გია გეგუჩაძე: “კარპატიმ” საგრძნობლად მოუმატა”
ავსტრიულ კუნდლში ლვოვის ”კარპატისთან” გამართული გუშინდელი ტესტ-მატჩის (0:0) შემდეგ, ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე უკრაინელთა გასახდელში შევიდა, მეტოქეს თამაშისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა. უკრაინული კლუბის ოფიციალურმა საიტმა ქართველ სპეციალისტთან ბლიც-ინტერვიუ გამოაქვეყნა.
გია გეგუჩაძე: ”პირველ რიგში, მინდა, ჩემი სიმპათია დაგიდასტუროთ. ერთი წლის წინ, ევროპის ლიგაზე ჩვენი პირველი შეხვედრისას, ”კარპატიმ” საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. დღესაც მეტად საინტერესო და სასარგებლო თამაშის მოწმენი გავხდით. არც ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, არც კოლეგა ოლეგ კონონოვისთვის, ამ მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა - ყურადღებას სულ სხვა ფაქტორებს ვაქცევდით. ამის მიუხედავადაც, ვფიქრობ, შედეგი კანონზომიერი გახლდათ. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მთავარია, ძალიან სასარგებლო სათამაშო პრაქტიკა მივიღეთ”.
- დღევანდელი ”კარპატი” შარშანდელთან შედარებით შეცვლილია?
- საერთოდ, ამხანაგურ მატჩებში ბოლომდე არ იგრძნობა მოწინააღმდეგის ძალა. მიუხედავად ამისა, შევატყვე, რომ შარშანდელთან შედარებით, ”კარპატის” საგრძნობლად აქვს მომატებული.
- მატჩამდე რამდენიმე საინტერესო დეტალი გავიგეთ - ”ზესტაფონის” ჩემპიონობის აღნიშვნის თაობაზე. ამბობენ, ქალაქში სრულად დაილია ღვინის სტრატეგიული მარაგი...
- სიმართლე გითხრათ, ერთ დღეს თუ არ ჩავთვლით, დასალევად ნამდვილად არ გვეცალა. ქალაქში კი, მართლაც დიდი ზეიმი იყო - ”ზესტაფონი” ხომ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, რამაც ხალხი ძალიან გაახარა. ახლა უკვე მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია - საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე წარმოვადგენთ.
|