2011 წლის 27 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ქართველთა მეტოქე, ძველი ნაცნობი და ”ზესტაფონის” ევროპის ლიგის შარშანდელი გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მძლეველი, ლვოვის საფეხბურთო კლუბი ”კარპატი” გახლდათ.
შეხვედრა პატარა დაბა კუნდლის სტადიონ ”XXWIN-Arena”-ზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 20:30 (თბილისის დროით - 22:30) საათზე დაიწყო. უკრაინელები, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის გათამაშებისათვის (ლვოველები ტურნირში მესამე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვებიან) და უკრაინის ახალი ჩემპიონატის სტარტისათვის ემზადებიან, ქართველებს ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი დაუპირისპირეს.
ზესტაფონელებს კი, ოთხი დღის წინ ბუქარესტის ”სტიაუსთან” გამართული მატჩის მსგავსად, ძირითადი შემადგენლობის 3 ფეხბურთელი (ნიკოლოზ გელაშვილი, ზაალ ელიავა და ალექს ბენაშვილი) ისევ აკლდათ. ამდენად იმერული გუნდის დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ მოედანზე ისევ ექსპერიმენტალური შემადგენლობა გაიყვანა. შეხვედრის საწყის წუთებში გარკვეულ უპირატესობას ლვოველები დაეუფლნენ და რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტიეს მარგველთა კარს, თუმცა მატჩის ამ მონაკვეთში როინ კვასხვაძე და იმერული გუნდის დაცვის ხაზი საიმედოდ გამოიყურებოდნენ. თანდათანობით ზესტაფონელებმა შეძლეს თამაშის დალაგება და ბურთის მეტოქის მოედანზე გადატანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ქართველებმა სლავთა კართან რამდენიმე სახიფათო ”აქცია” განახორციელეს და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ - რატი წინამძღვრიშვილის დარტყმული ”კარპატის” კარის ზედა ძელმა აისხლიტა.
მეორე ნახევარში გია გეგუჩაძემ და უკრაინელთა ბელორუსმა დამრიგებელმა ოლეგ კონონოვმა საკუთარი გუნდების რიგებში მრავალი ცვლილება განახორციელეს. შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა და გოლის გატანასთან ახლოს ორივე გუნდის ფეხბურთელები იყვნენ. მატჩის მიწურულს ზესტაფონელებმა შეარხიეს კიდეც იგორ ტლუმაკის კარის ბადე, თუმცა ჯაბა დვალის საგოლე შეხებამდე შეხვედრის ავსტრიელი არბიტრის მიდჰატ ტალეტოვიჩის ასისტენტმა ქართველ ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. კანონზომიერი ფრე - 0-0.
შემდეგ სპარინგ-მატჩს გუნდი 30 ივნისს შვეიცარიული ”ბაზელის” წინააღმდეგ ქალაქ კუფშტაინში გამართავს. შეხვედრა ადგილობრივი დროით 18:30 (თბილისის დროით - 20:30) საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ერთ-ერთი შვეიცარიული ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში აწარმოებს.