24.06.2011

 

 

 

 

გენადი ორბუ: “ზესტაფონს” ვაფასებთ, მაგრამ არ გვეშინია”

 

 

 

 

 

ორბუ “ზესტაფონს” არ უფრთხის

კიშინიოვის “დაჩიას” ერთ-ერთი ლიდერი გენადი ორბუ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ზესტაფონთან” შეხვედრამ არ გაახარა, მაგრამ თვლის, რომ ამ ეტაპზე მოლდოველებს არცთუ ყველაზე მრისხანე მეტოქე შეხვდათ.


“ვერ ვიტყვი, რომ გამეხარდა, მაგრამ სხვა მეტოქეების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება შეგვხვედროდნენ, “ზესტაფონი” ყველაზე მრისხანე არაა. სწორედ გამიგეთ, ქართულ გუნდს სუსტად არ ვთვლი, უბრალოდ, მეტოქე, შესაძლოა, უფრო ძლიერი ყოფილიყო. ამ სტადიაზეც კი, ნებისმიერი გუნდი სახიფათოა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ საკუთარი ქვეყნების საუკეთესო გუნდები თამაშობენ. ის ფაქტი, რომ “ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონი გახდა, უკვე ბევრს ნიშნავს. ჩვენ მეტოქეს ვაფასებთ, მაგრამ არ გვეშინია. გუნდის ყველა წევრი ჩემპიონთა ლიგის თამაშებს განსაკუთრებული განწყობით ხვდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ეტაპი გავიაროთ და ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირზე მოვხვდეთ” – განაცხადა ორბუმ “დაჩიას” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ორბუმ მომავალი ტურნირისთვის გუნდის სამზადისზეც ისაუბრა: “ცხადია, შვებულება ფეხბურთელებზე აისახა. თუმცა, თანდათან ფიზიკურ ფორმას ვიღდგენთ. იდეალური მდგომარეობისგან შორს ვართ, მაგრამ მის მისაღწევად თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ. ორი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ - “ზეტასთან” (2:2) და “სფინტულ გეორგესთან” (2:0). ეს ორი თამაში ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. “სფინტულ გეორგე” უფრო სუსტი იყო, ხოლო “ზეტასთან” საკმაოდ თანაბარი თამაში გამოგვივიდა”.


უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ზესტაფონი” პირველ შეხვედრას “დავით აბაშიძეზე” 12 ივლისს ჩაატარებს და თამაში 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი არბიტრი თურქი ჰალის ეზკახია. 31 წლის თურქს ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი აქვს. აქამდე ის მთავარ არბიტრად ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატებზე მუშაობდა. გარდა ამისა, მეოთხე მსაჯი იყო ევროპის ლიგისა და ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში.


 ლაშა თაბაგარი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005