბაზელთან” თამაში ჩვენთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი დონის გუნდებთან ძალიან იშვიათად გვიწევს დაპირისპირება. მეორეც, იმ გარემოებამ, რომ შვეიცარიელებთან შეხვედრაში ჩვენი გუნდი არცთუ ცუდად გამოიყურებოდა, ცოტათი დამამშვიდა. თითქოს რთულია, 0:4-ზე თქვა, ცუდად არ გამოვიყურებოდითო, მაგრამ მომენტების შექმნის თვალსაზრისით უკმაყოფილო არ ვარ. ცალკე სალაპარაკო თემაა, ის მომენტები გოლად რომ ვერ აქციეს ფეხბურთელებმა. ვიცით, რომ ამ კუთხით გუნდს სამუშაო აქვს.
ისევ ”ბაზელთან” მარცხს მივუბრუნდები - მეტოქე”ზესტაფონს” ისე ნამდვილად არ სჯობდა, როგორც ეს შეიძლება ანგარიშიდან ჩანდეს. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ისეთ კონდიციებში არ ვართ, ამ დონის გუნდთან შეკრების რეჟიმში მყოფი, ნახევრად მომზადებული ფეხბურთელი გავიდეს, მომენტი შექმნას და გოლიც შეაგდოს. ასეთი რამ კარგ ფორმაში მყოფ გუნდს თუ მოეთხოვება.


- კონდიციები ახსენეთ და ტრავმირებულ ფეხბურთელებს ამ მხრივ ალბათ გარკვეული პრობლემები აქვთ...
- იცით, რომ ცოტა გვიან დავაწყებინეთ მზადება და ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდნენ გელაშვილი, ბენაშვილი და ელიავა. აქ მიიღო ტრავმა და ”ბაზელთან” სპარინგის გამოტოვება მოუწია დაუშვილს, გორგიაშვილი ”კარპატისთან” დაშავდა და ”ბაზელთან” და ”უნივერსიტატიასთან” შეხვედრები გამოტოვა. ფიფიასა და მენთეშაშვილზე მოგეხსენებათ, ისინი ავსტრიაში არ წამოვიყვანეთ.


- ამჟამად როგორია ტრავმირებულთა მდგომარეობა?
- მკურნალობენ. საქართველოში ჩასულები, ფიფიას უკვე დავაწყებინებთ მსუბუქ ვარჯიშს. რაც შეეხება მენთეშაშვილს, მას ვარჯიშის დასაწყებად, გარკვეული დრო ალბათ კიდევ დასჭირდება.


- ”ზესტაფონის” ძირითადი ბირთვის წევრმა კახა ალადაშვილმა გუნდი ცოტა ხნით დატოვა და უცხოურ შეკრებაზე არ წამოგყვათ. იგი ამჟამად ”ზესტაფონშია” და დუბლშემადგენლობასთან ერთად ემზადება. ბევრს მისი თქვენს გუნდთან დაკავშირებული მომავალი აინტერესებს.
- ჩავალთ ადგილზე, დავილაპარაკებთ კლუბის ხელმძღვანელობასთან და ვნახოთ, რას გადავწყვეტთ.


- თუკი რომელიმე ქართულ კლუბში პრეზიდენტი მწვრთნელის კომპეტენციაში არ ერევა, მათ შორის ”ზესტაფონიცაა”. ასე რომ, მაინც თქვენი გადასაწყვეტია ალადაშვილის მომავალი...
- გეთანხმებით, რომ ყველაფერი ასეა. ცოტა უნდა დავიცადოთ, ჩამოვალთ საქართველოში და რაც გუნდისთვის უკეთესი იქნება, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ.


- ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ”ზესტაფონისგან” სატრანსფერო აქტიურობას ელოდნენ. თქვენ კი, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაიმატეთ...
- დავიმატეთ ღონღაძე, გვყავს ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი. ჯერჯერობით, მეტი არაფერი იგეგმება. თუმცა ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს გამოსვლაზე.


- როგორც ვიცით, ჩემპიონთა ლიგაზე თქვენი მეტოქე კიშინიოვის ”დაჩია” დიდი ინფორმაციული ”გულღიობით” არ გამოირჩევა. ეს ”ზესტაფონს” ზედმეტ პრობლემებს ხომ არ უქმნის?
- თუ მეტოქე რამეს კანონიერად მალავს, მას ამის უფლება აქვს. ეს მათი საქმეა და როგორც ითანამშრომლებენ ჩვენთან მიმართებაში, ჩვენც ისევე მოვექცევით. სიმართლე გითხრათ, ”დაჩიაზე” გარკვეული ინფორმაცია გაგვაჩნია და მის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით.
თუმცა, ჩვენი მიდგომა მაინც სხვანაირია. ”ზესტაფონისთვის” მთავარია, მეტოქესთან პაექრობაში საკუთარი თამაში იპოვოს და რაც შეუძლია, იმის მაქსიმუმი აჩვენოს მაყურებელს. ჩემი აზრით, წარმატებაც და წარუმატებლობაც მთლიანობაში ჩვენი დამსახურება იქნება. ასე რომ, რა დაგვიმალა, ან გამოგვიჩინა ”დაჩიამ”, ეს სრულიად მეორეხარისხოვანია.


  ფრიდონ კერვალიშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005