2006 წლის 2 დეკემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XVII-ე გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მეექვსე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა ანგარიშით 3-0 დაამარცხა თბილისის ”სპარტაკი” მატჩში, რომელიც უნდა გამართულიყო თბილისში, თუმცა ,მხარეთა შეთანხმებით, გაიმართა ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან არენაზე.
ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა შეძლეს 2006 საფეხბურთო წლის მაჟორულ ნოტაზე დასრულება. გოლები პირობითი მასპინძლების კარში გაიტანეს: გიორგი განუგრავამ (15 წუთი), ჟილვან ვიეირამ (54 წუთი) და გოგი ფიფიამ (58 წუთი). ამ გამარჯვებით საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”- მა გაინაღდა საქართველოს ეროვნული თასის XVII-ე გათამაშების ”ა” ჯგუფში პირველი ადგილი, იმის მიუხედავად, რომ 5 დეკემბერს თბილისის ”ამერ”-მა დაამარცხა თელავის ”კახეთი” ანგარიშით 2-0. ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართება 8 დეკემბერს.