22.06.2011

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა სპარინგ-მატჩების შესახებ

 

 

 

 

 

ავსტრიულ საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ტიროლში გასამართ პირველ საკონტროლო შეხვედრას რუმინული ფეხბურთის უტიტულოვანესი კლუბის - ბუქარესტის "სტიაუას" წინააღმდეგ ხვალ საღამოს გამართავს ...

 

ევროპის ჩემპიონთა თასისა და სუპერთასის 1986 წლის გამარჯვებულთან დაპირისპირება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით - 21:00 საათი) დაიწყება და გაიმართება ქალაქ ბიშოფსჰოფენში. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ნახვა გულშემატკივარს რუმინულ სპორტულ ტელეარხ ”Digi Sport 1”-ის მეშვეობით შეეძლება.

მეორე სპარინგ-მატჩს ზემოიმერლები კარგად ნაცნობ ლვოვის ”კარპატისთან” ჩაატარებენ. უეფას ევროპის ლიგის შარშანდელ გათამაშებაში ზესტაფონელთა მძლეველ უკრაინელებს მარგველები 27 ივნისს პატარა ქალაქ კუნდლში დაუპირისპირდებიან. შეხვედრაადგილობრივი დროით 20:30 საათზე (თბილისის დროით - 22:30 საათი) დაიწყება.

30 ივნისს კი საქართველოს ჩემპიონს ძალების მოსინჯვა შვეიცარიის ჩემპიონ ”ბაზელთან” მოუწევს. შეხვედრა ქალაქ კუფშტაინში გაიმართება და ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (თბილისის დროით - 20:30 საათი) დაიწყება. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ ერთ-ერთი შვეიცარიული ტელევიზია, რომლის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით, ამ შეხვედრის ტელეტრანსლირებას აპირებს.

წლევანდელ ავსტრიულ შეკრებაზე თავის დასკვნით შეხვედრას იმერლები 5 ივლისს გამართავენ. ამ სპარინგ-მატჩში ქართველთა მეტოქის ვინაობა უახლოესს დღეებში გაირკვევა.

დღეს დილით კი გუნდმა კირხდორფის საფეხბურთო ცენტრის მინდორზე ივარჯიშა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ დღევანდელი ვარჯიშის ამსახველი მცირე ვიდეომასალა.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005