ეს გუნდი შარშანაც მომეწონა
“საინტერესო თამაში გამოვიდა ორივე გუნდის მხრიდან. ეგაა, ბოლო მონაკვეთი არ იყო სასურველი. არბიტრმა სადავეები გაუშვა ხელიდან. იყო წესის აშკარა დარღვევები, მისი სასტვენი კი დუმდა. ამიტომაც გამოდგა თამაშის ბოლო წუთები ასეთი ნერვული. მთლიანობაში, კმაყოფილი დავრჩი, თუმცა მინდოდა, საგოლე მომენტების გამოყენება მენახა”, – განაცხადა ლვოვის “კარპატის” ბელარუსმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა “ზესტაფონთან” 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ.
მწვრთნელს უშუალოდ “ზესტაფონზეც” ჰკითხეს:
“ეს გუნდი შარშანაც მომეწონა და აღვნიშნე კიდეც. “ზესტაფონი” ახლაც ძლიერი გუნდია, უფრო გამოცდილი და თავდაჯერებულია. ამიტომაც, “ზესტაფონზე” მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია”.
შეხვედრის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა მონაწილემ, ლვოველთა ნახევარმცველმა დენის კოჟანოვმა “ზესტაფონის” ფეხბურთელებს ტექნიკა შეუქო.
“ისინი საკმაოდ ტექნიკურები არიან. უყვართ ბურთის დაჭერა და იოლად ვერ წაართმევ. საერთოდ, “ზესტაფონმა” თითქმის იგივე ფეხბურთი ითამაშა, როგორიც შარშან (შეხსენებისთვის, ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ლვოველებმა ორივე მატჩი 1:0 მოუგეს ფეროელებს – რედ.). მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეც რამდენჯერმე შემეძლო გატანა. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში რომ ვყოფილიყავი, ერთს მაინც შევაგდებდი. ჩვენ ვიცნობდით “ზესტაფონის” სათამაშო სტილს და ვიცოდით, რომ თავისუფალ ზონებს დატოვებდნენ, საიდანაც შეტევები უნდა დაგვეწყო. ერთიც, ბოლო წუთებში ნერვული თამაში წავიდა, მაგრამ ეს “ცხელი სისხლის” გამო. საშიში არაფერი მომხდარა”.
მცველ ტარას პეტროვსკის “ზესტაფონთან” მატჩში ცხვირიდან სისხლი წასკდა და მინდვრის დატოვება მოუხდა.
“დიდად სერიოზული არაფერია. ზესტაფონელმა საჰაერო ბრძოლისას ხელი ჩამარტყა სახეში და ცხვირი დამიზიანა. ეს არაფერი, ცოცხალი ვარ”, - თქვა პეტროვსკიმ.
- მატჩის ბოლო წუთები ასეთი უხეში რატომ გამოვიდა?
- მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ ორივე გუნდს სურდა მოგება. ესაა მიზეზი. უბრალოდ, ბრძოლა დაიძაბა.
- ასეთ მეტოქესთან თამაში საინტერესოა?
- დიახ. “ზესტაფონი” შარშანაც კარგად გამოიყურებოდა და ახლაც დაამტკიცა თავისი ძალა. წარმატებას ვუსურვებ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.
|