ქართულ-მოლდავური დუელის პირველ მატჩს ჰალის ეზკაჰია განსჯის
უეფას ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ზესტაფონში 13 ივლისს გასამართ ”ზესტაფონი”-”დაჩიას” წყვილის პირველ შეხვედრას თურქ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.
დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 13 ივლისს გასამართი ქართულ-მოლდავური დუელის პირველ მატჩს ჰალის ეზკაჰია განსჯის.
უნდა ითქვას, რომ ამ წყვილის ორივე კლუბის მსგავსად, 31 წლის თურქი რეფერიც უეფას ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი გახლავთ. თუმცა, მთავარი არბიტრის რანგში ჰალის ეზკაჰიას აქამდე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩებზე უმუშავია, ასევე შედიოდა უეფას ევროპის ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების მომსახურე არბიტრთა ბრიგადებში.