22.06.2011

 

 

 

 

 

იმერლები ალპებში

 

 

 

 

 

2011 წლის 21 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, თბილისიდან მიუნხენამდე თითქმის 4 საათიანი ფრენისა და მიუნხენიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, დანიშნულების ადგილას, ტიროლის მხარის დაბა კირხდორფში ჩავიდა ...

 

ქალაქ სანქტ-იოჰანიდან ჩრდილოეთით 3 კილომეტრში მდებარე დაბა კირხდორფის სასტუმრო ”ზაივალდში” დაბინავებისა და რამდენიმესაათიანი დასვენების შემდეგ, გუნდი გაემგზავრა მახლობლად მდებარე კირხდორფის სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მინდორზე, სადაც იმერლებმა ალპური შეკრების პირველი ვარჯიში გამართეს. უნდა ითქვას, რომ მასპინძლები ძალიან გულთბილად შეეგებნენ სტუმართა ვარჯიშზე გამოჩენას.

ვარჯიში ძალიან საქმიან ატმოსფეროში წარიმართა, ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა უმრავლესობა ჯანმრთელადაა, თუმცა ნიკოლოზ გელაშვილს, ალექს ბენაშვილსა და ზაალ ელიავას ისევ ინდივიდუალური პროგრამით უწევთ მომზადება. ხვალიდან გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადადის.

პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზეგ, 23 ივნისს, ბიშოფსჰოფენში რუმინეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, ბუქარესტის "სტიაუას" წინააღმდეგ ადგილობრივი დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით - 21:00 საათი) გამართავს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005