20.06.2011

 

 

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

 

 

 

 

 

 

 

”ზესტაფონმა” სეზონისწინა მზადების პირველი ეტაპი დაასრულა და ავსტრიულ შეკრებაზე გასამგზავრებელ მზადებაში მყოფმა, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქის ვინაობაც შეიტყო. მოლდოვის ჩემპიონი კიშინიოვის ”დაჩია” ქართველთათვის უცხო არ გახლავთ. იგორ დობროვოლსკის გაწვრთნილ გუნდში დავით გამეზარდაშვილი და ლევან კორღალიძე თამაშობენ, ხოლო ორიოდე წლის წინ მისი საუკეთესო მეგოლე (40 მატჩში 20 გოლი) ზესტაფონელთა ახლანდელი ფორვარდი ჯაბა დვალი გახლდათ.
”მსოფლიო სპორტი” წინასასეზონო მზადებისა და ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში მეტოქის შესაფასებლად, ”ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა.

 


- პირველი მეტოქე ცნობილია. მის შესაძლებლობებს თუ იცნობთ?
- კონკრეტულად ”დაჩიას” არ ვიცნობ. მინახავს ”შერიფის” თამაშები, ხოლო ჩვენმა მეტოქემ ჩემპიონატში ”შერიფს” აჯობა, ე.ი. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს.


- იმდენად ძლიერი, რომ საქართველოს ჩემპიონმა გზიდან ვერ ჩამოიცილოს?
- ბუნებრივია, არ შევუშინდებით მეტოქეს და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.


- ლევან კორღალიძე 2009-2010 წლების სეზონში ”ზესტაფონში” თამაშობდა და ძირითად შემადგენლობაში არცთუ ხშირად ხვდებოდა, ”დაჩიაში” თამაშისას კი, უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა მოლდოვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა...
- სულ სხვაგვარად ვუყურებ ამ საკითხს. ლევან კორღალიძე არის ძალიან კარგი ფეხბურთელი. მას ჩვენთან ძირითადშიც უთამაშია, შეცვლაზეც შესულა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი ჩვენს გუნდში. სწორედ იმიტომ, რომ ”დაჩიაში” ლევან კორღალიძე თამაშობს, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს.


- სეზონისწინა შეკრების პირველი ეტაპი შეაფასეთ...
- რაც შეეხება გუნდის ძირითად ბირთვს, ყველაფერი რიგზეა. ზოგადად კი სამწუხაროა, რომ ტრავმები მრავლად გვაქვს. იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ჩვენი გათვლებით სათამაშოდ მზად უკვე უნდა ყოფილიყვნენ, ვერაფრით გამოჯანმრთელდნენ. ესენი არიან მენთეშაშვილი, ფიფია, გელაშვილი. დანარჩენებს ღვთის ნებით პრობლემა არ აქვთ და ძველებურად ჯანზე არიან.


- კონტინგენტსაც თუ გადავავლებთ თვალს, ”ზესტაფონის” ძირითად შემადგენლობას ფეხბურთელები უფრო დააკლდა, ვიდრე შეემატა. დიდი დანაკლისია კახა ალადაშვილი, რომელმაც კარიერის უკრაინაში გაგრძელება ამჯობინა.
- ამ საკითხზე პასუხის გაცემა ჩემთვის იოლი არაა. ალადაშვილი ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალა იყო და მასზე დიდ იმედებს ვამყარებდით. ფეხბურთელმა თავის კარიერაში სულ სხვა გზა აირჩია და მის არჩევანს პატივი ვეცით.


- მისი შემცვლელის მოძებნა საკმაოდ მოკლე დროში გიწევთ...
- მოდი, ამ საკითხს ვიწრო ჭრილით ნუ შევხედავთ. ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ და სხვა კარგი ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც ძირითადში თამაში შეუძლიათ. ყველანაირად ვეცდებით, რომ იყოს შედეგი იმ ფეხბურთელებით, ვინც ამჟამადაა ჩვენს განკარგულებაში.


- თემურ ღონღაძე იმაზე ადრე დაიმატეთ, ვიდრე ალადაშვილი წასვლას გადაწყვეტდა. რომ იტყვიან, შენაძენმა გაამართლა...
- ვფიქრობ, ღონღაძე გუნდისთვის სერიოზული შენაძენია. კონკრეტულად ვინ ჩაანაცვლებს ალადაშვილს, ამის თქმას ახლა ნუ მომთხოვთ. ჩვენთან მარჯვენა მცველის ადგილზე თამაში შეუძლიათ ბენაშვილს და კობახიძეს. ასე რომ, ითამაშებს ის, ვინც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში იქნება.


- ავსტრიულ შეკრებაზე გვიან ღამით მიემგზავრებით. მოსალოდნელია თუ არა იქ გუნდის საჩემპიონთალიგოდ გაძლიერება?
- ვნახოთ. ერთ რამეზეა საუბარი - ჩვენ საკმაოდ მალე გვიწევს ევროტურნირზე თამაში და ამდენად, გასინჯვაზე ფეხბურთელის ნახვის საშუალება არ გვექნება. თუ ვინმე ისეთი ძლიერი ფეხბურთელი გამოჩნდება, რომელსაც ვიცნობთ და მისი შესაძლებლობები ვიცით, მის დამატებაზე აუცილებლად დავფიქრდებით.


- იყო საუბარი”ზესტაფონში” მალხაზ ასათიანის გამოჩენაზეც...
- ამ საკითხზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან მე პირადად ჟურნალისტებისგან გავიგე ეს ამბავი. მალხაზ ასათიანის დონის ფეხბურთელს ”ზესტაფონი” დიდი სიამოვნებით დაიმატებს, მაგრამ ამაზე ჩემთან საუბარი არ ყოფილა.


- თუ არის ცნობილი, ვის შეხვდება ავსტრიაში ”ზესტაფონი” სპარინგ-მატჩებში?
- შეკრებაზე სულ 4 ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. ერთადერთი, რისი თქმაც გადაჭრით შემიძლია, ისაა, რომ პირველი მეტოქე 23 ივნისს ბუქარესტის ”სტიაუა” იქნება.


  ფრიდონ კერვალიშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005