2011 წლის 30 ივნისს ავსტრიაში მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი სპარინგი გამართა. ზესტაფონელთა მეტოქე გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე და შვეიცარიის მოქმედი ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ბაზელი” გახლდათ.
შეხვედრა პატარა ქალაქ კუფშტაინის სტადიონ ”Kufstein-Arena”-ზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 18:30 (თბილისის დროით - 20:30) საათზე დაიწყო. სპეციალურად მატჩზე დასასწრებად მიუნხენიდან კუფშტაინში გერმანიაში მცხოვრები ქართველი გულშემატკივრები ჩამოვიდნენ...
თავად მატჩის პირველი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა უკვე 9-ე წუთზე ანგარიში შვეიცარიელებმა გახსნეს - თავი ”ბაზელის” ჩრდილოკორეელმა ლეგიონერმა პაკ კვანგ რიონგმა გახსნა. ზესტაფონელები აქტიურად ეთამაშებოდნენ მეტოქეს და ზედიზედ სამჯერ შექმნეს რეალური საგოლე მომენტები ალპელთა კართან, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზაციის საქმეში იმერელთა გარჯა უკეთესის სურვილს ტოვებდა. შედეგად, პირველი ტაიმის მიწურულს ”ბაზელიმა” ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა - ამჯერად თავი შვეიცარიელთა მთავარმა ვარსკვლავმა ალექსანდრ ფრეიმ გამოიჩინა.
მეორე ნახევარში გია გეგუჩაძემ და ”ბაზელის” გერმანელმა დამრიგებელმა ტორსტენ ფინკმა თავიანთი გუნდების შემადგენლობებში მრავალი ცვლილება განახორციელეს. შეხვედრა ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა და ხიფათიც ორივე გუნდის კართან იქმნებოდა. თუმცა, გოლები ისევ მხოლოდ ალპელებს გაჰქონდათ - ალექსანდრ ფრეიმ და რომან ბიუსმა საკუთარი გუნდის უპირატესობა დიდამდე გაზარდეს - 4-0.
ავსტრიული შეკრების დასკვნით სპარინგ-მატჩს გუნდი 4 ივლისს რუმინეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენლის, კლუჟის ”უნივერსიტატიას” წინააღმდეგ გამართავს.